სარჩობელაზედ - II, ილია ჭავჭავაძე / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.

in #writing8 years ago (edited)

სარჩობელაზედ (პატარა ამბავი)

II

გავიდა ოთხი წელიწადი. გაზაფხულის პირი იყო. პეტრე, უწინდელზედ უფრო მიბერებული, ქალაქს მოდიოდა, წისქვილის ქვები უნდა ეყიდნა. მაგრამ როგორ მოდიოდა? იმავე თავმოწონებით, როგორც უწინ, ხოლო ეხლა სხვა მიზეზი ჰქონდა თავმოწონებისა. მას აქეთ, რაც ის ხიფათი შეემთხვა, ხელი აიღო მეურმეობაზედ — ვხედავ, აღარ ვარგივარო, ეუბნებოდა ხოლმე თავის შვილს გულის ტკენითა. ეხლა ამის ღვინის ურემზედ მისი უფროსი შვილი უჯდა და ხარ-კამეჩს ისა ჰხმარობდა. თითონ კი გადაებოტნა უშველებელ სავსე რუმბზედ და ყეინსავით გამოჭიმული იჯდა. გზის მამალი∗ ამის შვილის ურემზედ დაესვათ, პირველობაც ურმის ქარავანში ამის შვილისათვის მიეცათ. პეტრეს ეს ამისთანა პატივი შვილისა და ტოლებში თავგამოსაჩენი ამბავი ძალიან უხაროდა და თავი მოსწონდა. უხაროდა და ჰფიქრობდა: შინ რომ მივალ, ჩემს ბებრუცუნა ჯალაბსაც ვახარებო ჩვენის შვილის გაპატიოსნებასაო.

პეტრეს ქალაქში ერთი ორიოდ დღე მოუგვიანდა. ქარავანიც დაბრკოლდა რაღაც საქმეზედ და ჯერ არ აპირობდა ქალაქიდამ დაძვრას. ბოლოს სთქვეს: დღეს საღამოზედ, მზე რომ გადიხრება, უნდა ქარავანი დაიძრასო. პეტრემ ნაყიდი წისქვილის ქვები დაუდო ურემზედ და ბაკში მიიტანა, საცა ქარავანი იყო გამოშვებული. შუადღეც მოტანებული იყო და იმ საღამოს გასვლას აპირობდნენ. პეტრემ სთქვა: მაინც საქმე არა მაქვს-რაო, მოდი, ერთი ავლაბრის მოედანზედ გავალ, ქვეყანაა, შევიტყობ რასმესო. მოედანზედ ხალხი ირეოდა, როგორც ყოველთვის. ბევრგან ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ჟრიამული და ყაყანი გაჰქონდათ. პეტრეც ერთს ამ ჯგუფში გაერია, ერთი შევიტყო, რას ყაყანებენო. აქ გაიგო, რომ ზარბაზანი გავარდება თუ არა, მახათაზედ ერთს კაცს ჩამოარჩობენო. პეტრეს თავის დღეში არ ენახა ეს ამბავი. გულმა ძალიან გაუწივა იქით.

„ბევრი ვაი-ვაგლახი მინახავს ჩემს სიცოცხლეშიო, — სთქვა გულში, — მოდი, ერთი ესეცა ვნახოო“.

სთქვა და გაჰყვა ხალხს, მახათაზედ მიმავალს. მახათაზედ ბუზსავით ხალხი ირეოდა. იქ თავში, ერთს განაპირებულს ადგილს, სარჩობელა გაემართათ და გარშემო ჯარი ედგა. წინ ფართო მოედანი ხალვათად იყო, არავის არ უშვებდნენ ახლო. პეტრემ მიიხედ-მოიხედა, ნახა ამოდენა ხალხი, კაცი თუ დედაკაცი, და გაუკვირდა.

„ვთქვათ, კაცები ჩემსავით თამაშად მოსულანო, ამ დედაკაცებს რაღა ღმერთი გასწყრომიათო, ეგრე თავი მოუყრიათ! რა მაგათი საქმეაო“.

ბოლოს ამაზედ დადგა, რომ სწორედ ტყუილი რამ თვალთმაქცობა იქნება ჯამბაზისაო.

„არც ეგ არის ურიგოო, — სთქვა გულში პეტრემ, — ეგ უფრო კარგიც იქნება, თორემ მართლა კაცის ჩამორჩობა აბა რა სანახავიაო? კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო; რაც უნდა იყოს, ღვთის სული ადამიანია. კიდეც იმიტომ ამოდენა მანდილოსანს თავი აქ მოუყრია. დედაკაცის თვალი მსუნაგია თვალთმაქცობაზედ... ახლა იმ სომეხმა რომ მომატყუა, კაცს არჩობენო, რა გაიტანა? აქაო და სოფლელია, მალე მოტყუვდებაო. ვთქვათ, რომ მოვტყუვდი, მითამ რაო? თამაშას ხომ ვნახავ... ღვთის წინაშე კი, იქავ რომ მცოდნოდა თვალთმაქცობას ითამაშებდნენ, იქნება არც წამოვსულიყავ, აი! ჰაი, ჰაი, კაცის გული მალია, მალი ცოდვის საქმეზედ. კაცის დარჩობის სანახავად გამოუქნელ მოზვერსავით კი გამომიწია და!.. ამ პატარა გულში რამოდენა ცოდვა და მადლი ტრიალებს“.

