გოდერძი ჩოხელი, ადამაინთა სევდა (ნაწილი XII) / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.

in #writing8 years ago (edited)

ადამაინთა სევდა (ნაწილი XII)

სული
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი და სახელი.
_ მარტია ბუბუნაური.
_ როგორია სული?
_ სული ნამგალსა ჰგავს, ჩაჟანგება იცის ადვილად. სულს ეკიდება შენი წარსული. ხანდახან სულიც ისე უნდა გააფხავო, როგორც მახვილს აფხავებენ ქასურით. თორემ ხორცმა ხანდახან ჟანგივით იცის, მოეკიდება და ჩააჩლუნგებს სულსა. ესე ყოფილა, კაცი რომ ხანში მიდის, იმისი ჯანი და ასოობა მიწისკენ იწევს, მიწა ეძახის, ე მაშინ ტკბება სული.
პირველი წყენა
(მემატიანის რვეულიდან)
დეკანოზი ძალიან ნაწყენი დარჩა, რომ ბურსაჭილში კაკლის ხეები არა დგას. მეგობრული სიტყვა კი მაინც კი უთხრა გამოთხოვებისას.
ჩევნ ახლა სალაღოსაკენ მივდივართ. ამ სოფელზე რაღაც ცუდი ხმები მოდის და სიფრთხილეა საჭირო. სოფელში უმრავლესობა გიჟი ყოფილა და შეიძლება არც კი შევიდეთ.
მთავარსარდალმა მაინც შემოარტყა ალყა სალაღოს. იმათ ყურადღება არ მოგვაქციეს.
_ გიჟებთან კულტურა არის საჭირო, _ თქვა მთავარსარდალმა და სოფელში შევედით.
სოფლის შუაგულში გიჟებს კაცი გაუკრავთ ხეზე და დანებს ჩხვლეტენ. ის კაცი ჩალილავებულია, მაგრამ მაინც არა კვდება. ერთი კაცი ეხვეწება გიჟებს, დაანებეთ თავიო. ისენი კი თავისას არ იშლიან.
_ აჭექეთ თოფები! _ ბრძანა მთავარსარდალმა.
დაიგრიალეს თოფებმა და ამ ხმაზე ერთ ადგილზე გაიყინნენ გიჟები.
_ რატო აწვალებთ მაგ კაცს? _ იკითხა სარდალმა.
_ არ ამბობს და იმიტომ.
_ რა უნდა თქვას?
_ რაც საიქიოს ნახა.
უცნაური ამბავი
(პატარა მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
ერთი წლის წინ, ბაგილა ალდიაურმა გამოიღვიძა და, რო ადგა, იმისი სული ლანდის სახით სხეულიდან გამოვიდა. სულმა სხეული გამოიტანა და გაიხედ-გამოიხედა. სალაღოელები ის ის იყო დგებოდნენ და სამუშაოდ ემზადებოდნენ.
_ ეი, მოდით აქ! _ დაუძახა ლანდმა ხალხს.
ისინი ბაგილაის კარზე შეიკრიბნენ და ლანდი და სხეული ცალ ცალკე რომ დაინახეს, ადგილზე აკანკალდნენ.
აემ ჩემს სხეულს ხომ ხედავთ, ამას შავიტან სახლში; ზემოთავში მივაყუდებ და მე საიქიოს წავალ. მანამ მოვბრუნდები, ამას ხელი არავინ ახლოთ, მიწაში არ დამარხოთ, თორემ ვაი თქვენი ბრალი.
სხეული იღლიაში ამოიჩურთა ლანდმა და სახლში კარის ზემოთ კუთხეში მიაყუდა. გამოვიდა და წავიდა..
