გოდერძი ჩოხელი, ადამაინთა სევდა (ნაწილი IV) / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.
ადამაინთა სევდა (ნაწილი IV)
(მემატიანის რვეულიდან)
პირობა დაირღვა!
ამ ცნობამ ელვასავით დაუარა მთელ გუდამაყარს და ჩოხლები იძულებულნი შეიქმნენ გამოებრძანებინათ სათემო ხატი. უნდა დაილაშქროს მთელი ხეობა და მოსახლეობამ ხელახლა დაიფიცოს, რომ კვლავაც შეასრულებენ ჩოხლების მოთხოვნებს.
ლაშქარს სათავეში უდგას გამოცდილი ჩოხელი, მრავალ ომში ნაცადი, თორმეტ წელიწადს წყალქვეშ ნამყოფი, სახელოვანი მთავარსარდალი _ ვაჟი გოგი.
დღეს, ამა წლის I თებერვალს, ჩოხლების ლაშქარი აღმოსავლეთისკენ დაიძრა. წინ დეკანოზი მიდის სათემო ხატით ხელში, უკან მთავარსარდალი მიჰყვება, შემდეგ მეზარე და ამის შემდეგ მივდივართ ჩვენ, ისტორიკოს ფილოსოფოსნი და მოლაშქრენი.
ბრძოლის გეგმა
(”საიდუმლო დავალებათა” რვეულიდან)
მთავარსარდლობამ თვალი გადაავლო გუდამაყრის ხეობას და გადაწყდა შემდეგ სოფლებზე თავდასხმა:
- ჩობოლაური, 1 კოტორიანი,
2.ლიდა, 11. ნისლაურნი, - ხოზა, 12. ლაგაზიანი,
- ცუცქუნაურნი, 13.თორელაანი,
5.ფახვიჯი, 14. ბახანი, - საჩალის ჭალა, 15. წინამხარი,
- ქიჭოხი, 16. მაქართა,
- ლუთხუბი, 17. კიტოხი.
- დიხჩო,
კიტოხის შემდეგ არის სოფელი დიდებანი. მთავარსარდლობამ გადაწყვიტა, კიტოხის აღების შემდეგ არ შევიდეს ამ სოფელში. აქ შევალთ ბოლოს, როცა ყველა სოფელს დავაფიცებთ ხატზე და ამათაც სხვა გამოსავალი აღარ ექნებათ. ამ სოფელს ჩუმად ავუვლით გვერდს და შემდეგი თანმიმდევრობით ვიღებთ დანარჩენ სოფლებს: - გამსი, 23. საქორე,
- ჭალიველნი, 24. ქაქეენი,
2 . ათნოხი, 25. ბუსარჭილი, - ბოსელი, 26. სალაღო.
- დუმაცხო,
ამის შემდეგ მთავარი ძალებით შევუტევთ სოფელ დიდებათ.
დღესვე ხეობის შემოსასვლელში გაიგზავნენ მზვერავები, რათა შემოსასვლელი ზვავებით ჩაჰკეტონ. საზღვაო ნაწილი გაგზავნილია არაგვზე.
ჩობალაურნი
(მემატიანის რვეულიდან)
სოფელი ჩობოლაურნი ჩოხის აღმოსავლეთით ორიოდ კილომეტრზე მდებარეობს. სოფელს იქით და აქეთ კლდიანი ხევები ჩამოუდის. სოფელში შესვლა თოვლის გამო გაძნელებულია, ჭირს მარხილებით გავლა საცალფეხო ბილიკზე, მაგრამ მთავარსარდლის ბრძანება ურყევია: «პირველი დარტყმა ელვისებური უნდა იყოს და ამისათვის ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ. პირველმა გამარჯვებამ უნდა აღაფრთოვანოს მებრძოლები და მომავალი გამარჯვებისკენ გაუკვლიოს გზა». _ ეს მთავარსარდლის სიტყვებია.
ჯარი წინ მიიწევს. ირგვლივ თოვლი და სიწყნარეა. სოფელი გამოჩნდა. მთავარსარდალმა მოლაშქრენი შეაყენა და რაკი მზვერავები ჯერ არ დაბრუნებულან ხეობის დასაწყისიდან, ელენაი და სალომე გაგზავნა ჩობოლაურთას. ქალები თხუთმეტ წუთში მობრუნდნენ.
