გოდერძი ჩოხელი, ადამაინთა სევდა (ნაწილი X) / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.
ადამაინთა სევდა (ნაწილი X)
ღამე საბძელში
(მემატიანის რვეულიდან)
დაღამდა. ეს დღე მართლა სასახელო იყო გუდამაყრის ცხოვრებაში. დღეც ჩვენმა მთავარსარდალმა თავისი გენია გამოავლინა. ახლა კი დროა, მსოფლიომ მართლა გაიგოს, რომ დედამიწის ზურგზე არსებობს ხეობა, რომელსაც გუდამაყარი ჰქვია. მერე თუ ვინმე მოისურვებს გუდამაყრის ცხოვრების გაცნობას, გვეწვიოს, მანამდე კი ვეტყვი, რომ უმთავრესად ცხვარ ძროხით ვცხოვრობთ, მოგვყავს კარტოფილი. მცენარეებიდან აქ კარგად ხარობს კაკალი. აი ეხლაც, ცუმცა ღამეა, მაგრამ ჩვენმა დეკანოზმა სოფლის დათვალიერება მოინდომა და ძალიან ნასიამოვნები მობრუნდა, იმდენი კაკლის ხე უნახია. იქიდან მობრუნებული ზის და კოტორიანთ უყვება იმ დიდი სახლის შესახებ, რომელიც მომავალში უნდა ავაშენოთ. კაკლის ხე ყველაზე კარგი სამასალეაო, ეუბნება.
გუდამაყრელებს გვზღუდავს ძალიან მაღალი მთები ოთხივე მხრიდან, გვახურია საკუთარი ცა, საკუთარი მზითა და მთორით. ვარსკვლავებიც, რამდენიც გინდა, იმდენი გვაქვს. ჩვენთან მოედინება მსოფლიოში ყველაზე შავი მდინარე. სხვაც ბევრი რამე გვაქვს, მაგრამ ახლა ამის დაწვრილებით ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და ლაშქრობის ამბავს აგვაცდენს. მაშ ასე:
მოლაშქრენი სუფრას შემოუსხდნენ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ კულტურული თემი ვართ და კოტორიანიც ჩვენ სუფრაზე დავიპატიჟეთ. ტყვეს ადგილზე მიართვეს მზვერავებმა საჭმელი. სოფლის გარშემო ყარაულებია დაყენებული.
მთავარსარდალმა შეთე მოიხმო და ეკითხება:
_ რა ჰქვია შენ საცოლეს?
_ ქეთინო, _ ამოღერღა შეთემ მორცხვად.
_ შენ ხომ უარზე არა ხარ?
_ არა. მინდა ცოლი.
_ მთავარია, შენ არ იყო უარზე, თორემ თუ ჩვენი ლაშქრობა ასე გაგრძელდა, სამ დღეში ჩავაბარებ ქეთინოს.
შეთე გაიბადრა.
შემდეგ ბევრ საშინაო საქმეზე მოველაპარაკენით კოტორიანთ და რადგანაც ჯარი დაღლილია და ხვალ უთენია უნდა გავილაშქროთ, ყარაულების გარდა, ყველანი საძილედ დავწექით.
ნისლაურნი
(ისევ მემატიანის რვეულიდან)
გათენდა. მეზარემ ზარი დარეკა. ელენამ სუფრა გაშალა და მცირედ წავიხემსეთ. მთავარსარდალმა ჯარი დააწყო. დეკანოზმა გამოსათხოვარი სიტყვა უთხრა კოტორიანთ. ჩამოვხსენით დროშა და დავიძარი სოფელ ნისლაურთასკენ. ნილაურნი აქედან ორ კილომეტრზე არიან. წინ მზვერავები წავიდნენ. რამდენიმე ხანში უკან მობრუნდნენ და უცნაური ამბავი მოიტანეს:
_ ნისლაურნი, შავებში ჩაცმულები, _ უმრავლესობა ქალებია, _ გორდაგორ მოდიან და რაღაცას მოასვენებენ ნება, ცივ ცივად, თითქოს კუბოაო, მაგრამ მიცვალებული არ არის შიგ. რა კაცი უნდა ჩაეტიოს, კუბო ასანთის კოლოფის ტოლია.
