ცივად მოყოლილი დაუჯერებელი ამბავი - ნაწილი I, თავი III -გაგრძელება (შუქურა)

in #writing6 years ago (edited)
თავი 3 - შუქურა - გაგრძელება

...დაბრუნება წინა ნაწილზე...-

შუქურა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ერთად გავიზარდეთ. მე ბებია მზრდიდა, რადგან დედა და მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. მაშინ მხოლოდ 3 თვის ვიყავი. მათ შესახებ ბებოსგან ვიცი და იმ ფოტოსურათებით, რომლებიც ჩვენს საოჯახო ფოტო ალბომებში ინახება. ერთი წლით უმცროსი ვარ შუქურაზე. უფრო სწორედ კი 10 თვით. 1980 წლის 19 მარტს დავიბადე და იმავე წლის 23 ივლისს დავობლდი. შუქურა პირველად 1983 წელს გავიცანი. სამი წლის ვიყავი, ის კი ოთხის. მას შემდეგ ძმებივით ვართ. მიუხედავად იმისა, რომ შუქურა ძალიან გამხდარია და სუსტი აღნაგობისაა, მისი ყოველთვის ყველას ეშინოდა და ამავდროულად პატივსაც სცემდნენ. სამართლიანი, მაგრამ მკაცრი იყო ბავშვობიდანვე. დღემდე ასეთია. არავის აპატიებს ცუდ საქციელს, მაგრამ სიკეთეს მუდამ სიკეთითვე პასუხობს. სუსტების ჩაგვრას ყველაზე მეტად ვერ იტანს. ბავშვობაში არაერთხელ უჩხუბია თანატოლებთან ან უფროსებთან იმის გამო, რომ დაეცვა ის, ვისაც სხვები ჩაგრავდნენ. უმცროსებთან კი არ მახსენდება ეჩხუბოს. ამ საკითხსაც თავისებურად უდგებოდა. ერიდებოდა უმცროსებთან კონფლიქტს, თუმცა ხშირად დამრიგებლის როლს ასრულებდა ხოლმე ასაკით მასზე უმცროს ბავშვებთან.
ჩვენ ერთ სკოლაში არასოდეს გვივლია, მაგრამ მის შესახებ ყველაფერი ვიცი. ვიცი, რომ არც თუ ისე ბეჯითი მოსწავლე იყო, მაგრამ ყველა მასწავლებელს უყვარდა. ისე ნიჭიერი კი იყო და დღემდე ასეთია.
შუქურას გატაცება იარაღები და საბრძოლო მანქანებია. სამხედრო ექსპერტობაზეც ოცნებობდა ერთ დროს. მგონი ახლაც ხშირად ფიქრობს ამაზე. ზედმიწევნით იცის ყველა ტანკი რაც კი ოდესმე კაცობრიობას შეუქმნია. შეუძლია საათობით ისაუბროს იმაზე, თუ რომელი ტანკი რით არის გამორჩეული და რომელს რა სუსტი მხარეები აქვს. საბრძოლო თვითმფრინავებზეც ბევრი იცის. ერთხელ წერილი მისწერა ამერიკის ოთხვარსკვლავიან გენერალს, ჯონ მალხაზ შალიკაშვილს. მაშინ ბატონი შალიკაშვილი აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ. შუქურა კი მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო. ამ ამბავს მოგვიანებით უფრო ვრცლად გიამბობთ.
შუქურა ერთად-ერთი ადამიანია იმ ადამიანთა შორის, ვისაც ვიცნობ და ცხოვრებაში პომიდორი არ გაუსინჯავს. არადა კიტრიც ძალიან უყვარს და სხვა ბოსტნეულიც, მაგრამ პომიდორი მისთვის უცხო ხილია. ხილი კი არ არის, ბოსტნეულია, მაგრამ ასეთი გამოთქმა ძალიან უხდება ამ უცნაურ ფაქტს ჩემი შუქურას დახასიათებიდან. ისე, ადრე სადღაც წავიკითხე, რომ პომიდორი სინამდვილეში ხილია და არა ბოსტნეული.

Coin Marketplace

STEEM 0.18
TRX 0.17
JST 0.032
BTC 63455.85
ETH 2722.31
USDT 1.00
SBD 2.58