გოდერძი ჩოხელი, ადამაინთა სევდა (ნაწილი XIII) / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.

in #writing8 years ago (edited)

ადამაინთა სევდა (ნაწილი XIII)

ტრიუმფული ლაშქრობა
(მემატიანის რვეულიდან)
შუადღეა. დეკანოზმა ათხონელთა კაკლის ხეების დათვალიერება მოათავა და ამის შემდეგ გრძელი სიტყვა წარმოთქვა.
მთავარსარდალმა ჯარი მოაწყო.
დღეს დიდი ზეიმი გველის. გუდამაყრის ხეობა მთლიანად ჩვენს ხელშია თავის კაკლებიან ქალებიანად. დაგვრჩა მხოლოდ ერთი სოფელი _ დიდებანი. ეგ სოფელია, პირველად რომ გაგვიურჩდა, ამიტომაც შემოვინახეთ ბოლოსათვის, ეს მანევრია, ძალზე ჭკვიანური მანევრი. ახლა, როცა ყველა სოფელმა სათემო ხატზე და
ერთგულებაზე დაგვიფიცა, დიდებათ აღარაფერი დარჩენიათ. გარდა იმისა, რომ მორჩილად შემოგვეგებნენ.. ვინ იცის, ფიქრობდნენ, რომ პირველად მათ შევესეოდით. შეცდნენ, მწარედ შეცდნენ და ლოდინმა ალბათ მორალურადაც გატეხა.
ჩვენი ლაშქარი დიდებათკე გზას ადგას. მზვერავები წასვლას აპირებენ, მაგრამ მთავარსარდალმა გადაიფიქრა.
_ მზვერავებო, თქვენი წასვლა იქ საჭირო აღარ არის, წადით ჩვენს სოფელში და ამცნეთ, რომ დღეს ტრიუმფით შევალთ დიდებათას და ამავე საღამოს ქეთინოს ჩოხში მოვიყვანთ. უთხარით, ქორწილისთვის გაემზადნენ. გული მიგრძნობს, რომ გზაშივე მოგვეგებებიან დიდებანი და ქალს გვაახლებენ. ერთ ერთი თქვენთაგანი საზღვაო ნაწილში წადით და მოახსენეთ, რომ თევზსაცავიდან ქორწილისთვის თევზი გამოგზავნონ, გადაეცით, კალმახები აირჩიონ. ჰო, მართლა, ჩვენი ტყვე თან წაიყვანეთ და კარგად აჭამეთ. რას ვიზამთ, ჩვენი მტერია, მაგრამ ჩვენ ხომ გამარჯვებულები ვართ.
_ შეთე! ყოჩაღ ბიჭო! ამაღამ ქეთინოს გვერდზე მოგისვამთ.
_ აბა! მარჯვნისა კენ! _ შესძახა ჯარს.
_ სწრაფი სვლა! _ ბრძანა მერე და ჩვენ ზარების რეკვითა და სიმღერით დავიძარით დიდებათაკე. ჩვენ ჩვენი საკუთარი საბრძოლო სიმღერა გვაქვს, ჩვენივე მწერლისაგან დაწერილი. ეს სიმღერა ასეთია:
რაც არი ჩვენია
ამერ იმერი
ი იიიიიი!
_ იიი _ ბოლოში დიდხანს უნდა გაგრძელდეს.
შუადღის მზე მოწმენდილ ცაზე კაშკაშებს. ჩვენ სიმღერას არ ვწყვეტთ. მეზარე ზარებსა რეკავს. სულ ოთხი კილომეტრიღა გვაშორებს მიზანს.
ოო, რა დიდებულია ეს წუთი! აგერ, გამოჩნდა დიდებანი.
_ მივუმატოთ სიმღერას. ფეხშეწყობილად შევიდეთ სოფელში! _ ბრძანა მთავარსარდალმა.
აგუგუნდა ლაშქარი. შეთე გაბადრულია.
_ საღამოზე ცოლი მეყოლება! _ ამბობს ის.
ზარები რეკენ. ჩვენ წინ მივიწევთ.
აგერ, გამოჩნდნენ კიდეც. გამართლდა მთავარსარდლის წინათგრძნობა. სოფლიდან ხალხი გამოვიდა, ეტყობა, ჩვენს შესახვედრად მოდიან, თან რაღაცა მოაქვთ მძიმედ, ალბათ ძღვენია.
_ ხმას აუწიეთ! _ კვლავ ბრძანა მთავარსარდალმა.
სიმღერით მივდივართ ხალხისკენ.
ისინი შედგნენ.
_ რა ხდება? ტირიან? ხმით ტირიან?
_ ეს სიხარულის ტირილია, უხარიათ, რომ ასეთ სახელოვან ხალხს ისევ მორჩილებაზე დაგვიფიცავენ. ან, შეიძლება, სინდისი ქენჯნით და იმიტომ ტირიან, _ აგვიხსნა დეკანოზმა.
_ სიმღერა! _ იძახის ვაჟი გოგი.
ჩვენი სიმღერა იმათ ტირილს ახშობს.
ოო, რა დიდებული წუთია, ერთნი ტირიან, მორენი მღერიან და სადაცაა სიმღერა ჩაახშობს ტირილს.
სულ სამი ნაბიჯიღა და..
რა ხდება?
_ შესდექით! _ გვიბრძანა მთავარსარდალმა.
კუბო? აი, თურმე რატომ ტიროდნენ.