_ ცივ ცივად მოაქვთ? _ დაეჭვდა სარდალი.
_ ჰო, თითქოს მკვდარი მოაქვთო, ისე.
_ გასაგებია. თუ არა ვცდები, მაგათ ბომბი მოაქვთ და ეშინიათ არ აუფეთქდეთ: შავად კიდევ იმიტომ არიან ჩაცმულნი, ჩვენ უნდა შეგვიყვანონ შეცდომაში, ეს მანევრია, მაგრამ ამით ვერ მოგვატყუებენ. ეხლავე ალყა შემოვარტყათ და ალყაში რომ გვეყოლებიან, ხომ ვეღარ ააფეთქებენ, ყოჩაღ მზვერავებო, თქვენ რომ არა, შეიძლება გზაში ჩაგვიდებდნენ იმ ბობსა. სასწრაფოდ დაწერეთ ბრძანება მზვერავების დაჯილდოების შესახებ, _ მიუბრუნდა მთავარსარდალი მწერალს და მთელი სისწრაფით დავიძარით წინ. ნისლაურნი ვერც კი მიხვდნენ, როგორ აღმოჩნდნენ ჩვენს ალყაში.
_ შეჩერდით! _ უბრძანა სარდალმა.
_ ისინი შედგნენ.
_ ცივად დაასვენეთ ეგ ბომბი!
_ რომელი ბომბი, რა ბომბი?!
_ მა რა გაქვთ მაგ ყუთში?
_ მიცვალებულია.
_ თავს ნუ იგდებთ მასხრად, რომელი მიცვალებული ჩაეტევა მანდ!
_ რომელი და თაგვი..
_ რაო?!
_ თაგვი მოკვდა ჩვენ სოფელში.
_ მერე?
_ მერე იმას მოვასვენებთ.
_ ქვენ გიჟები ხომ არა ხართ?!
_ რატო. ესეთი წესი გვაქვს. ჩვენ სოფელში რაც მოკვდება, ყველაფერს ვასაფლავებთ. ყველანი ღვთის შვილები ვართ.
_ რა წესია ეგ! _ გაბრაზდა დეკანოზი, _ ჩვენი ნებართვის გარეშე ვინ მოგცათ მაგის უფლება, რომ ახალ ახალ წესებს იგონებთ. ეხლავე დაიფიცეთ სათემო ხატზე, რომ კვლავაც წინ დააყენებთ ჩოხლების გვარს და თუ ქალის სათხოვნელად, ან კაკლის ხეების სათხოვნელად მოვალთ, უარს არ გვეტყვით.
_ უარს არც ადრე გეუბნებოდით..
_ არ გეუბნებოდით, მაგრამ უნდა დავიფიცოთ. რაც შეეხება თაგვებს, სად გაგონილა თაგვის გასვენება..
_ ჩვენ ეგეთი წესი გვაქვს, გველებსაც ვასაფლავებთ, ძაღლებსაც, ფრინველებსაც და ბუზებსაც. აგე, ის გორი ამ უბედურებისია, იმათ _ თაგვს გადახადეს წასახურავი და გამოჩნდა ტუჩებმოპრუწული და კუდგაფშეკილი საცოდავი არსება.
დეკანოზმა ჯერ მორჩილებზე დააფიცა ხალხი, მერე მთავარსარდალს გადაუჩურჩულა:
_ სჯობია, მივუშვათ თავის ნებაზე, თავისი მიცვალებულები გინდა დაასაფლავონ, გინდა ზეზეურ დაყარონ, გავყვეთ უკან.
ვაჟი გოგიმ ალყა მოუხსნა პროცესიას და უკან გავყევით. იმათ წინდაწინ გათხრილ მიწაში ჩაასვენეს თაგვი. ამ ამბავს რომ მოვრჩით, ნისლაურნი სოფელში წავიყვანეთ, მაღალ ბანზე დროშა გამოვკიდეთ და დაიწყო ფილოსოფიური დაკითხვა.
