გოდერძი ჩოხელი, ადამაინთა სევდა (ნაწილი VII) / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.

in #writing8 years ago (edited)

ადამაინთა სევდა (ნაწილი VII)

ცუცქუნაურნი
(მემატიანის რვეულიდან)
ხევი გავიარეთ და მთავარსარდალმა ლაშქარს შეჩერება უბრძანა. უკვე შუადღეა. საქმე კარგად მიდის. ელენამ სუფრა გაშალა. ცეცხლი დავანთეთ და მზვერავების მიერ მოტანილი კალმახი შევწვით. აქედან ცუცქუნაურამდე ერთი კილომეტრია. თივის ზვინები ჩანს. აქა იქ კვამლი ამოდის. მზვერავები დასაზვერად წავიდნენ.
მზვერავები მობრუნდნენ და მთავარსარდალს მოახსენეს, რომ სოფელი დედაკაცებით არის სავსე. მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა და მწერალს უბრძანა, დაეწერა ბრძანება მზვერავების დაჯილდოების შესახებ.
სუფრა ავალაგეთ და საბრძოლოდ დავიძარით. სოფელს სწრაფად მივუახლოვდით და სულ მალე ალყაში მოვიმწყვდიეთ. ჯერ მყვირალები შეცვივდნენ საშინელი კივილ ჭყივილით, მერე ქვეითები მიჰყვნენ, თოფოსნებმა თოფები დაცალეს. ფილოსოფოს ისტორიკოს მწერლებიც მივყევით მთავარსარდალს. მოვიარეთ მთელი სოფელი, მაგრამ კაციშვილს ვერ წავაწყდით.
მთავარსარდალმა მზვერავებს უხმო:
_ აკი სოფელი დედაკაცებით სავსეაო?
_ სათემო ხატსა ვფიცავთ!
_ მერე, მერე და, სად არიან თუ იყვნენ?!
_ იყვნენ და..
_ დაგინახათ ვინმემ?
_ მგონი, არა.
_ სუსტად მუშაობთ. გააუქმე ბრძანება ამათი დაჯილდოების შესახებ! _ უბრძანა მთავარსარდალმა მწერალს.
_ არის! _ თქვა მწერალმა და ბრძანება გადახია.
_ ეტყობა, ამათი დაზვერვა კარგად მუშაობს, _ თავი გააძეძა მთავარსარდალმა.
_ დროშა გამოვკიდოთ? _ ჰკითხეს ვაჟი გოგის.
_ არა. ჯერ არა, სირცხვილი არ ვჭამოთ, ჯერ ხომ არ ვიცით, რას გვიპირებენ. გაამაგრეთ ალყა.
_ გირჩევნიათ, გამოჩნდეთ, თორემ დამალვისთვის ცეცხლს მივცემთ თქვენს სოფელს! _ ოთხივე მხარეზე გასძახეს მყვირალებმა.
_ ხუთამდე გაძლევთ ვადას, _ დაიძახა სარდალმა, ჯოხის ერთ ბოლოს თივა გამოაბა, ცეცხლი მოუკიდა, თივის ზვინთან დადგა და დაიწყო დათვლა:
_ ერთი.. ორი.. სამი.. ოთხი..
რას სჩადით, მართლა არ დაგვღუპოთ!
დაიძახა ვიღაც დედაკაცმა და თივის ზვინიდან გამოძვრა. თან ოცამდე დედაკაცი გამოჰყვა იქიდანვე.
_ ხედავ?! აი სტრატეგია! _ გაიკვირვა მთავარსრდალმა და თივის ზვინში შეიხედა.
_ ხელები მაღლა! _ დაიყვირეს თოფოსნებმა და ჩახმახი შეაყენეს.
დედაკაცებმა ხელები ასწიეს.
_ დაიჩოქეთ!
იმათ დაიჩოქეს.
_ დაიფიცეთ ამ სათემო ხატზე, რომ დღეის მერე არც დაგვემალებით, ქალებსაც მოგვათხოვებთ საქმის გაუჭიანურებლად და კიდევ სხვა რამესაც შეგვისრულებთ! _ უბრძანა დეკანოზმა და მორიგეობით დააფიცა ხატზე.
მაღალ ბანზე ჩვენი დროშა აფრიალდა.
დაიწყო ფილოსოფიური დაკითხვა.
წერამწერალი
