გოდერძი ჩოხელი, ადამაინთა სევდა (ნაწილი IX) / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.
ადამაინთა სევდა (ნაწილი IX)
სიყვარული და სიცოცხლე
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი და სახელი.
_ ვასილი კოტორაშვილი.
_ რამდენი წლისა ხარ?
_ სამოცდამეთექვსმეტეში ვდგავარ.
_ რა ურო ძლიერია, სიყვარული თუ სიცოცხლე?
_ სიცოცხლე დიაღაცა. თუ ცოცხალია კაცი, ჯერ სიცოცხლეა კარგი და მერე სიყვარული.
_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე ის არის რომ, თოლებს ვახილებთ და ვხილულობთ მზეს, მთორეს.
_ სიბერისა გეშინია?
_ მე არ მეშინია, მაგრამ მუხლებს ეშინია. მე ის მგონია, გუშინ თუ გავჩნდი მეთქი.
_ სიკვდილისა?
_ არ მეშინია.
_ რატო?
_ არ ვიცი, ალბათ ისეთი გული მამცა რამანმე, რომ არ მეშინია. კაცი რო ავად არის და უნდა მოკვდეს, ისევ ის ჰგონია, არ მოვკვდებიო.
_ რისა უფრო გეშინია?
_ არაფრისა არ მეშინია, გაჯინთული ვარ. არ ვიცი, როდის მოვკვდები და, აბა, რა მაშინებს.
_ მიწა უფრო გიყვარს, თუ ჰაერი?
_ ჰაერი, ჰაერი რო არ იყვეს, მაშინ კაცი არც იცოცხლებდა, მიწა რაღას უშველიდა.
მიწა რო არ იყვეს, მაშინ ჰაერი რაღას უშველიდა?
_ ეგ სწორია, მაშინ სუ დავიღუპებოდით.
_ როგორ გგონია, სულ იქნება ეს დედამიწა?
_ მაშ სად წავა, იქნება და იქნება..
_ დიდი ომი რომ მოხდეს?
_ მაინც დარჩება და მაინცა. ზღვა რომ გადმოვარდნილა, მაშინ წყალმა სამჯერ მოუსვა ცას ქაფიო, მაინც არის დღეს დედამიწა.
_ ღმერთი ადამიანშია თუ გარეთ?
_ აბა რა ვიცი, არის რამ კიდო თორე, რამ გააჩინა ეს ქოყნიერობა. ეს მზე თორე და აი, ეს ხალხი. იქნებ ჩვენა ვართ ღმერთები?
_ რას ამბობ? ეგ რამ გათქმევინა?!
_ ადმიანს როცა ეყრება სული, სად მიდის?
_ არსად. კაცი როცა მოკვდება, დაიკარგება.
_ მაშ უაზრობა ყოფილა აქ ყოფნა. რაში დასჭირდა ეს ღმერთს?
_ ვლოცულობთ და იმად.
_ მარტო მაგიტომ?
_ აბა მაშ?
_ მაგით რა ერგება ღმერთსა?
_ არაფერი. იმან მე უნდა მიშველოს, ჩემი შველა რად უნდა იმასა.
_ ჩვენ რაღა შველა გვინდა, თუ სიცოცხლის მერე აღარ ვიარსებებთ.
_ მანამ ცოცხლები ვართ, ხომ გვინდა კარგად ვიყვნეთ.
_ აი იმ კარგა ყონას რა თავშიღა ვიხლით, თუ მერე აღარცა ვიარსებებთ.
_ აბა, რა ვიცი, სულ ხომ არ ვიქნებით, არა?
_ მაშინ რაღა აზრი აქვს, ერთი წელი ვიქნებით თუ ასი.
_ სად ერთი წელი და სად ასი..
_ ასი წელი იცოცხლე და მერე სულ დაიკარგე, ეგ რაღა არის?
_ მართლა მაინც ცოცხლობდეს სული. არა, არა, მე მგონი, იქნება რამე იქ. სიზმარი აკი არის? აქა ვარ და იქა ვარ.. სული არ წავიდა, მა რა არის?!
_ ბოროტება უნდა იყვეს თუ არა?
_ მაშ, აბა, როგორ, სიკეთეს უიმისოდ ფასი აღარ ექნებოდა.
_ ყველაზე კარგს რას ეძახი ადამიანის ცხოვრებაში?
_ ჯეელი რომ ხარ და ვიღაც გიყვარს. მერე თუ იმასთან კარგ დღესა და კარგ წუთისოფელს ჩამოლევ, ის არის ყველაზე კარგი.
_ ძალიან მაგრა რომ გაგჭირვებიყო, თავს მოიკლავდი?