ნისლაური ზითანდარი
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ რამდენი წლისა ხარ?
_ ორმოდამეთხუთმეტე წელში ვდგავარ.
_ რა არის სიკვდილი?
_ სიკვდილი რა არიო? _ ჰა ჰა ჰა, კაცი რომ მოკვდება, ის არის.
_ სად მივდივართ სიკვდილის მერე?
_ სადა და, შენ ჯვარი გეწეროს, სადაც ეხლა აის თაგვი წავიდა, იქ წავალთ, აბა სხოგან სადა? მიწაში წავალთ.
_ მიწაში რა არის?
_ ეე, მიწაში, რავი რა არის, მიწაში გველებია, ჭიები და ბაყაყები, აბა, სხო რა.
_ სული როგორია?
_ სული ისეთია რო, ხან როგორ მოეჩვენება კაცსა, ხან როგორა. ხან იქ წავა, სული, ხან იქ. აი, სიზმარში როგორ მოეჩვენებაკე კაცსა.
_ სიზმარში?
_ ჰო, სიზმარს აკი ვნახავთკეა და სულიც ეგე არის, დადის არი არედ, დადის..
_ სუ მუდამ იქნება ის სული?
_ იმასაც დრო ექნება, წავა მერე და სუ დაიკარგება, სუყველას თავის დრო აქვს.
_ არაფრად გადაიქცევა?
_ ჰო, არაფრად. მერე არაფერი ისევ რამედ მაიქცევა და ესე.
_ შენ არ გეჩვენება, რომ ხშირად ამ ცხოვრებას ვიმეორებთ?
_ როგორ თუ ვიმეორებთ?!
_ აი, მაგალითად, რაღაცას რომ ვაკეთებთ, გვეჩვენება, თითქოს ეს როდისღაც უკვე გაგვიკეთებია?
_ ჰო, როგორ არა. აი, წეღან თაგვს რომ მივასვენებდით, ვიხსენებდით, სად მინახია მეთქი ზუსტად ასე, მერე თქვენც გამოჩნდით, თქვენი ლაშქარიც ზუსტად ისე ნანახი მყავდა როდისღაც, ოღონდ არ ვიცი, როდის.
_ როგორ გგონია, სამოთხე არის?
_ სამოთხეს არ ეძახიან, აი, სულნი რომ შეიკრიბებიან და არიან ერთადა, აბა, რავი, როგორ გითხრა. ძოლები მიწაში იკარგება, სული საიქიოს მიდის. ადამიანის სული არ არის დაკარგული, არა.
_ წეღან აკი სთქვია, დრო აქვს და გაქრებაო.
_ ჰო, ეგრე იქნება, საიქიოსაც თავისი დრო ექნება. კაცი ორჯერა კვდებაო, ის არ იციან?
_ როგორაო?
_ ორჯერა კვდებაო.
_ როგორ ორჯერაო.
_ აი, ორჯერ ისე, რო ერთხელ ხო მოკვდება, ხორცი მოკვდება, მორედ კიდევ სული მოკვდება და დაიკარგება ადამიანი სულა.
_ დედამიწას უდგას სული თუ არა.
_ მაშა, დედამიწას როგორ არ უდგას სული!
_ როგორც კაცს, ისე?
_ როგორც ადამიანი იქცევს სულს, ისე დედამიწა.
_ დედამიწა მოკვდება?
_ არა, დედამიწას რაღა მოჰკლავს. სული არის და იქნება.
_ ომი რო იყვეს? ესეთი კი არა, ჩვენ რო კულტურულად ვიქცევით, ჩოხლები, დიდი ომი რო იყოს..
_ ეს ხო სიკვდილი იქნება.
_ ჰო, თუ გადაიწვება, მოკვდება დედამიწა.
ორი მონადირე
(მოთხრობა მწერლის რვეულიდან)
შუაღამე ის ის იყო გადავიდა, რომ სოფელ ნისლაურთიდნ ორი მონადირე გამოვიდა ფეხაკრებით და საჯიხვეებისაკენ შეუყვნენ აღმართს.
