ცივად მოყოლილი დაუჯერებელი ამბავი - ნაწილი I, თავი I, II, III
ცივად მოყოლილი დაუჯერებელი ამბავი
ნაწილი 1
თავი 1 - ამას კიდევ დავუბრუნდებით.
ასეთი ღამე მკვდარსაც კი შეაშინებს. უკუნეთი სიბნელეა და ისეთი სიჩუმე დგას თითქოს ირგვლივ ყველაფერი გამქრალიყოს და ... ისმის რაღაც... აი რაღაც უცნაური ხმა მოდის შორიდან... ძალიან უცნაური. თითქოს ბავშვის კისკისის ხმაა თუმცა ოდნავ განსხვავებული. არა, არა ადამაინისა არ არის. ცხოველია ალბათ ან... არა ნამდვილად ცხოველია და თან ახლოვდება, ძლიერდება ხმა. გული ლამისაა საგულედან ამომივარდეს. ასე არასოდეს შემშინებია. არც ის ვიცი აქ როგორ მოვხვდი ან საერთოდ სად ვარ.
ვცდილობ გავიხსენო ბოლოს სად ვიყავი და როდის ამერია აზრები...
უუუუჰ, არა არა, საშინელება მჭირს. თითქოს სიზმარში ვარ და ვერ ვახერხებ გამოღვიძებას. ძალიან მინდა გავახილო თვალი და დავინახო. დავინახო გამოსახულება, რამე რაც დამარწმუნებს, რომ არ დავბრმავებულვარ. თვალებს კი ვახამხამებ, მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვხედავ. სიბნელეა, ძალიან შავი სიბნელე. არა, არა! ვიცი, რომ ეს სიზმარი არაა. ყველაფერი ნამდვილია, მაგრამ როგორ? სად ვარ ღმერთო? ... აი, "ღმერთო" ვახსენე. რა მჭირს, საიდან აღმოვჩნდი აქ? მოვკვდი და ჯოჯოხეთში ვარ?
სიცივეა, მაგრამ ნიავიც კი არ უბერავს. ხელებს რატომ ვერ ვამოძრავებ ამის დედა მო.... ეს რა ხმაა? ისევ ის ცხოველია? არა, ხმა აშკარად სხვაა, თითქოს არა ბუნებრივი. ვაიმე, სად ვარ? ვგიჟდები ნამდვილად თუ რა მჭირს ეს რა უბედურებაა?. არ მძინავს ვიცი, მაგრამ ფეხები კი დაბუჟებული მაქვს. იქნებ წამოვდგე? აააჰ! ამის ბნელი დედა ვატირე, სად ვარ, რატომ ვერ ვმოძრაობ? ნამდვილად ჯოჯოხეთია, ვგიჟდები, გამაღვიძეთ!
თავი 2 - 2008 წლის 7 ივლისი, ბორჯომი.
_ შუქუუურ!
_ ჰო!
_ ჰო და ხბო! გამო გარეთ!
_ მაიცა რა ნუ გაატრაკე, მაცალე ძილი ეს დედა არღნიანი. ან რამხელას ღრიალებ პავაროტი ხარ შეჩემა?!
_ ჩამო, ჩამო ძილის დრო აღარაა ძმაკაც. გასასვლელები ვართ. დედაქალაქი გველოდება გენცვ.
_ ამო, ჩაი დავლიოთ და მერე. რა ჩამო, ნახევრად მძინავს და თავი მისკდება მგონი. თან ეხლა ამტკივდა, შენ რა გითხარი რა!
_ კაი ჰო. კარი გააღე, სიგარეტს ვიყიდი და ამოვალ.
...
თავი 3 - შუქურა
პავლე შუკაკიძე, იგივე შუქურა, 1979 წლის 22 მაისს დაბადებული. გამხდარია. სიმაღლეში მეტრი და ოთხმოცდაათია, მაგრამ სულ რაღაც 70 კილოა, არც კი. ცისფერი თვალები აქვს და ჟღალი თმა. დიდი და უშნო ყურები, მაგრამ საყვარელი გამომეტყველება. აი ის ფილმი რომ არის, "ერთხელ ამერიკაში", მანდ რომ ჯეიმს ვუდსის გმირია, მაქსი, ოღონდ ბავშვობაში. ოპაა!, ზუსტად ეგაა რა. აი წარმოიდგინე, თუ გაქვს ეგ ფილმი ნანახი და თანამედროვე ტანსაცმელი მოარგე. მაგრამ იმას ცისფერი თვალები მგონი არ ჰქონდა. მოკლედ შუქურას ცისფერი თვალები აქვს, არცერთ გოგოს რომ არ მოეწონება ისეთი სიფათი, მაგრამ საყვარელი ტიპია. ცხვირიც ზომაზე დიდი აქვს, თუმცა კეხიანი არ არის. უბრალოდ დიდი ცხვირი აქვს, როგორც ყურები. ჰო და წარბები, ეგენი აქვს ლამის ერთი მეორეზე გადაბმული. ხშირი და დიდი წარბები. უნდა ნახოთ რომ გარბის რა სასაცილოა. ბრტყელი ტერფის გამო, ძალიან მოუხერხებელი და მოუქნელია.