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი და სახელი.
_ ცუცქუნაური ელისო მიხას ასული.
_ რამდენი წლისა ხარ?
_ მესამოცეში ვდგავარ.
_ შენი აზრით, რა არის სიცოცხლე?
_ მე არაფერი არ ვიცი რა, კაცო, გამანებე თავი!
_ მაინც რატომა ვართ?
_ ღმერთს დაუწერია, როგორ რატო. ღმერთმა ჩაგვიბერა სული და ღმერთი ამოგვაძრობს ისევ სულსა.
_ რა მიზნით? რა აზრი ავქს ან ჩაბერვას, ან ამობერვას თუ ამოძრობას?
_ ღმერთია სუყველაში.
_ ყველაზე კარგი დღე, შენი გავლილი დღეებიდან.
_ ვერა, ვერ მოვიგონებ.
_ თუ შეშინებულხარ სადმე, ისე რომ დღესაც გახსოვს?
_ ბუსარჭილიდან მოვდიოდი ღამე და წკნავილით რამ დამყვა. მე და ძალუაი ვიყავით როგორც კატაო ისე მოგვწკნაოდა. ეგ არ დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ.
_ რა თქვეს, რა იყოო.
_ ეშმაკიო.
_ რატო არ გეჩვენა?
_ არ მეჩვენა, რავი, შეიძლება მჩვენებოდა, მაგრამ ესე მითხრა ძალუამ, უკან არ მიიხედო, ხუმრობა საქმე არ არიო.
_ სხვებსაც უნახავს?
_ რო მიიხედავს, ზოგს ეჩვენება.
_ სიკვდილისა გეშინია?
_ რატო მეშინია?!
_ რატომ არა?
_ იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.
_ რო მაიხდი, მერე სად წახვალ.
_ შავეთში, აბა სად წავალ, ჩემ წილ სამარეს ამოვავსებ.
მამამთილის სამართალი
(მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
მართაი ცუცქუნაური სოფელ კიტოხში იყო გათხოვილი. ზაფხულში იქორწინა მართამ და შემოდგომაზე ცხვარში წავიდა იმისი ქმარი. სხვა მეცხვარეებიც ცხვარში წავიდნენ. სოფელში მარტო ხეიბარი კაცები, მოხუცები და ქალ ბალღებიღა დარჩნენ.
ზამთარია. თოვს. მართაის მამამთილი ფანჯრიდან გაჰყურებს თოვას. ოთხმოცდამეათე თოვლის მოსვლას შეესწრო წელს. ერთი კვირის წინ იმათმა ძროხამ პირველი ხბო მოიგო.
_ ადრე ბალღებს კლავდნენ, _ თქვა მოხუცმა.
_ ჩუმად, ბალღებმა არ გაიგონონ, _ აფრთხილებს რძალი და მეზობლის ბალღებზე ანიშნებს. ისინი ყურადღებით შესცქერიან მოხუცს.
_ გაიგონონ, მერე რა, განა ეხლაც ხო არ ვკლავთ ბალღებს.
_ ვინა კლავდა, პაპავ?
_ თავის პატრონები.
_ რატო კლავდნენ?
_ პირველად რომ ბალღი გაჩნდებოდა, ის ხატში უნდა დაეკლათ.
_ ეხლა?
_ ეხლა აღარა კლავენ. პირველგაჩენილ ბოჩოლებსა კლავენ იმათ მაგიერ.
_ ჩვენ როდის დავკლათ? ჰკითხა რძალმა.
_ თორმეტი დღისა რომ გახდება მერე, მანამდე არ შეიძლება.
_ ხვალ გახდება.
_ გადადი ნინიასთან და სთხოვე თავი მოგიჭრას, დიდი თოვლია, მე ვერ ამოვალ იქამდე.
მართაი ნინიასთან გადავიდა. ნინიამ პირობა მისცა, წაიყვანე ბოჩოლაი ხვალ ხატში და ამოვალო. ხატი სოფლის მაღლა არის, მთის წვერზე.