_ რა ამბავია? _ ჰკითხა მთავარსარდალმა.
_ დედაკაცები ბანზე სხედან და წინდებს ჰქსოვენ, _ თქვეს მზვერავებმა.
ჩვენი ლაშქრობა იმითაც არის გონივრული, რომ ზამთარში მამაკაცები ცხვარში არიან წასულნი. თუმცა ჩვენი ლაშქარიც დედაკაცებისაგან შედგება, მაგრამ ჩვენი დედაკაცებიი!..
მთავარსარდალმა შეტევის ნიშანი მისცა და საშინელი ყვირილით შეცვივდნენ სოფელში მყვირალები. მეზარემ ზარი აახმიანა. მეთოფეებმა თოფები დააქუხეს. სოფელი ალყაშია მოქცეული. საშინელი წივილ კივილია. მგონი მტერი გვნებდება, მაღალ ბანზე ჩვენი დროშა არის გამოკიდებული. აი, შეტევაც ამას ჰქვია!
პირველი გამარჯვება
(ისევ მემატიანის რვეულიდან)
პირველი შეტევა პირველი გამარჯვებით დამთავრდა. ჯარი სოფელში შევიდა. მაღალ ბანზე ჩვენი დროშა ფრიალებს.
მთავარსარდალი და დეკანოზი ტახტზე სხედან. ჩვენებს მოწინააღმდეგენი ბანზე დაუჩოქებიათ და მორიგეობით აფიცებენ ხატზე, რომ კვლავაც სცნობენ ჩოხლების უპირატესობას, უმეტესად ქალის საკითხში. რა შეედრება ამ წუთს. ხატზე დაფიცება დამთავრდა და ახლა ფილოსოფოსებისა და მწერლების ჯერი დადგა. მოწინააღმდეგე ფილოსოფიით უნდა დააბნიო, რომ შემდეგში ადვილად ვეღარ გაგიწიოს წინააღმდეგობა. ცალკე მწერალი იწერს ამბებს, ცალკე ფილოსოფოსი, ცალკე ჯარისკაცები სწერენ სახლში გასაგზავნ წერილებს. მოწინააღმდეგე გაოგნებულია..
კითხვები
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი.
_ წიკლაური სოლომონი.
_ რამდენი წლისა ხარ?
_ მეოთხმოცეში ვდგავარ.
_ შენი აზრით, რა არის სიცოცხლე ან საიდან მოვიდა.
_ ვითომ სიცოცხლე ღვთისგან არის, მე ეგე ვიცი.
_ კაცი რო დაიბადება, თავისა და მთორის სავალსა, მაშინ დაუწერს მწერალი, თავის თავგადასავალსა. თავში აწერიაო.
_ რა აწერიაო?
_ ბედი. ადამიანს თავის ბედი თავში აწერიაო. ერთი დედაკაცი ყოფილა მშობიარედ და ბიჭი ჰყოლებია. იმ ღამეს მისულა სამი მწერალი. ეს დედაკაცი ისმენს იმათ ლაპარაკს, ისენი ბედს უწერენ.. ერთს უთქომს რო: ემ ბალღმა იმდენ ხანს იცოცხლოს, სანამ ხეზე ახდომა შეეძლებაო, ჩამოვარდეს და მერე მოკვდესო. მეორემ _ არაო: წყალმა წაიღოსო. მესამემ _ ვიდრე აეს ნიგზურაი არ ჩაიწვებაო, _ კერაზე ნიგზურაი ენთო, იმაზე თქო. ი, ბიჭის დედამ აიღო ნიგზურაი, ჩააქრო და შაინახა.
_ მერე?
_ გაიზარდა ის ბალღი, მაიყვანა ცოლი, იმ ნიგზურაის ამბავიც უთხრა თავის დედამ.
_ მერე?
_ ერთ მთვარიან ღამეს ცხვრიდან მოდიოდა სახლში. ყანებში თავის ცოლს წააწყდა მეზობელთან მწოლარეს. ისენი იქვე დახოცა, თვითონ ავიდა და ის ნიგზურაი ცეცხლში დაწო. იმავე ღამეს მოკლეს თოფით მოკლულის ძმებმა.
_ შენ რომ გქონდეს ეგეთი ნიგზურაი შენახული, რას უზამდი, როდისმე დასწვავდი?
