გოდერძი ჩოხელი, ადამაინთა სევდა (ნაწილი V) / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.

in #writing8 years ago (edited)

ადამაინთა სევდა (ნაწილი V)

მცირე გადახვევა
(”საიდუმლო დავალებათა” რვეულიდან)
სანამ მწერლის რვეულიდან მოვიყვანდე ჩობოლაურებში ჩაწერილ მოთხრობას, მანამდე მინდა ერთი პატარა ცნობა მოვიტანო. «საიდუმლო რვეულში» წერია:
«ხეობის დასაწყისში გაგზავნილი მზვერავები მშვიდობით დაბრუნდნენ. ხეობა ზვავებით ჩაუკეტიათ. მოქმედება თამამად შეიძლება».
და ერთი წერილი მინდა რომ გაგაცნოთ. როგორც კი შეტევა წარმატებით დაამთვრეს, ჩოხლებმა თავიანთ სოფელში წერილები აფრინეს. წერილების მიტან მოტანა ევალებოდა საიდუმლო ნაწილს: კოტორიანთ ქალს, შარვანიანთ ქალს და ტასიას.
ჩვენ გავიმარჯვებთ
(წერილებიდან)
«გამარჯვებათ, ძვირფასო დებო და ძმებო!
მოგიკითხავთ ყველას სულერთიანად. მოკითხვას გითვლიანთ ჩვენები, დიდის მოწყენითა და პირზე კოცნითა. მინდა გახაროთ, რომ საქმე კარგად დაიწყო. დღეს პირველი შეტევა გვქონდა. ჩობოლაურები აღებულია. ვაწარმოებთ ფილოსოფიურ მეცნიერულ გამოკვლევებს. ყველანი ისევ ჩვენი მორჩილები იქნებიან ამის მერე.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ქვეითი მოლაშქრეები.
6.II– 68 წ.
დიადი სიტყვა
(მემატიანის რვეულიდან)
როდესაც ფილოსოფიურ_ მეცნიერული გამოკითხვა დამთავრდა, სებამ ზარები დარეკა და დეკანოზებმა სიტყვით მიმართა ჩობოლაურებს:
«ჩვენ და თქვენ ერთი ხეობის ხალხნი ვართ. ერთი ცა გვხურავს მაღლიდან და ერთი არაგვი ჩამოგვიდის ჭალაზე. დღეის მერე ერთმანეთთან მეგობრულად უნდა ვიყვნეთ. თუ ვინმემ რამეზე შეგაწუხოთ სხვა სოფლებიდან, იმწუთში შეგვატყობინეთ და მოგეხმარებით. ჩვენ რა გვაქს გასაყოფი? არაფერი. ნურც ნურაფერს დავუმალავთ
ერთიმეორეს. ჩვენ, ჩოხელებს, გადაწყვეტილი გვაქვს, ავაშენოთ ხუთასოთახიანი საერთო სახლი. ამისათვის გვჭირდება მასალა. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. აი, ეს კაკლები რომ გიდგათ, ამათაგან ძალიან კარგი მასალა გამოვა. რაც შეეხება ქალების გათხოვებას, ვინც ჩვენ არ გვინდა, ისინი ვიზეც გინდათ, იმათზე შეგიძლიათ გაათხოვოთ. თქვენ დღეს სათემო ხატზე დაიფიცეთ, ფიცის გამტეხს რისხავდეს სათემო ხატი!»
_ ამინ! _ დაიძახეს ჩოხელებმა.
_ ამინ! _ ხმა მისცეს ჩობოლაურთ
ამის შემდეგ მთავარსარდალმა მოლაშქრენი მოაწყო და გზას გავუდექით მეზობელი სოფლისკენ, რომელსაც ლიდა ჰქვია.
მღვდელი
(მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
გუდამაყარში ერთმანეთშია არეული კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანობა. ახლაც აცხობენ პურისაგან მგლებს, რომელთაც აგურის კბილებს უკეთებენ. პურის მგელი საქონლის ბაგაზე მიაქვთ. ჯერ წნელით შეუკრავენ პირს და ულოცავენ.
«აესრემც შაუკვრის პირი იმ მგელს, რომელმაც ჩემაი ძროხიაის შაჭმა მაინდომოს».
