გოდერძი ჩოხელი, ადამაინთა სევდა (ნაწილი VI) / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.

in #writing8 years ago (edited)

ადამაინთა სევდა (ნაწილი VI)

სალომე ლიდიაური
(მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ-კარია. ამ სახლში ათიოდე წლის წინათ მშობლებმა გამსიველ ბათირაზე დანიშნეს სალომე.
ჩალისფერი თმა კოჭებამდე სწვდებოდა სალომეს. ყანაში რომ მიდიოდა ყანისაგან ვერ გამოარჩევდით, ღელავდა ყანა და ღელავდა ქალიშვილი.
უცნაურად უყვარდათ სალომესა და ბათირას ერთმანეთი. ხანდახან თვეობით არც კი ნახავდნენ ერთიმეორეს, სიახლოვისა ეშინოდათ.
იმ გაზაფხულზე ბათირაის უფროსი ძმა სალომეს მშობლებს კალობანს უშენებდა. ბათირაის ძმას საღირაი ჰქვია. ეხლაც ცოცხალია საღირაი. ჩუმი კაცია, უთქმელი. მთელი დღე, რომ მასთან იყვე, ერთ ორ სიტყვას ძლივს ათქმევინებ.
მაშინ ბათირაი სალომეზე ჯერ არ იყო დანიშნული, ქალ ვაჟი ერთიმეორეს წყაროზე ხვდებოდნენ ხოლმე მთვარიან ღამეში. მივიდოდა სალომე, კოკას აავსებდა, მერე მხოლოდ ერთხელ შეხედავდა ბათირას და წამოვიდოდა სახლში.
ერთ ღამეს ყანებში საღირაი დახვდა სახლში მიმავალ სალომეს და მკლავში წაავლო ხელი.
_ ხომ ვიცი, ვისთანაც იყავი, _ უთხრა საღირამ.
_ მერე რა გინდა!
_ ის რომ, მე მიყვარხარ.
_ მე არ მიყვარხარ..
_ შეგიყვარდები, როცა ჩემი გახდები, შეგიყვარდები.
_ ეგ არასოდეს არ მოხდება.
_ მოხდება. თუ არადა, არც ერთს არ გაგახარებთ.
იმ ღამეს არ დასძინებია სალომეს. მეორე დღესაც შეხვდა ბათირას, მაგრამ საღირაის შესახებ ხმა არ ამოუღია.
საღირამ მშენებლობა მოათავა და სახლში წავიდა.
შემოდგომაზე ბათირამ მარჯეკლები მიაგზავნა და მშობლებმა სალომე ბათირაზე დანიშნეს. სალომეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
გაჯავრებულმა საღირამ ძმას უთხრა:
_ არ გინდა, ნუ მოიყვან სალომეს ცოლად.
_ რატომ?
_ იმად, რომ მე რომ მაგათას ვმუშაობდი, ყოველღამე მალვით მოდიოდა და ჩემთან წვებოდა.
იმ დღის მერე აღარც წყაროზე მისულა სალომეს სანახავად ბათირაი და არც ქორწილზე დაუწყია იმის მშობლებთან მოლაპარაკება.
სალომემ აღარ იცოდა, რა ექნა, მერე ამხანაგი გოგოს პირით ჰკითხა ბათირას მიზეზი, ბათირამ, რა თქმა უნდა, დაუბარა, ჩემი ძმის ნათრევს ცოლად ვერ მოგიყვანო.
სალომე ჯერ ხატში ასულა და დაუფიცნია, რომ მართალი იყო. მერე თურმე სულ ყარაულობდნენ მშობლები. თავს არაფერი მოუწიოსო.
გუდამაყრის არაგვი ხომ სუ შავი მოდის, გაღმა სოფლელებს დაუნახავთ, ჩამოვიდა სალომე არაგვზე, მოიხსნა თავშალი, იხვია თვალებზე და შედგა ხიდზე. ისე შეშინებულან, ვინც ხედავდა, ისიც კი ვეღარ მოუფიქრებიათ, რომ მიშველებოდნენ. ბათირასაც დაუნახია. ჯერ კი არც ის გაქცეულა.
გასულა თვალახვეული სალომე ხიდზე. მერე ისევ გამოსულა. მერე ისევ გასასვლელად მიბრუნებულა და ამ დროს იმისი მეგობარი ქალები გამოჩენილან წიოკით. შუამდე ვეღარც კი მისულა ხიდზე, გადაშვებულა წყალში. თურმე მისდევს ხალხი არაგვს და ვერავინ ბედავს შიგ შესვლას. ადევებული წყალი ყოფილა.
გამოქცეულა ბათირაი და შევარდნილა წყალში.
არაგვი ხომ შავია. თურმე მოჰქონდა წყალდაწყალ ბათირას სალომე, იმის თმაი ეგრე ლივლივებდა მდინარის ტალღებზე, როგორც მოსამკალი პურის ყანა ქარში..
სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ კარია..
ხოზა
(მემატიანის რვეულიდან)
მართალია, ლიდაში ხალხმრავლობა არ იყო, მაგრამ დეკანოზმა მაინც სცა იქ მყოფთ პატივი და წამოსვლისას გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა:
«ჩვენ, დღევანდელი ჩოხლები, ვაგრძელებთ და კვლავაც გავაგ-რძელებთ ჩვენი წინაპრების ადათ წესებს.
ჩვენ ლიდის მცხოვრებლებთან ადრიდანვე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა დამყარებული. ისინი უარით ვერ გამოგვისტუმრებდნენ ქალის სათხოვნელად მისულებს. არაერთხელ და ორჯერ გაგვიწევია ერთიმეორესთვის დახმარება, ჩვენ კვლავაც უნდა დავეხმაროთ ერთიმეორეს, საშენი მასალითაც და ყველაფრით. მაგალითად, აი, ეს კაკლის ხეები ძალიან კარგ საშენ მასალას მოგვცემს და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებაზე უარს არ ვიტყვით, მით უმეტეს, მაშინ, როცა ასეთი გრანდიოზული შენობის წამოწყებას ვაპირებთ. პროექტი უკვე შედგენილია, საჭიროა მარტო მასალა.
თქვენ დღეს ხატზე დაიფიცეთ და მორჩილება გამოთქვით. სათემო ხატი რისხავდეს, ვინც ეს ფიცი გატეხოს!»
_ ამინ! _ დაიძახეს ჩოხლებმა.
_ ამინ! _ თქვა ბათილამ.
_ თქვენც თქვით, ქალბატონო, _ ძალა დაატანეს ავადმყოფს.
_ ამინ! _ ამოიკნავლა იმანაც.
სებამ ზარები დარეკა. ბანიდან დროშა ჩამოვხსენით და ხოზისაკენ გავუდექით გზას. ხოზამდე იგივე მანძილია, რაც ჩობოლაურიდან ლიდამდე.
სოფელს ზემო მხარეს ტყე აკრავს, ხოლო წინ დიდი მინდორია გაშლილი.
მთავარსარდალმა მზვერავები გაგზავნა და იმათ ამბავი მოიტანეს, ერთი მოხუცი ქალი სულს ებრძვის და წუთიწუთზე სიკვდილს ელოდება ხოზაშიო.
_ როგორ თუ ელოდება! _ გაბრაზდა სარდალი, _ სასწრაფოდ შეტევაზე და, რაც შეიძლება, ვიჩქაროთ, რომ ამ კაცმა საქმე არ ჩაგვიშალოს.
სოფლისათვის ალყა აღარ შემოგვირტყამს და სულ რაღაც ხუთ წუთში ჩვენი დროშა აფრიალდა ხოზის მაღალ ბანზე.
_ სად არის მომაკვდავი? _ უყვირა ხოზელებს მთავარსარდალმა.
_ აქ არის, _ აჩვენეს იმათ.
_ აბა, ექიმო, ჩვენ აქ ყოფნამდე არაფერი მოუვიდეს ამას, თორემ.. _ გააფრთხილა ზინაი ვაჟი გოგიმ.
_ დაიჩოქეთ! _ ბრძანა დეკანოზმა და მოლაშქრეებმა თოფები შეაყენეს. იმათაც დაიჩოქეს და დეკანოზმა მორჩილებაზე დააფიცა. სულ პირველად მომაკვდავი დააფიცეს, ის უფრო სასწრაფო იყო. ექიმმა გონზე მოიყვანა მომაკვდავი და დაიწყეს მისი ფილოსოფიური დაკითხვა.
სული და ხორცი
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ სახელი და გვარი.
_ თამარ ხოზელი (მომაკვდავი).
_ რამდენი წელი გინდა სიცოცხლე?
_ რამდენსაც შევძლებდი. ადამიანმა იქამდე უნდა იცოცხლოს, მანამდე თავის ზიდვა შეუძლია. კაცმა სხო არ უნდა დააღონოს თავის სიცოცხლით.
_ მეორედ მოვლენ თუ არა მკვდრები?
_ შენი მტერი მოვიდეს, როგორც ესენი მოვლენ. მოგონილია, მოგონილია ისაცა, ვითომა სულნი არიანო, როგორც სიზმარშიო. სუ ტყუილია, მოკვდა კაცი და იქცევა მიწად. აღარც სული იარსებებს.
_ სულიც მიწაში წაჰყვება ხორცს?
_ არა, როგორც კი ტიკი გაჰბერო და მერე გამოუშვა, აეგე ამუვა სული კაცს და ჰაერში წავა.