ორივე ახალგაზრდა იყო. ორივე ჩუმად მიდიოდა. გათენებამდე ხმაამოუღებლად იარეს. ჭიუხის ძირში გაუთენდათ და დასხდნენ. ზურგზემოკიდებული გუდები მოიხსნეს და ერთმა ხავიწი ამოიღო, მეორემ _ მშრალად მოხარშული ხორცი. დანაყრდნენ, იქვე, ქვის ძირში ცივი წყარო გამოდიოდა. დალიეს. თითომ პეშვი დალია.
_ ბევრი წყალი მუხლს ჭრის ადამიანს, თქვა ერთმა.
მეორეს ხმა არ ამოუღია. გუდები მოიკიდეს და კლდის ქიმს აჰყვნენ.
ერთს გაგი ერქვა, მეორეს _ ჯარჯი.
ორივეს ერთ ქალიშვილი უყვარდა და იმ გოგოს იამზე ერქვა.
ჯარჯიც იამზეზე ფიქრობდა, გაგიც.
იამზეს ჯარჯი უყვარდა. გაგიმ იცოდა ეს.
ჯარჯიმ იცოდა, რომ ამ წუთში გაგი იამზეზე ფიქრობდა. გაგიმაც იცოდა ჯარჯის ფიქრი. ჯარჯის გულის სიღრმეში ენანებოდა კიდეც გაგი, მაგრამ..
ერთი კლდის წვერზე დარჩა, მეორემ უკნიდან წამოუარა კლდეს და ჯიხვების ფარა აქეთ წამოაფრთხო. გაგიმ ესროლა და თიკნის დედა მოკლა. თიკანი აღარ გაქცეულა, დედასთან დარჩა და თვალების ლოკვა დაიუწყო.
იმათ გაატყავეს ჯიხვი და გამოქვაბულში წავიდნენ ღამის გასათევად.
იმ ღამეს ქარი ამოვარდა და ღრუბლები გადმორეკა გუდამაყრის ხეობაში. ჩამობნელდა. გამოქვაბული ცეცხლის შუქით იყო განათებული. ჯიხვის ციკანმა ერთხელ შემოიხედა შემოსასვლელიდან და გაიქცა. ნაღვერდლებზე სამიამოვნოდ შიშხინებდა გულ ღვიძლი და კრიალა ჰაერს მწვადის სუნი ერეოდა. მონადირეები ისევ ჩუმად ისხდნენ.
გამოქვაბულის შემოსასვლელში ნარი იყო ამოსული და ლურჯად ყვაოდა. ქარი უბერავდა და აქეთ იქით აქანავებდა.
_ ხედავ სადამდე ამოსულა? _ თქვა ჯარჯიმ.
_ რა? _ იკითხა გაგიმ.
_ ნარი.
გაგიმ თოფში ტყვია ჩადო და გაიღიმა. მერე ჯარჯის უთხრა:
_ ეხლა რომ მოგკლა, ხომ ვერავინ გაიგებს.
_ რას ვერ გაიგებს? _ გაიცინა ჯარჯიმ.
_ იმას, რომ მე მოგკალი, _ ისევ გაეცინა გაგის.
_ აი, იმ ნარს ხომ ხედავ?
_ _ ვხედავ.
_ აი, იმ ნარს ვათქმევინებდი, რომ შენ მომკალი.
_ გაგიმ გაიცინა და თოფიდან ტყვია ამოიღო.
ჯარჯიმ ცეცხლს შეშა დააყარა და მწვადები წამოაცვა ჯოხზე. ზურგით გაგისკენ იყო შემობრუნებული.
უცებ დაიგრიალა თოფმა და ჯარჯი პირქვე ჩაემხო ცეცხლში.
ჯერ გულაღმა დააწვინა გაგიმ მკვდარი. მერე თვალები დაუხუჭა და ხელები გულზე დაუწყო.
ქარი ქროდა და მთელი ღამე აქეთ იქით აქანავებდა შემოსასვლელში ლურჯად გაყვავებულ ნარს.