იმ დღეს თორმეტი კაცი გაგიჟდა სალაღოს. ერთი წლის მერე სული ისევ მობრუნდა, ისევ ლანდივით მოდიოდა, შევიდა სახლში, გამოიტანა თავისი სხეული, სულ ჩაკირკილაულ ჩაჭიავებული, მზეზე გაბერტყა და ჩაძვრა შიგ. უცებ გაცოცხლდა სხეული და ისევ კაცად მაიქცა. იმ დღეს ნახევარზე მეტი სოფელი გაგიჟდა. გააკრეს ბაგილაი ხეზე და დააქვთ, ხან აწვალებენ, _ გვითხარ იქ რა იყო, ან რატომ არ ჰკვდებიო. არ ამბობს, ერთი პატარა გველი ჰყავს სხეულში. დადის, დადის, ის გველი და ულოკავს ჭრილობებს. არაფრით არ ჰკლავს ბაგილას, ლოკავს და ლოკავს. ეს გველი საიქიოს მიეცათ და ეთქვათ: წაიყვანე, სხეულში ჩაისვი და რაც არ უნდა მოგივიდეს, ეგ არ მოგკლავს, მაინც მოგარჩენსო. თუ ადამიანად ყოფნა შეგწყინდეს და აქ გამოგიწიოს გულმა გველს კუდი მოაწყვიტე, ამასაც ძალა დაეკარგება და შენც მოჰკვდები და ისევ აქ მოხვალო.
სცემენ გიჟები, ხანჯლებსა სჩხვლეტენ, მაინც არ აწყვეტს ბაგილაი იმ გველს კუდს. არ უნდა იქ წასვლა.
ვერაფრით ვერ დაიჭირეს ის გველი გიჟებმა. მარტო ბაგილაის შეუძლია იმის დაჭერა.
აწვალებენ და ის ხმას არ იღებს.
არიან ასე.
თავის არიდება
(მემატიანის რვეულიდან)
გიჟებს ვერაფერი გავუგეთ. არც ფილოსოფია აქვთ საჩვენოდ, არც კაკლის ხეები უდგათ. ვამჯობინეთ თავი ავარიდოთ.
გეზი ათხონისკენ ავიღეთ და მაღალ ბანებზე ჩქარა დროშაც ავაფრიალეთ მზის სხივებში. იმათ უსიტყვო მორჩილება გამოაცხადეს. სულ დედაკაცებია, ერთი კაცია მარტო. ამ კაცის დაკითხვა დავიწყეთ პირველ რიგში.
მარჯვენა
(მწერლის რვეულიდან)
ბოსლელმა ღენჯამ ქორწილში ათხონელი გორიაი წაიყვანა მეჯვარედ. ქალი ყვირილაანთიდან მოიყვანეს. ღენჯაი ქისტებში იყო მეცხვარედ მორიგებული და ერთი თვის მერე იქ წავიდა. დედაკაცი ბოსელს დატოვა.
ბოსლიდან ათხონისაკენ გზა გადადის ტყეზე. შემოდგომა არის. ღენჯაის ცოლს შეშის წიწკორეები მოუგროვებია და ტვირთს იმზადებს.
გამაიარა გზაზე ათხონელმა გორიამ, დაიიღლიავა ნათლიდედა და მოაფარა ტყეში.
გამაიარა კაცმა და შეხედა საბელაყრილ შეშის ტვირთს. იმ კაცმა თავის გზით ჩაიარა. რამდენიმე ხნის მერე ღენჯაის ცოლმაც იმ გზით ჩაიარა, ტვითრმოკიდებულმა.
ხუთი წლის მერე ცოლიც ქისტებში წაიყვანა ღენჯამ. იქაც სულ ისე იყო, იშვიათად მიდიოდა სახლში.
_ დასდგოდე სახლში, იქაც სუ შეწუხებულიღა ვიყავდი და აქაც ეგე ხო არ..
_ რა? _ იკითხა ღენჯამ, _ ვინ გაწუხებდა?
_ არა, არავინ მაგრამ.
_ წამომყევი მთაზე და ე ბალღიც წამაიყვანე, _ თქვა ღენჯამ.
ქალი და ბალღი გაჰყვნენ.
მთაზე რომ ავიდნენ, წამააქცია ცოლი და დააბჯინა ხანჯალი.
_ იტყვი თუ არა, ვისია ეს ბალღი.
ცოლს რა მეტი გზა ჰქონდა, უამბო ყველაფერი.
_ რო არა მგავდა, მაშინვე მივხვდი, ჩემი არ იყო, _ თქვა ღენჯამ და..
ქალს კალთაში ჩაედო ბალღის თავი და ქვითინით მიდიოდა თავქვე.
ღენჯაი ათხონს მივიდა და გორიაი იკითხა.
_ ზემოთ არის, მთაზე, ცხვარში. _ უთხრა გორიაის ცოლმა.
_ ხო კარგად ხართ? _ ჰკითხა ღენჯამ.
_ კარგად, ღმერთმა შენც კარგა გამყოფოს, შამო სახლში, როგორ დაგვივიწყე.
_ ავალ, გორიას ვნახავ ბარემ და ერთად ჩამოვალთ, _ თქვა ღენჯამ და ზემოთ წავიდა.