_ ჰაერში ვერ იარსებებს?
_ აბა რას იარსებებს. წავა და ჰაერად იქცევა.
_ ღმერთი არსებობს?
_ არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი, ვერც ამას.
_ რა აიძულებს კაცს თვითმკვლელობას?
_ ერთი ის, რო აღარ შეუძლია, საქმე აწუხებს, მეორე, _ მწარე სიცოცხლე, ზოგს კიდევ ეშმაკი დაადგება თავზე და ის აბედვინებს თავის მოკვლას. მერე იმის სული ეშმაკთ რჩება, ეშმაკად იქცევა იმის სული.
_ ეშმაკები სად არიან?
_ კლდეში. მე ვიხილე, ანთებენ ღამე ცეცხლსა. ეხლა ხალხი იქცა ეშმაკადა.
_ ინატრებ რამეს?
_ არა.
_ რატომ?
_ დამაცა, ამოვისუნთქო..
ქალმა ამოისუნთქა და გათავდა.
მეშვიდე თაობა
( მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
ის ქალი, რომელიც ეს ეს არის მიიცვალა, ასპანიანთ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. რატომ ჰქონდათ ქართველებს წყევლაში, შვიდი თაობის მერე გაწყდიო, არ ვიცი, ყოველთვის კი ასე იყო. იშვიათად შესწყევლიდნენ გვარს, გაწყდიო და თუ შესწყევლიდნენ, ყოველთვის ასე:
_ მეშვიდე თაობაზედამც გაწყდება შენი გვარი. ასეა თუ ისე, შვიდი შემთხვევითი რიცხვი არ არის.
სწორედ ამ ქალის წინაპარი, შვიდი თაობის იქით, გუდამაყარში საქვეყნოდ განთქმული და მტრიანი ვაჟკაცის, კვირია ხარხელაურის ძმადნაფიცი იყო. კვირია
არავის ენდობოდა, გარდა ასპანიანთ ბუთულაისა, იმას აპარსვინებდა ხოლმე წვერს ხმლით. არასოდეს იარაღს არ იხსნიდა კვირიაი.
იმისმა მტრებმა ბუთულაი მოისყიდეს და ერთხელაც, როცა კვირიას პირს პარსავდა, გამოუსვა ყელში ხმალი და გააგდებინა თავი. მიგორავდა ნახევრად წვერმოპარსული კვირიაის თავი დედამიწაზე და ეძახდა ბუთულას:
_ შვიდი თაობას ქალებზე ჩამაილიოს შენი გვარი და მერე გასწყდითო.
სიტყვა, რომელიც დეკანოზმა წარმოთქვა
(მემატიანის რვეულიდან)
_ ღრმა მწუხარებას განვიცდით, ასეთ გაჭირვებაში რომ გხედავთ. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, მით უმეტეს, ეხლა უფრო, როცა ერთხელ კიდევ დაგვიფიცეთ მორჩილებაზე. მოკვდა _ ასე იტყვიან მაგათ გვარზე. ჩვენ კი ვაგრძელებთ გვარებს და რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და მხარდაჭერა გვმართებს. თუ რამე გაგიჭირდეთ, ჩვენ გვითხარით. განსვენებულს კაკლის კუბო გაუკეთეთ. კაკლები, საერთოდ, მარტო სამასალედ არის კარგი.
სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს!
_ ამინ! _ დაიგუგუნეს ჩოხლებმა.
_ ამინ! _ თქვეს ხოზლებმა.
_ ჩამოხსენით დროშა! _ ბრძანა დეკანოზმა და მეზარემ ზარები აახმიანა.
მთავარსარდალმა წასვლის ნიშანი მოგვცა, ჩვენ უხმოდ გავედით სოფლიდან. ამით პატივი ვეცით მათ. ხომ უნდა იცოდნენ, რომ კულტურული და შეგნებული თემი ვართ.
მცირე საიდუმლო
(საიდუმლო დავალებათა რვეულიდან)
დღეს მზვერავებმა ამბავი მოიტანეს. საზღვაო ნაწილს ერთ ადგილზე დატბორილი არაგვი უნახავს, ტბორი, თურმე, კალმახით არის სავსე. დღესვე საიდუმლოდ გაიცა განკარგულება, რომ შენიღბონ თოვლით ის ადგილი და დროდადრო ლაშქარი იმ კალმახით მომარაგდეს.

გაგრძელება

^ * ^ * ^ * ^

Coin Marketplace

STEEM 0.04
TRX 0.32
JST 0.082
BTC 60785.45
ETH 1557.47
USDT 1.00
SBD 0.47