_ არა! არ მოვიკლავდი თავსა, რას ამბობ?!
მეთევზე
(საიდუმლო დავალებათა რვეულიდან)
ჩვენ 6 თებერვალს ღამის გათევა კოტორიანთას გადავწყვიტეთ. ამის შესახებ ჯერ არავინ არაფერი იცის. მზვერავები გავგზავნეთ საზღვაო ნაწილში და იმათაც შევატყობინეთ ჩვენი ადგილსამყოფელი. იმათ გათოკილი კაცი მოიყვანეს. საზღვაო ნაწილს დაუჭერია არაგვის პირას.
ვიდრე დაკითხვას დავიწყებდით, ჩვენმა მთავარსარდალმა განზე გაგვიყვანა და გაგვაფრთხილა: თუ ვინიცობაა, დაკითხვის დროს მაგ კაცმა პირში რამე ჩაიდოს, იმწუთში ხეთქეთ, რომ გადაყლაპვა ვერ მოასწროს. ეგ შეიძლება შემოპარულია, მაგათ თან პატარ პატარა ამპლუები აქვთ, გადაყლაპავენ და მორჩა, გაფშეკენ ფეხებს, ჩვენ კი ვეღარაფერს გავიგებთო.
მთავარსარდალი საბძელში შევიდა დ ბრძანა:
_ შემოიყვანეთ!
მზვერავებმა ტყვე შემოიყვანეს.
_ გაუხსენით ხელები! _ ვინა ხარ? რა ხარ? სადაური ხარ?
_ ფასანაურელი ვარ, მაგრამ მელიქიშვილი, მეთევზე.
_ ხეობაში საიდან შემოხვედი?
_ შემოსასვლელიდან..
_ მერედა, ზვავებით არ იყო ჩაკეტილი? არ გაგიჭირდა?
_ ისე, რა.
_ მზვერავებო! ვერ მუშაობთ კარგად. ეს არის, შემოსასვლელი ჩავკეტოთო? მწერალო! გააუქმე ბრძანება ამათი დაჯილდოების შესახებ!
_ არის! _ თქვა მწერალმა.
_ მერე ჩვენ როგორ დაგიჯეროთ, რომ მეთევზე ხარ? საბუთები გაქვს?
_ მაქვს.
_ გვაჩვენე.
მეთევზემ უბის ჯიბე გაიხსნა, ხელი პირთან წაიღო და კბილებში რაღაც ამპულის მსგავსი ჩაიდო.
_ ხეთქეთ! _ იყვირა მთავარსარდალმა, მაგრამ სანამ ამის თქმას მოასწრებდა, ტყვე უკვე დაბლა ეგდო თავგატეხილი.
_ ამოაცალეთ პირიდან ამპულა!
მზვერავები მისცვივდნენ და ძლივს გამოაძვრეს კბილებიდან პატარა ქინძისთავი.მთავარსარდალი გაშრა. ტყვე როცა გონზე მოვიდა, ჰკითხა:
_ რა მიზნით ჩაიდევი «ქინძისთავი» პირში?
_ მა სად უნდა წამეღო?!
_ როგორ თუ სად? რად გინდოდა მეთქი, გეკითხები!
_ ჯიბის გასაკრავად, რომ საბუთები არ დამეკარგოს.
_ აქ რაღაც იმალება, _ თქვა მთავარსარდალმა.
მზვერავებმა საბუთები წართვეს.
_ არაფერიც არ იმალება, მეთევზე ვარ, მორჩა და გათავდა.
_ ზამთარში ვის გაუგონია თევზაობა!
_ მე ყოველთვის ზამთარში ვიჭერ, ზემოთ ერთ ადგილზე არაგვი დავტბორე და როცა იყინება, იქ თევზი ყოველთვის არის.
_ აა, ეგ საიდუმლოც იცი? ეხლა კი წვეთი აღარ გაუვა, რომ შენ საზღვაო ჯაშუში ხარ. დააკავეთ!
მზვერავებმა მაგრა გაკოჭეს ჯაშუში.
_ ჩასვით! _ ბრძანა ვაჟი გოგიმ და ჯაშუში სახლიდან საგანგებოდ ამისთვის წამოღებულ გოდორში ჩასვეს და ზემოდან გულდაგულ დახურეს.
ხატად ქცეული კაცი
(მოთხობა მწერლის რვეულიდან)
მამუკას არ უყვარდა მუშაობა. გამოვიდოდა მსხლებთან, წამოუწვებოდა ძირს და ნატრობდა ქარის ამოვარდნას.