მერე წნელს ახსნიან და მგელს აგურის კბილებს საქონლის ბაგაზე უმტვრევენ:
«აესრემც დაგენაყება, მგელო, კბილები!»
«აესრემც დაგემტვრევა მუხლები!» _ ამტვრევენ მუხლებსა და ლუკმა ლუკმა ჩაციცქნილ მგლის კვერს საქონელს აჭმევენ.
ქრისტიანობა უცნაურად შემოდიოდა აქ. ჯერ ვერ ურიგდებოდნენ ახალ სარწმუნოებას. მერე თანდათან იწამეს.
რამდენიმე გუდამაყრელი მცხეთაში დაიბარა კათალიკოსმა და საყვედური გამოუცხდა იმის თაობაზე, გუდამაყრელები უმღვდელოდ რატომ იმარხებითო.
მღვდელი არა გვყავსო, _ თავი გაიმართლეს ამათ.
მაშინ გუდამაყრელებს მღვდელი გააყოლეს და თან გააფრთხილეს, უმღვდელოდ დღეის შემდეგ მკვდარი აღარ დამარხოთო.
ათნოხში თორმეტი ქისტის მამკლავი, აკაი თამნიაური კვდებოდა. მიუყვანეს მღვდელი.
მოკვდა აკაი.
შემოდგომის გაყინული მიწა ძლივს ამოთხარეს წერაქვებით. ერთი ყარაული საფლავთან დააყენეს, რომ სამარეს ავი სულები არ დაჰპატრონებოდნენ, დანარჩენებმა ხვნეშით მოასვენეს მიცვალებული, სანამ ჩაასვენებდნენ, კიდევ რაღაც ლოცვები თქვა მღვდელმა: და, როცა მისი თანხმობა მიიღეს, მძიმედ ჩაუშვეს გაყინულ მიწაში კუბო. მერე უცებ მღვდელს სწვდნენ და თან ჩააყოლეს. ყვიროდა მღვდელი და ამოსვლას ცდილობდა. მაგრამ რამდენიმე გაყინული ბელტი ისე
მძლავრად მოხვდა თავში, უღონოდ გადააწვა კუბოს. გუდამაყრელები გულდაგულ ავსებდნენ სამარეს მიწით და თან ბუტბუტებდნენ.
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!..
ამ საქმესაც მორჩნენ და კვირის თავზე ახალი სადარდებელი გაუხდათ, _ დუმაცხოში ხუთი ქისტის მამკლავი გაგილაი გარდაიცვალა. გუდამაყრელები მცხეთაში ჩავიდნენ და კათალიკოსს მოახსენეს:
_ კაცი მოგვიკვდა და უმღდელოდ ვერა ვმარხავთ..
_ ხომ გაგაყოლეთ მღვდელი! _ გაიკვირვა კათალიკოსმა ამათი «მოქცევა».
_ ის მღვდელი სხვა მკვდარს ჩავაყოლეთ, ხო თქვით, უმღვდლოდ არავინ დამარხოთო, ეს კიდევ სხვა მკვდარია.
კათალიკოსმა რა უთხრა, არ ვიცი. ქრისტიანობამ კი ფეხი მოიკიდა გუდამაყარში. თუმცა კათალიკოსი იმის მეტს რას იტყოდა:
_ «არ ცოდნა, არ ცოდვა არისო». _ მე მგონი, მეტს არაფერს იტყოდა.
ლიდა
(მემატიანის რვეულიდან)
ლიდა ჩობოლაურის აღმოსავლეთით ერთი კილომეტრის დაშორებით არის. ამ სოფელსაც ორივე მხრიდან კლდიანი ხევები ჩამოუდის, გზაც უფრო მოსახერხებელია და რაც შეიძლება სწრაფად მივდივართ. წინა შეტევამ გვიჩვენა, რომ სწრაფად მოქმედება გამარჯვების ნახევარს უდრის. მზვერავები ეს ეს არის მობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს, რომ სოფელი თითქმის მთლიანად დაცლილია, მარტო უშვილო ცოლ ქმარიღა არისო დარჩენილი.. ქალი ავად ყოფილა, ლოგინად ჩავარდნილი. მთავარსარდალი ფრთხილობს: შეიძლება მტერი ჩასაფრებულია სადმე, რომელიღაც სახლში, საჭიროა ალყა შემოვარტყათ.