ქეთინო
(ნამდვილი ამბავი მწერლის რვეულიდან)
ქეთინო და მიხო მეექვსე კლასამდე ერთად სწავლობდნენ. მერე მიხომ სწავლა ფასანაურში გააგრძელა. კიტოხში, სადაც ისინი სწავლობდნენ, ექვს კლასზე მეტი აღარ იყო და მშობლებმა ქეთინოს სწავლას თავი გაანებებინეს.
იმათი სოფლები გვერდი-გვერდ არის. მიხო კიტოხელია, ქეთინო _ დიდებანთი.
ბალღობიდანვე სულ ერთად იყვნენ და თითქმის ვეღარც კი ძლებდნენ უერთმანეთოდ. მიხო რომ სასწავლებლად წავიდა, ყოველ მეორე მესამე დღეზე გუდამაყარში მორბოდა ქეთინოს სანახავად.
_ მერე?
_ მერე, ნათქვამია, როგორც თოლშორა _ ისე გულშორაო. მიხოს რაღაც გულცივობა დაემართა, იშვიათადღა მოდიოდა. ბოლოს უმაღლესშიც ჩააბარა და ერთი წელი აღარ გამოჩენილა.
ქეთინოს კი ადრინდელზე უფრო ძლიერად შეუყვარდა მიხო და ერთ დღეს ქალაქში წავიდა მის სანახავად.
_ მისამართი იცოდა?
_ არა, ისე წავიდა, იქნებ შევხვდეო. ქუჩაში მართლა შეხვდა. მიხო დაიბნა, მიხვდა, მასაც უყვარდა და რატომღაც მაინც გულცივობა გამოიჩინა.
_ წამო, კინოში წავიდეთ, _ უთხრა ქეთინომ.
წავიდნენ. რიგში ჩადგნენ. მიხომ ჯიბეები მოიქექა ჩუმად და მარტო ორი ბილეთის ფული აღმოაჩინა «კიდევ კარგი, არ შევრცხვი», _ გაიფიქრა გულში. ქეთინომ შეამჩნია, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, ვითომ ვერაფერს მიხვდა.
_ მიხო, ბილეთებს იღებ? _ უკანიდან დაუძახეს ვიღაც გოგოებმა, _ აგვიღე რა, სამი ბილეთი.
მიხო შეიშმუშნა.
ქეთინომ, იმ გოგოებს რომ არ დაენახათ, ისე ჩაუდო ხელში მიხოს ხუთმანეთიანი.
სეანსი რომ დამთავრდა, ხმა არ ამოუღია მიხოს. ავტოსადგურამდე ისე გააცილა ქეთინო, ერთი სიტყვა არ უთქვამს. მერე უცებ აფეთქდა და თითქოს იყვირა:
_ რას დამდევ? რატომ ჩამოხვედი?
ქეთინო გაშრა.
მერე ატობუსმა გუდამაყრისკენ წამოიყვანა ქეთინო.
ათი დღის შემდეგ წერილი მიიღო. ხელნაწერზე იცნო, რომ მიხო უგზავნიდა, აკანკალებულმა გახსნა და ხუთმანეთიანი შერჩა ხელში.
გვიან ღამით, მშობლებმა რომ დაიძინეს, თავხეზე თოკი ჩამოაბა..
ქეთინოს საფლავი საერთო საფლავებთან არ ამოათხრევინა სოფელმა, თავითსმკვლელიაო.
ჩვენი ტრიუმფული ლაშქრობა იმის საფლავთან შეწყდა.
რომ ვმარხავდით, სწორედ იმ დროს მოვარდა გალილეი და შორიდანვე დაგვიყვირა:
_ სადა ხართ აქამდე, საქორწილო სუფრა მზად არის უკვე! _ ახლოს რომ მოვიდა და ჩვენს გამტკნარებულ სახეებს შეხედა, იკითხა:
_ სად არის ქეთინო?
_ ის არის, მიწას რომ აყრიან, _ აჩვენა შეთემ.
_ რას შვრებით, თქვენი დედა ვატირე, ვის აყრით მიწას! _ დაიღრიალა გალილეიმ და გვეცა, რაც კი ხელში მოხვდა, არ გვარიდებდა.
მერე რამდენიმე კაცმა ძალით წაათრია იქიდან.
_ წაგასლეკთ თავებს! _ გვიყვიროდა გზიდან.
ქეთინოს საფლავი შავ წერტილად დააჩნდა თოვლით გადათეთრებულ გუდამაყარს.
ჩვენ უხოდ შემოვბრუნდით და ასევე მდუმარედ მივედით ჩოხში.
ტყვე იმავე საღამოს გავათავისუფლეთ. მთავარსარდალმა მზვერავები გაგზავნა საზღვაო ნაწილის მოსახსნელად.
იმის მერე აღარც გაზაფხულს დაუგვიანია დიდხანს. საზამთროდ წასულმა მეცხვარეებმა ცხვრის ფარები მორეკეს და ახმიანდა გუდამაყრის ხეობა. ბარში ჩასახლებული ხალხიც საზაფხულოდ მობრუნდა უკან.

გაგრძელება

^ * ^ * ^ * ^

Coin Marketplace

STEEM 0.04
TRX 0.33
JST 0.077
BTC 62042.63
ETH 1628.63
USDT 1.00
SBD 0.41