შააწუხა ცოლმა წყევლით და მერე გაექცა. ბევრი არ უდარდია მამუკას. შვილებიც თან გააყოლა ცოლს.
კოტორაანთ ზემოთ, მთის წვერზე სალოცავია აშენებული. არასოდეს არ ასულა მამუკაი იქ და ერთ დღესაც მოსწადდა მთაზე ასვლა და იქიდან გადმოხედვა. ძალიან მოეწონა ის ადგილი.
ვითომ რა იქნება, ხატად, რომ ვიქცე?» _ გაიფიქრა თავისთვის და მოეწონა კიდეც ეს აზრი. ჩამოვიდა სახლში, გაიხადა ტანსაცმელი, თუკი რამ თეთრეული ჰქონდა, ტანზე შემოიხვია და ერთი კივილ ჭყივილით შეუდგა აღმარს:
_ მოვდივარ, შე დალოცვილო! მოვდივარ! _ კიოდა გზადაგზა. ხელში ანთებული სანთელი ეჭირა. კოტორიანნი შეშინებულები მისდევდნენ უკან. მთის წვერზე რომ ავიდნენ, მამუკაი ნიშთან დაჯდა და ბრძანა:
_ დაიჩოქეთ! მე თქვენი ხატი ვარ და მამუკაის პირით გიბრძანებთ, რო დაიჩოქოთ!
ხალხი მიწაზე დაემხო.
_ ეხლა ადექით!
ხალხი ადგა და თან პირჯვარს იწერდა.
_ ჩადით დაბლა და არაგვის ჭალაზე რაც ლამაზი ქვებია აქ ამომიზიდეთ. ჩქარა!
შეშინებული ხალხი დაბლა გაიქცა. აარჩიეს ლამაზი ქვები და წაიღეს მთის წვერზე.
_ ესენია ლამაზი ქვები?! მეტი არ მეკუთვნის?! _ გაბრაზდა მამუკაი და დაუგორა დაბლა ქვები.
_ ეხლა ჩამოდით და როგორიც მეკუთვნის, ისეთი ქვები ამომიტანეთ, თორე შვილ-ძირიანად ამოგწყვეტავთ.
ხალხი ისევ დაბლა დაეშვა.
მთელი თვე იჯდა მამუკაი იმ მთის წვერზე და ქვების გორებით ერთობოდა. რომელი ქვაც არ მაეწონებოდა, ხატი ამ ქვას არა ღებულობსო, იტყოდა და უკანვე დაუგორებდა ამომტანს.
შემოდგომა იყო. დარები დაიჭირა. სუ ჩაყვითლდა გუდამაყრის ტყეები. არც წვიმდა, არც სასმელ საჭმელი აკლდა მამუკას.
კოტორაანთ წიწას იმ დღეს არც ერთი ქვა არ მიუღო. თორმეტი ქვა აიტანა, თორმეტივე უკან დაუგორა. მეცამეტე გზობაზე ბროლის ქვა წაიღო წიწამ, თან იმედი ჰქონდა, ამას მაინც მიიღებსო.
_ არ ვარგა, _ თქვა მამუკამ და ფერდზე დააგორა ქვა. თვითონ დაჯდა და ჩაჰყურებდა, როგორ მოგორავდა ქვა. ქვემოთიდან მწკრივად ამოდიოდა ზურგზე ქვებმოდებული ხალხი.
წიწამ თავი ვეღარ შეიკავა, დასტაცა მამუკას ხელი და გადმოუშვა მთიდან. კაცს ისე სცოდნია, თუ დაგორდა, ისევ შეიკვრის, როგორც ბურთი. მამუკაიც ისე მოგორავდა. ქვემოდან ამომავალ ხალხს ისევ ქვა ეგონა და ამ ამბავს ისე იყვნენ მიჩვეულნი, არც უგდეს ყური, გააგრძელეს გზა..
დარდი
(დარდების შემგროვებლის რვეულიდან)
_ გვარი?
_ კოტორაშვილი.
_ სახელი?
_ ნინო.
_ რა გადარდებს?
_ ბევრი რამ.
_ მაინც?
_ ბალღი დაგვეწვა გუშინწინ.
_ ვისი?
_ მეზობლის, მარინე ერქვა.
_ დაწვრილებით არ შეგიძლია, რომ მომიყვე?
_ როგორ არა. აგე დამწორ ჩანახშირებულ კედლებს ხომ ხედავ?
_ ვხედავ.
_ იმ ხანებში მაგის პატრონი გიგუაი ციხეში დაიჭირეს.
_ რატო?
_ რატომაც თავმჯდომარე ვერ გაიხარებს, გიგუაის ცოლი მოსწონდა.
_ ქალსაც მოსწონდა?