გორიაი არყებთან იჯდა. ღენჯამა და იმან დიდი ამბით მოიკითხეს ერთმანეთი. ღენჯას პატარა ცული ეჭირა.
_ ე ცული რადღა გინდა? _ გაუკვირდა გორიას.
_ ამ ზამთარს აქვე ვაპირებთ გადმოსვლას და საცოცხე მინდა მოვჭრა, _ უთხრა ღენჯამ.
გაერთვნენ ლაპარაკში.
_ აბა, კარგად იყავ, _ თქვა ღენჯამ და ხელი ჩამოართვა. ცული მარცხენაში ეჭირა. რომ ჩამოართვა ხელი, აღარ გაუშვა, იქვე მდგარ არყზე დაადებინა, დაუქნია ცული და გადააჭრა მტევანი.
_ კარგად იყავ, _ მიუგდო ღენჯამ, წაქცეულ გორიას შარვალი ჩახადა და წავიდა.
საღამოთი გამოჩნდა გორიაი სოფელში, შარვალჩახდილი, მარცხენა ხელში მარჯვენა ხელის მტევანი ეჭირა, როგორღაც მოეხერხებინა და გადაჭრილ მკლავზე ხალათი დაეხვია.
ახლაც შენახული აქვს თავისი მარჯვენა. ხანდახან გამოამზევებს ხოლმე, სკივრში აქვს შენახული.
დარდი №1683
_ აფციაური გორია.
_ რა გადარდებს?
_ ქალები მწუნობენ, ცალხელა რომ ვარ.
გორია
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ რა უფრო გიყვარს?
_ ჰე ჰეე ჰე, ქალი, როგორ რა მიყვარს!
_ სიცოცხლე გიყვარს?
_ მენა?
_ ჰო.
_ ბარემ მიყორს, თუ ღმერთმა მაცოცხლა.
_ ღმერთი არის კაცის სულისჩამდგმელი, მაგრამ კაი კაციც ღმერთთანა დგას.
_ სიცოცხლე რა არი?
_ სიცოცხლე ღმერთია, ღმერთისია ერთიც და მეორეც.
_ ცალ ცალკე ღმერთებია სიცოცხლე და სიკვდილი და ერთად ღმერთისებია.
_ დედამიწა რას უჭერია?
_ ამეს უჭერია.
_ რა ამესა?
_ სიყვარულსა.
_ რო გითხრან, მთორეზე წამოდიო, წახვიდოდი?
_ თუ კაი ქალს წამომაყოლებდნენ, ბარემ კი წავიდოდი.
_ რაღა დროს შენი ქალებია. დაბერდი, შენი დედაკაცი წაიყვანე.
_ ამისაგან აქა მაქვს გული მოკლული და იქ რა შავ ქვად მინდა.
_ კაი სიზმარი არცა გინახავს?
_ მინახია, მაგრამ ეშმაკთათვინა. ზოგჯერ ისეთ ქალებს ვეხვეოდიკე, გავიღვიძებდი და სადღაა ქალები.
_ რა ქვეყანა არის სიზმარი?
_ მე ვერ გეტყვი, მაგრამ, აი, ძოლები რომ მიწაში ყრია, სული მაინც არის, თურმე. მე მგონი, სული და სიზმარი ერთი ქვეყნისანი არიან.
_ შენ ხომ წახოლ იმ ქვეყანაში?
_ მეც წავალ და ყველაი წავა.
_ ჰოდა, იქიდან რომ გამოგგზავნონ დიდი ხნის მერე აქეთ, წამოხვიდოდი?
_ წამოვიდოდი, რატომაც არა.
_ აქ რო აღარავინ გეცნობოდა?
_ ეე, შე კაი კაცო, გაცნობას რა დიდი ამბავი უნდა, ერთ ორ საათში ქალს რასმე გავიცნობდი და..
_ მაიცა კაცო, მე ფილოსოფიურ შეკითხვებს გაძლევ და შენ ისევ ქალებს გაიძახი.
_ შე კაი კაცო, შენა, ქალებზე მეტი ფილოსოფია რაღა გინდა!
_ ქალების გარდა, სხვას რას ინატრებდი?
_ მე მინახია, როგორც ჰყვაოდნენ იები მიწიდან ამოჩრილ კაცის ძვლებში. სიცოცხლეში რომ ეკითხათ ამ ძვლების პატრონისათვის, რას ინტრებდიო, ალბათ ვერც ინატრებდა ასეთ რამეს. მე კი ვინატრებდი.

გაგრძელება

Coin Marketplace

STEEM 0.05
TRX 0.33
JST 0.082
BTC 62530.03
ETH 1633.28
USDT 1.00
SBD 0.44