სოფელს გარს შემოვერტყით და დაიწყო სახლების ჩხრეკა. მართლა ცარიელი აღმოჩნდა სოფელი, ქალაქში გახიზნულან საზამთროდ. მთავარი იერიში ცოლ ქმარზე მივიტანეთ და ისინიც უცებ დაგვნებდნენ. სოფელ ლიდის თავზე ჩვენი დროშა ფრიალებს. დეკანოზი ცოლ ქმარს ხატზე აფიცებს და მთავარსარდლის ბრძანებით, ექიმი წამლებს აძლევს ავადმყოფ ქალს. სებაი ზარებსა რეკავს და ამით გუდამაყარს ამცნობს, რომ ლიდაც კვლავ ჩოხლების სურვილების აღმსრულებელია, უპირველეს ყოვლისა, ქალების საკიხში. შემდეგ იწყება ფილოსოფიური დაკითხვა.
სული და სიკვდილი
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ სახელი და გვარი.
_ ბათილა ლიდიაური.
_ რამდენი წლისა ხარ?
_ ოთხმოცის.
_ შვილები გყავს?
_ არა უშვილო ვარ.
_ როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ?
_ სული? სული არ დაიკარგება. ხორცს გაეყრება და სიზმარივით იქნება. სულ სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო ადგილი ექნებათ.
_ შენ როგორ გგონია, როგორ ადგილზე მოხვდები?
_ მე.. უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან. ოღონდ მაგას ნუ დაწერ.
_ რატომ ნუ დავწერ?
_ უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება.
_ სიკვდილზე რას იტყვი. ქვებსა და ხეებს თუ აქვთ სიკვდილის განცდა?
_ სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგინა იმის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სუ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თანამოძმის სიკვდილს და ყველანი იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგინა, იმათაც ძალიან განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და აღარ ივიწყებდნენ. ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგინა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა.. მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა.
მცირე საიდუმლო
(”საიდუმლო დავალებათა” რვეულიდან)
მზვერავებმა ლიდაში ყოფნის დროს საზღვაო ნაწილის ცნობა მოიტანეს. შიჯანათ ქალი და ქალთამზე იტყობინებიან, რომ არაგვი რამდენიმე ადგილზე გაყინულია და საჭიროა ჩამტვრევა, რომ არაგვის გაღმა მყოფმა სოფლებმა გამოღმა კავშირი ვერ დაამყარონ. ზომები მიღებულია.
დარდი № 1680
(დარდების შემგროვებლის რვეულიდან)
_ სახელი და გვარი?
_ ბათილა ლიდიაური.
_ რა გადარდებს?
_ ის რომ უწილ უკერძომ უნდ გადავიარო.
_ მეტი არაფერი?
_ ამაზე მეტი დარდი რაღა გინდა, ცოცხალი იყო და შენი არსებობის გამგრძელებლად შვილს ვერა ხედავდე. რა დავუშავეთ იმ დალოცვილ ღმერთს, რომ აქ შვილი არ გვაღირსა, იქ კიდევ პირქვე უნდა იწვნენ უშვილოები.
_ ჰოო, მართლა დიდი დარდია. ღმერთთან რომ წავალ ამ ჩემი დარდებით, პირველს თუ არა, მეორეს ვეტყვი უშვილოების დარდს.

გაგრძელება

^ * ^ * ^ * ^

Coin Marketplace

STEEM 0.04
TRX 0.32
JST 0.083
BTC 60742.03
ETH 1557.33
USDT 1.00
SBD 0.47