_ მერე?
_ ალბათ ქალსაც მოსწონდა.
_ ერი პატარა ბიჭი ჰყავდათ. იმას დააძინებდა და მიდიოდა თავმჯდომარე. მერე წამაიზარდა ის ბიჭი და ცალკე ოთახში აწვენდა თავის დედა, რომ ვერაფერი გაეგო. ერთ დღეს მთვრალი მივიდა თავმჯდომარე და ბალღიც იქ ყოფილა.
_ მერე, მერე?
_ ქალისთვის ძალადობა დაუწყია მთვრალს, ჩქარაო, ხდიდა თურმე ტანსაცმელს.
ქალს წინააღმდეგობა გაუწევია, ბალღისა თუ შერცხვა, რა ბალღისა, პატარა ბიჭი იყო. რო დაუნახავს თავის დედა ასეთ დღეში, ცეცხლის გამოსაჩხრეკი ხეჩენკალი აუღია. აბა ის რაღას დაარტყამდა. გადარეულა ამაზე თავმჯდომარე და გაუსროლნია გარეთ ბალღი. დაუწყია ქალს ტირილი. იმას კარები მოუკეტია, ქალი თურმე გარეთ იზიდება ბალღთან, ი კაცშავას თავის საქმე გაუკეთებია და წასულა.
_ მერე?
მთორიან ღამეში წაიყვანა ქალმა ბალღი საყორნის ტყეში, თან ორი საბელი წაუღია, ერთი თავისთვის, ერთი ბალღისთვის. ჯერ ერთი ჩამოუბია, მერე მეორე. მერე დამჯდარა, მოხვევია ბალღს და დაუწყია ტირილი. შაშინებულა ბალღი და გამაჰქცევია. ამბობდა, ჯერ კი მამდევდა დასაჭერად დედაიო, მერე თავი გამანება და უკანვე მიბრუნდაო. ისევ თავის სახლში მისულა ბალღი.
დილით, არ ვიცი, ვინ დაინახა სახლიდან ამოსული ბოლი, მგონი კანუშამ, დაუძახნია და, ხმა რომ არავინ მისცა, შესულა. შესულა და, რას ხედავს, სახლს ცეცხლი უკიდია. თურმე ცეცხლს ანთებდა ი ბალღი და, რა ვიცი, სახლს როგორ გაეკიდა.
_ მერე?
მივცვივდით უცბად, გამოვიყვანეთ გარეთ. ზოგს საქონელი გამოჰყავდა. ეგე ტყვრებოდა ცეცხლისაგან დაბერილი საქონელი, როგორც თოფი.
_ ბალღი?
_ ბალღს ცეცხლი ეკიდა ტანისამოსზე იქვე ვედროთი თურმე ნავთი ედგა იმ ქალობაბნელს, ჩვენ წყალი გვეგონა და.. დავწვით ბალღი.
_ დედა?
_ დედა რაღა, მეორე დღესღა მოვხედეთ.. რა გადარდებსო, კიდევ მეტყვი, მეტი რა უნდა ადარდებდეს კაცის გულსა..
იქვე გამიხარდაის მინაწერია:
ღმერთთან რო წავალ, მეორეს თუ არა, მესამეს მაინც ამ დარდს მოვახსენებ.
წერილი გალილეის – მთავარსარდლისაგან
(წერილებიდან)
«გამარჯვება გალილეი!
პირველ რიგში მოგიკითხავთ დიდი მოწყენით და შორიდან ხელის ჩამორთმევით. ჩვენ ბრძოლით გამოვიარეთ ხუთი სოფელი და ახლა კოტორიანთას ვართ დაბანაკებულნი. ჩვენი საბრძოლო გეგმა მართლდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აქ, მანდ შენ იცი და შენმა კაცობამ. სოფელს თავი არ მიანებო. გაუფრთხილდი მოხუცებსა და ქათმებს. თუ გაგვიჭირდა გამოგიძახებთ. მანამდე ფეხი არსა გაადგა. თუ მტერი შემოგესიოთ, შეგვატყობინე.
ჩოხლების ლაშქრის მთავარსარდალი
ვაჟი გოგი».
გალილეის პასუხი
(მემატიანის რვეულიდან)
«ნუ გეშინიათ!
აქილევსს წავასლიკე თავი, ჯალალედინს, ჰიტლერს და სხვებმა რა უნდა მიყონ..
თუ მტერი შემოგვესია, თქვენ არ შეგაწუხებთ, თვითონვე წავასლეკ თავებს.
თქვენ მარტო შეთე არ მოიყვანოთ ქეთინოს გარეშე.
გალილეი».