მეორე დილა გათენდა. თოვს. თეთრია ყველაფერი. მართას ძლივს მიჰყავს აღმართზე ხბო. ხანდახან ფეხი უსხლტება და ორივენი ეცემიან. მერე ხბოს ეტყობა, აღარ შეეძლო მეტი, წინა ფეხები ჩაიკეცა და ენის წვერით ფეხი აულოკა ქალს. იმან ზურგზე მოიკიდა და ისე ატარა მთის წვერამდე.
მთის წვერზე სალოცავი ნიშია აშენებული.
მართამ ხბო დაბლა დასვა და რატომღაც გააჟრჟოლა. «კიდევ კარგი, ხბო ამოვიყვანე დასაკლავად და ბალღი არაო», _ გაიფიქრა.
ისევ თოვს.
თოვს.
ხბო საცოდავად მოიბუზა.
გავიდა კარგა ხანი, ნინიაი არ გამოჩნდა.
ხბოს ეტყობა, მოშივდა, დაიბღავლა. მერე ქალს ხელები აულოკა პატარა ენით.
დიდხანს იცდიდა ქალი. ნინიაი მაინც არ გამოჩნდა.
ქალმა იცოდა, რომ ხატში მიყვანილი ხბო უკან არაფრით არ უნდა წაეყვანა და იცდიდა.
თანდათან შემობინდდა.
გაღმა გორზე მგელმა დაიყმუვლა. ჯერ ერთმა, მერე გამოღმიდანაც მისცა რამდენიმემ ხმა. ქალმა იცოდა, რომ არ უნდა წაეყვანა ხბო უკან და თან არც ნინიაი ჩანდა.
უფრო ჩამოიბურა. მგლებმაც მოუხშირეს ყმუილს.
ქალმა სანთელი აანთო, დაილოცა, ხბოს შუბლი შეუტრუსა და სანთლები სალოცავის კედელზე მიაკრა.
დანა არ ჰქონდა. კედლიდან თოვლი გადახვეტა და ბასრპირიანი სიპი ქვა ამოარჩია.
წამოაქცია ხბო და გამოუსვა ყელში სიპი.
ხბომ დაიბღავლა.
თეთრ თოვლში თბილად ჩხრიალებდა სისხლი.
მოჭრილი თავი იქვე დატოვა, დანარჩენი მოიკიდა და სირბილით დაეშვა სოფლისაკენ.
უკან მგლების ყმუილი მისდევდა და ზურგს უხვრეტდა.
_ სადა ხარ აქამდე? _ ჰკითხა მამამთილმა ეჭვით.
_ არ ამოვიდა..
_ მაშ თავი ვინ მოგიჭრა?
_ მე.
_ სანთელიც შენ აანთე?
_ ჰო.
_ თავი რით მოსჭერი?
_ სიპით.
_ წადი!
_ სად?
_ ჩემ სახლში არ დავინახო შენი ფეხი.
მგლები ურო ხმამაღლა აყმუვლდნენ.
_ მაშ უკან ხომ არ წმოვიყვანდი, დაკანონებული ეგეა და..
_ დაკანონებული ისიც იყო, ბალღებს რომ თავებს აჭრიდნენ. წადი, ჯერ ბოჩოლაის თავი ჩამაიტანე, ხატი არ შელახოს შენმა მოჭრილმა, მერე სახლში წადი.
_ პირდაპირ სახლში წავალ.
_ ჯერ თავი ჩამაიტანე.
_ იქ მგლები არიან.
_ ნუ გეშინია, მგლები შენ ვერას გიზამენ.
_ მეშინია.
_ მე გეუბნები!
მართაი ადგა და ხატისაკენ წავიდა. უკვე საკმაოდ ჩამობნელდა. ძლივს მიაგნო სალოცავს. მგლები აღარ ყმუოდნენ. სანთლებიც ჩამწვარიყო. ხელების ფათურით თავს დაუწყო ძებნა. რამდენიმე ძვალიღა შერჩა ხელში. ადგილზე გაიყინა. ასე ეგონა, სისხლი გაუჩერდა და ყინულად ექცა. მერე რაღაც მძიმე და თბილი დაეცა ზურგზე და რატომღაც წეღანდელმა სურათმა გაუელვა თვალებში ხბოს სისხლი თბილად ჩხრიალებდა თეთრ თოვლში.. ბოლოს ისღა იგრძნო, რომ რაღაც არსებები მის სხეულს ერთმანეთს ეცილებოდნენ..
მართაი ცუცქუნაურთიდან იყო.. სხეულები კი საერთოდ ეცილებიან ერთიმეორეს არსებობაში.
გაგრძელება

^ * ^ * ^ * ^

Coin Marketplace

STEEM 0.04
TRX 0.32
JST 0.082
BTC 60783.65
ETH 1557.84
USDT 1.00
SBD 0.47