_ ზოგჯერ ისე ჯავრი მამივაკე ჩემ თავზე, მეც დავწოვდი.
_ სიკვდილი რა არის?
_ ეგეც ღვთისგან არის. ღმერთს უთქომს: ორი ბიჭი ჰყავდეს ადამიანს და ერთი ქალიო. მერე ეშმაკმა უთხრა: შენ ვინღა გახსენებს, ადამიანები რომ არ მოკვდნენ და სუ ცოცხლები იყვნენო. მერე ისე გამიგონია, რომ მოიგონა ღმერთმა სიკვდილი.
_ ადამიანი რომ კვდება, სად მიდის?
_ იცვლებაო ადამიანი, ასე გამიგონია.
_ რა აზრი აქვს კაცის ხანგრძლივ სიცოცხლეს?
_ სიცოცხლე გვიყვარს, მეტი არაფერი.
_ ღმერთმა რომ გითხრას, რამდენი ხანიც გინდა, იმდენი წელი მთხოვეო. რამდენი წლის სიცოცხლეს სთხოვდი?
_ ოთხმოცდაათსა.
_ რო ეთქვა, არა, ორასს მოგცემო?
_ ვერ შავძლებდი, ვერ გადავიტანდი.
_ რატო ვერ შასძლებდი?
_ სიბერის გამო. დავვუძლურდებოდი.
_ როგორ გგონია, ეს დედამიწა სულ მუდამ იარსებებს?
_ რა თქმა უნდა, მე ეგე ვფიქრობ. მაშ რამ უნდა შაჭამოს, რომ ვთქოთ?
_ ომი რომ მოხდეს?
_ ომი არ არის, თქვენ რომ დაგვესხით, მა რა არის?
_ დიდი ომი რომ მოხდეს?
_ ომი მიწის ზევიდან იქნება, დაბლიდან ხო არა. დედამიწა რატო ჰქვია _ ომსაც შაიშრობს და სისხლსაცა.
_ რო მოსწყდეს მოულოდნელადა? სად წავა?
_ თუ აორთქლდება, თორო სხოგან სად უნდა წავიდეს, აღარ ვიცი. წყალი წაიღებს, სად წაიღებს?!
_ აორთქლდება?!
_ ჰო, აორთქლდება.
_ ქვებსა და ხეებს ეყურება თუ არა?
_ ეყურება თავის ენაზე, მაგრამ მე, აბა, რა გავაგონო. ეგენიც თავის ენაზე ლაპარაკობენ. კლდისა კი რა გითხრა.
_ როგორ გგონია, ღმერთი სად არის?
_ აბა, მე ვინ მანახვებს.
_ სიზმარი რა არის?
_ სულ დადის და დახეტიალობს აქა იქ, ხან საიქიოს, ხან _ საქააოს.
_ როგორ გგონია, ვარსკვლავებზე არიან ადამიანები თუ არა.
_ ზევითაც ხალხია და ქვევითაც, ჩვენ შუაზე ვართ და სარტყლები იმიტომ გვარტყია წელზედა.
_ აბა, მაშ ვინც ზევით ცხოვრობენ, იმათ თავზე ერტყმის?
_ რა თქმა უნდა.
_ ვინც ქვევით არიან?
_ იმათ ფეხები ექნებათ გაბმული და რანაირ დაიწყებენ სიარულს, არ ვიცი.
_ მკვდარს რატო გაუბამენკე ფეხებს.
_ არ ვიცი, რომ მარხავენ, მერე გაუხსნიანკე. არც ქუდს ახურებენ, გვერდზე უდებენ, _ მარჯვენა გვერდზე. ერთისთვის დავიწყნიყოთ ფეხების გახსნა, ისე დაემარხათ, იმის დედა თურმე ყოველღამე სიზმარში ხედავს _ მივა იმისი შვილი და ეხვეწება დედი, ფეხები მაქვს გაბმულიო. ამოეთხარა იმ დედაკაცს და მართლა გაბმული ჰქონიყო.
_ ქუდს არ ახურავენ?
_ არა, არ ახურავენ.
_ სიცოცხლე ხომ გიყვარს.
_ სიცოცხლე ყველაზე მეტად მიყვარს. რაც უფრო ვბერდები, მით უფრო მიტკბება სული.