შუქურა თბილისში ცხოვრობს, მარჯანიშვილზე, მაკდონალდსის მოპირდაპირედ, არკაში რომ იტალიური ეზოა, აი იქ. მამამისი ცნობილი პოლიტიკოსი იყო ზვიადის დროს და შემდეგ საერთოდ გაქრა პოლიტიკური ელიტიდან. სახლში ატარებს უმეტეს დროს ჩვენი სოლომონა ძია, ოღონდ პავლოვიჩს ეძახის ყველა. პავლე ბაბუა კი 99-ში დავასაფლავეთ. პავლე სოლომონოვიჩ შუკაკიძე! მაგარი კაცი იყო, ცნობილი კარდიოლოგი.
მოკლედ მივედ-მოვედეთ უფროსებს. შუქურას მამა, ბაბუა და ბარემ მის სხვა ოჯახის წევრებზეც ვიტყვი ორ სიტყვას: ნატაშკა - ნატალია შუკაკიძე. ჩვენი დაიკო. მთელ უბანს უყვარდა, მაგრამ ჩვენი შიშით ვინ გაეკარებოდა? თუმცა ერთხელ ერთმა ბლეყვმა გაბედა და წამოირტყა კიდეც სერიოზულად. ულამაზესი გოგოა: ცისფერი თვალები აქვს და ღია წაბლისფერი თმა. შუქურაზე ოდნავ მუქი ფერის კანი აქვს, ცოტა ხორბლისფერი დაჰკრავს. გახსოვთ ახლაგაზრდა სოფი მარსო? ძალიან არა, მაგრამ ჰგავს, ოღონდ თვალები აქვს უფრო ლამაზი და ზოგადად, უფრო ლამაზია. შუქურას დედმაშვილი რომ არის, ვერც კი იფიქრებ. ნატაშკა უფრო დედას ჰგავს ვიდრე მამას. აი შუქურა კი სოლომონა ძიაა ახალგაზრდობაში. მამამისივით უხეში, მაგრამ ამავდროულად თბილი სახე აქვს ჩემს შუქურას. ისე ასეთი უშნო ძმა და ასეთი ლამაზი და... მოკლედ იშვიათი შემთხვევაა. სამედიცინოზე სწავლობს, მეორე კურსზეა. კარდიოლოგი უნდა გახდეს. ბაბუის სპეციალობა აირჩია. გვიან ჩააბარა რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში სწავლობდა ერთი წელი. რაღაც მოსამზადებელი, სამედიცინოზე ჩასაბარებელი კურსები იყო და თან პარალელურად გერმანულს ენასაც ეუფლებოდა. უნივერსიტეტში შეუყვარდა თავისი ჯგუფელი და ეს ბოლო დროა ძალიან დაბნეული და შეცვლილია.
მე და შუქურამ დავზვერეთ ნატაშკას ბიჭი და მოგვეწონა. ფრიად სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდაა, ვაჟკაცური და კაი ტიპი. თან ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანია მეორე კურსელთაგან. კარგად სწავლობს და გერმანიაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. ნატაშკაც სულ გერმანიაზე საუბრობს ეს ბოლო დროა. ისე მანდ სამედიცინო განათლება ერთ-ერთი საუკეთესოა დედამიწის ზურგზე.
ცოტას ლენა დეიდაზეც გეტყვით. შუქურას და ნატაშკას დედა, ელენა კუნცევიჩ შუკაკიძე გახლავთ. პოლონეთიდან არის მისი გვარი. თავადური გვარია. კუნცევიჩების ძველი საგრაფო თუ არ ვცდები დღეს უკრაინის ტერიტორიაზეა ან პირიქით, ადრე იყო უკრაინა და ეხლა პოლონეთი. მოკლედ ან ისეა ან ასე. სწორედ უკრაინაშია ლენა დეიდა დაბადებული. ლვოვიდან არიან. საბჭოთა პერიოდში მოხვდა საქართველოში და აქედან ძია სოლომონამ აღარ გაუშვა. როგორც თავად ლენა დეიდა ამბობს: ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთიო.
ძალიან ლამაზი ქალია. მისი ახალგაზრდობის ფოტო-სურათები თითქოს ნატაშკას ფოტოებია. მომწვანო ცისფერი თვალები აქვს და ჟღალი თმა. სახეზე ოდნავ ჭორფლიანი. თხელი, მაგრამ ძალიან ლამაზი ტუჩები აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იღიმის.
As a follower of @followforupvotes this post has been randomly selected and upvoted! Enjoy your upvote and have a great day!