გათენებისას არ გადაიწმინდა. სიბნელიდან თეთრად ამოიკვეთნენ მყინვარები.
გაგიმ მკვდარი აიკიდა და ზემოთ წაიღო. შუადღემდე ზურგით ატარა. მყინვარებში რომ ავიდა, აქ ყინულის დიდ ნაპრალში დამალა. ზემოდან სიპები დააყარა, მერე ყინულები.
ხუთი დღე ჭიუხებში იხეტიალა. ღამეს გამოქვაბულში ათევდა. მერე შინ წამოვიდა, თან მოკლული ჯიხვი წამოიღო.
_ რა იქნა ჯარჯიო, _ ჰკითხეს.
_ არ მოსულაო?! _ გაიკვირვა.
_ არაო, _ უთხრეს.
_ სამი დღეა, რაც ჯარჯი შინ წამოვიდა. მოკლული ჯიხვი წამოიღო. მე ჯიხვების ფარამ გამიტყუა, _ თქვა, ჯიხვი დააგდო და ისევ უკან გაბრუნდა ჯარჯის საძებნელად. ჯარჯის ძმებიც თან გაჰყვნენ. იმ ადგილზე, სადაც მკვდარი ჰყავდა დამალული, რამდენჯერმე ზემოდან გაიარ გამოიარეს.
ვერსად ვერ იპოვეს.
თხუთმეტი წლის მერე, ნისლაურთ სოფელში, შემოდგომით, ზამთრის პირზე ხარებით ძნასა ლეწავენ ქალი და კაცი.
კაცი გაგი არის, ქალი იმისი ცოლი, იამზე. გაგი უკვე ხანშია შესული.
მერე ცოლი და ქმარი ჩალაში მიიშლის ნაბდებს და დასაძინებლად წვებიან. კალოს შემოსასვლელში ნარი ამოსულა და ქარი აქეთ იქით აქანავებს.
კაცს გაეცინა.
_ რა გაცინებს? _ ჰკითხა ცოლმა.
_ არაფერი, _ თქვა გაგიმ.
აღარ მოეშვა ცოლი, მითხარი, რატომ გაიცინეო. გაგი არაფრით არ ამბობდა. აღარც ღამე მოასვენა ცოლმა. გაგიმ იფიქრა, ჩემი ცოლია, მას მერე თხუთმეტი წელია გასული და, მერე რა, ვეტყვიო.
_ აი, იმ ნარს ხომ ხედავ?
_ ვხედავ, _ თქვა ქალმა.
_ მაგაზე გამეცინა. ჯარჯიმ მითხრა, რომ მომკლა ნარს ვათქმევინებ, რომ შენ მომკალიო. იმიტომ გამეცინა. ნარს რისი თქმა შეუძლია.
მორე დილით ცოლი აღარ დახვდა გვერდით. გაგის ზემოთი ბანიდან ფეხის ხმა მოესმა. აიხედა. ჯარჯის ძმას მოჰკრა თვალი.
იმავე წუთში თოფმა იგრიალა და სანამ მთლად წაერთმეოდა ამქვეყნიური ხილვები, ერთხელ კიდევ უკანასკნელად, კალოს შემოსასვლელში, ნარს მოჰკრა თვალი გაგიმ.
ქარი ქროდა და ნარს აქეთ იქით აქანავებდა.
გაუგონარი შეტევა
(მემატიანის რვეულიდან)
იმის მერე, რაც ნისლაურებში ფილოსოფიურ დაკითხვებს მოვრჩით და დეკანოზმა მეგობრული სიტყვით მიმართა ნისლაურთ, მთავარსარდალმა ჯარი დააწყო და იმ დღეს არნახული ლაშქრობა მოვაწყეთ.
ალბათ ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე სარდალს ერთ დღეში ათი ქვეყანა აეღოს, თანაც ისე გონივრულად, როგორც ჩვენ. სხვათა ლაშქრობებს თან სდევს შიმშილი, სისხლი, ხოცვა ჟლეტა, ნგრევა, ერების დამცირება.. ჩვენ კი, პირიქით, უსისხლოდ ჩუმად და ფილოსოფიურად ვმოქმედებდით. გამოთხოვებისას ყველას მეგობრული სიტყვით მიმართავდა დეკანოზი, ხანდახან კაკლის თაობაზე ჩამოაგდებდა სიტყვას.
