გოდერძი ჩოხელი, ადამაინთა სევდა (ნაწილი VIII) / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.
ადამაინთა სევდა (ნაწილი VIII)
დეკანოზის სიტყვა
(მემატიანის რვეულიდან)
მზე ჩასასვლელად გადაიხარა და ცუცქუნაურთიდან კოტორიანთ მიმართულებით დავიძარით. ჯერჯერობით ყველა მოლაშქრე ადგილზეა. საზღვაო ნაწილიდანაც კარგი ამბები ისმის. ჰაერიდან არაფრის გვეშინია, ჩვენმა მთავარსარდალმა ჰაერში ბრძოლა და იქაური ამბები ზეპირად იცის. კოტორიანთამდე ორი ვერსია. ვჩქარობთ, მაგრამ ეს რა ხდება? დეკანოზმა ჯარი შეაჩერებინა მთავარსარდალს.
_ რა მოხდა?
_ სიტყვა დამავიწყდა, _ თქვა დეკანოზმა, _ მოაბრუნეთ ჯარი!
_ გვაგვიანდება, დაღამებამდე როგორმე კოტორიანთი უნდა ავიღოთ.
_ არ შეიძლება, მოკლედ მოვუჭრი და წამოვალთ, _ გაჯიუტდა დეკანოზი.
ვაჟი გოგიმ მზვერავები გაგზავნა კოტორიანთას და ჯარი ისევ ცუცქუნაურისაკენ შემოაბრუნა.
ცუცქუნაურთ დედაკაცები ისევ სამალავში შეიმალნენ.
_ გამოვრეკო? _ ჰკითხა დეკანოზს სარდალმა.
_ არა, ნუ შეწუხდები, იქაც გაიგონებენ.
_ ჩვენი ხმა გესმით? _ შესძახა ვაჟი გოგიმ დედაკაცებს.
_ გვესმის! გვესმის! _ გამოსძახეს იმათ.
_ აბა, სიწყნარე იყოს!
დეკანოზმა სიტყვა თქვა:
«ქალებო და დედაკაცებო! ცუცქუნაურებო! არ იფიქროთ, რომ თავს დაგესხით, ეს ისე, მეგობრობა გვწადია თქვენთან. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. იმას რა სჯობია,
მთელი გუდამაყრის ხეობა ერთად რომ ვიყვეთ. ავაშენოთ ერი დიდი სახლი და ვიცხოვროთ შიგ. პროექტი უკვე შედგენილი გვაქვს. რო იოდეთ, როგორი სასადილო გვექნება, დღესვე დაჭრიდით ამ თქვენ თხილ კაკლებს. მასალა არის აშენბისთვის საჭირო, მასალა! თქვენიც არის ის სახლი, განა მარტო ჩვენია. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ჰოდა, უნდა დაგვიჯეროთ კიდეც, ქალი უნდა მოგვცეთ და კაკალიც, სხვანაირად გარეშე მტერს ვერ გავუმკლავდებით. დაგვიჯერებთ?
_ დაგიჯერებთ! დაგიჯერებთ! _ გამოსძახეს დედაკაცებმა.
_ უჩვენოდ არაფერი გადასწყვიტოთ მანდ!
_ არა, არა!
_ აბა, მეგობრებო, ნახვამდის! სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს.
_ ამინ! _ დაიგუგუნა ჯარმა.
_ ამინ! _ გამოსძახეს დედაკაცებმა თივის გულიდან.
ჩვენ ისევ კოტორიანთაკენ ავიღეთ გეზი. გზაში მზვერავები შეგვხვდნენ და მთავარსარდალს მოახსენეს, კოტორიანთას ერთი მოხუცი კაცია და ხუთიც დედაკაციო.
_ დამალული რაზმი ხომ არსადა ჰყავთ?
_ არა, გულდაგულ გადავათვალიერეთ.
_ არა სცდებით?
_ არა, _ სთქვეს მზვერავებმა.
_ დაწერე ბრძანება ამათ დაჯილდოების შესახებ, _ მიუბრუნდა ვაჟი გოგი მწერალს.
_ არის! _ თქვა მწერალმა.
_ ჩვენ ელვის სისწრაფით წავედით წინ. მზის ჩასვლამდე როგორმე უნდა მოვასწროთ კოტორიანთ აღება და სრული დამორჩილება. დამორჩილებაში ვგულისხმობ ფილოსოფიურ გამოკითხვებსაც. თუ ეს მეხუთე სოფელიც ავიღეთ, მაშინ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავარსარდალი უდავოდ დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული. დღემდე მსოფლიოს არ ახსოვს არც ერთი სარდალი, ერთ დღეში ხუთი ქვეყანა რომ აეღოს. მართალია, ჩვენ სოფლები ავიღეთ ქვეყნების მაგიერ, მაგრამ, რიცხობრივად თუ შევადარებთ ჩვენი ჯარის და დანარჩენი სარდლობის რაოდენობას, გამოდის, რომ ჩვენც ქვეყანა აგვიღია, მერე როგორ, ჯერ წვეთი სისხლი არ დაგვიღვრია და ყველა ქედს იხრის ჩვენს წინაშე, ყველა მონურ მორჩილებას გვპირდება. რა კარგა მოვიგონეთ ეს სათემო ხატი და ფილოსოფიური გამოკითხვები! სათემო ხატით ვაზავებთ და ვზარავთ, ფილოსოფიით ვაბნევთ.
ხუთი ქვეყანა ერთ დღეში.. თუმცა ჯერ მეხუთე არ აგვიღია და აი, მოვსულვართ კიდეც. ჯარისკაცები სოფელს ალყას არტყამენ, მყვირალები სოფელში შერბიან არევ დარევის შესატანად. მედროშე მაღალ ბანზე გარბის. ჩქარა! ჩქარა, თორემ მზე ჩადის და მერე აღარ გამოჩნდება დროშის ბრჭყვიალება. მზის ჩასვლის შემდეგ გამარჯვებას რა ფასი აქვს.
მეთოფეებმა თოფები დაცალეს. ქვეითები სოფელში შედიან. ყველაფერი რიგზეა. სახლებიდნ გამოჰყავთ დამარცხებულები და სათემო ხატთან იჩოქებენ. ისინი მორიგეობით გვპირდებიან მორჩილებას.
მზე სადაცაა ჩავა.
ასეთი მთავარსარდალი, მართლა არ ახსოვს მსოფლიოს. დროა, დრო! იწყება ფილოსოფიური დაკითხვა.