, თებერვალს მზის ჩასვლამდე ათი სოფელი ავიღეთ და დავაფიცეთ სათემო ხატზე, ჩავიწერეთ უამრავი დარდი, რაც იმათ აწუხებს, ვაწარმოეთ ფილოსოფიური დაკითხვები და სხვა და სხვა.. ერთიმეორის მიყოლებით განვამტკიცეთ ჩვენი უფლებები სოფლებში.
მზის ჩასვლისას მაქართას მივადექით და, მართალია, მზის სხივებმა ვეღარ ააელვარეს მაქართის თავზე ჩვენი დროშა, მაინც ავაფრიალეთ. დაბინდებამდე მაქართაც დაგვნებდა და ის ღამეც იქ გავატარეთ დიდ ფილოსოფიურ მეცნიერულ გამოკითხვებში.
განთიადისას კიტოხისაკენ დავიძარით. მთავარსარდალმა კიტოხის მისადგომებთან შეგვაყენა და სიტყვით მოგვმართა:
_ ჩვენ არნახული შეტევა განვახორციელეთ, თითოეული თქვენგანი ქების ღირსია. როდისმე წაგიყვანთ წყალქვეშა ქალაქების სანახავად, მანამდე კი დიდი საქმე გვაქვს. მთავარია, ეხლა კიტოხი ავიღოთ და გუდამაყარი ჩვენია. კიტოხი, სხვა სოფლებთან შედარებით, კულტურული სოფელია და ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს, აქვთ სკოლა. გამოცდილებით ვიცი, რომ თუ აქამდე კულტურულად ვექცეოდით გაუნათლებელ სოფლებს, განათლებულებს პირიქით, ველურად უნდა მოვექცეთ, რომ დავიმორჩილოთ. კულტურულებს სიველურისა ეშინიათ. აბა მაშ გეძლევათ სრული სიველურე და გადავდივართ შეტევაზე!
მყვირალები ყვირილით გაიქცნენ.
ატყდა თოფების გრიალი.
სოფელს ალყა შემოვარტყით. აქა იქ თივის ზვინები დავწვით და ზუსტად ერთ საათში ჩვენი დეკანოზი სათემო ხატზე აფიცებდა მუხლზე დაჩოქილ კიტოხელებს.
მერე ფილოსოფიური დაკითხვაც მოვაწყვეთ, რომ ამით ჩვენი სიველურე გადაგვეფარა.
დეკანოზმა სკოლის დათვალიერება მოინდომა.
_ ხომ უნდა ვიცოდეთ, რას ასწავლიან სკოლაში ბალღებს, _ თქვა და მთავარსარდალი მოიხმო.
_ ჯარი წამოვიყვანოთ? _ იკითხა ვაჟი გოგიმ.
_ არა, სკოლაში ნუ შემოიყვან, სკოლის წინ გაატარ გამოატარე ისე, რომ ბალღებმა დაინახონ და შეიგრძნონ შენი ძალა, _ უთხრა დეკანოზმა.
დეკანოზი კლასში შევიდა და მასწავლებელს ჰკითხა:
_ თუ უნერგავთ ბალღებს ჩოხელების გვარის მორჩილებას?
_ კი, _ თქვა მასწავლებელმა.
_ თუ შეიძლება ფილოსოფიური დონე გაგისინჯოთ თქვენ და თქვენ ბავშვებს?
_ შეიძლება.
გამოკითხვა დაიწყო.
ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ აატარა და ჩამოატარა ვაჟი გოგიმ ჯარი.
Hello @anakur, thank you for sharing this creative work! We just stopped by to say that you've been upvoted by the @creativecrypto magazine. The Creative Crypto is all about art on the blockchain and learning from creatives like you. Looking forward to crossing paths again soon. Steem on!
Thank you for your support and kind words.