ბევრს რაღაცაებს მოსთქვამდა გულში ჩვენი უსაქმო პეტრე, სრულად დარწმუნებული, რომ აქ თვალთმაქცობა რამ იქნება. თორემ დედაკაცებს აქ ან რა ხელი აქვთო, ან ვინ მოუშვებდაო.

ბოლოს ვიღაცამ გაიხმაურა: „მოჰყავთ, მოჰყავთო“. მიიხედა პეტრემ, ნახა, რომ სალდათებს ერთი ვიღაცა რუსულ ფარაჯაში გახვეული კაცი მოჰყავთ.

— ჰა, პეტრევ!.. — არიგებდა პეტრე თავისთავს, — არ გაბრიყვდე, ეშმაკმა არ გაცდინოს, მართალი არ გეგონოს!.. ეგ სულ მაცდურობაა, დაგცინებენ, იტყვიან, სოფლელია და მოტყუვდაო.

მაინც კი გაიწია, რომ ახლო ნახოს. იმდენი მიძვრა-მოძვრა ხალხში, რომ გაინაპირა თავი. სალდათებმა ზედ გვერდზედ ჩამოუარეს და ჩამოუტარეს ფარაჯაში გახვეული კაცი.

— აი, დალახვრათ ღმერთმა! — სთქვა თავისთავად პეტრემ. — მართლა სალდათებს არა ჰგვანან, ე! რა-რიგ ჩაუცმევიათ! ი თოფების ჭერაც რომ უსწავლიათ!.. რას არ მოიგონებენ ე ქალაქის ბიჭები! დახე, სულ რუსის ბიჭებსაც რომ ჰგვანან.

ამ ლაპარაკში რომ იყო, თვალი მოჰკრა ფარაჯაში გახვეულს. ის იყო ოცისა თუ ოც-და-ერთის წლის ყმაწვილი ბიჭი. წვერ-ულვაში ახლად გამოშვებული ჰქონდა და ლეკურად დაყენებული. სახეზედ ზაფრანის ფერი ედო. პეტრეს რაღაც ფიქრმა გაურბინა გულში.

— რა ვქნა! ეს ბიჭი მეცნობა. ღმერთო, მომაგონე: სად უნდა მენახოს? — ჰკითხა ამაოდ თავისთავსა, ამაოდ იმიტომ, რომ ვერ მოეგონა, სად ენახა.

— ეჰ, ქალაქის ბიჭი იქნება ვინმეო, — სთქვა ბოლოს. — ბაკებში დღეში ათასი კაცი შემოდის და გადის, იქნება იქ მენახოს და გულში ჩამრჩენოდეს, ვინ იცის? არა, რა-რიგად გაფითრებულა, მითამ და მართლა არჩობენ. ჯამბაზი თითონ ეს იქნება სწორედ. არა, შვილოს, ვერ მომატყუებთ!..

— ვუი, ვუი შენს დედას!.. — იძახოდნენ მანდილოსნები. — რა ახალგაზრდა ბიჭი ყოფილა!..

პეტრეს გაუკვირდა ეს ძახილი.

— აი, დედაკაცები არ არიან, თმაგრძელი და ჭკუამოკლე! — სთქვა თავისთავად პეტრემ, — რა მალე მოტყუვდნენ. ხომ თითონაც სუყველანი თვალთმაქცები და კუდიანები არიან, მაგრამ აჰა... ეგენიც კი ტყუვდებიან. მაგრამ იქნება ამათ ჩემი გაბრიყვება უნდათ, სოფლელიაო. ჰა, პეტრევ!.. თავს გაუფრთხილდი, არ გაბრიყვდე!.. არ შერცხვე ეს დროული კაცი; ამოდენა ჯარ-ჯამაათის სასაცილოდ არ გაიხადო თავი. დასწყევლოს ღმერთმა ეს ქალაქელები, კაცი თუ ქალი, რა მალე შეგვატყობენ ხოლმე სოფლელ კაცს, თითქო შუბლზედ გვეწეროს.

— რა გენაღვლებოდა, შე უბედურის დღისავ! — ამბობდა ერთი დედაკაცი ჩადრში გახვეული, — შენთვის ყოფილიყავ და ამ დღეში არ ჩავარდნილიყავ. ვაი შენს დედასა, შე საცოდავის შვილო!

— დიაღ, მოჰყევ ენაჭარტლობას, — ამბობდა გულში პეტრე. — სწორედ დაგიჯერე, აი, არა, აქაო და სოფლელი ვარ, არ გამაბრიყვო კი, თუ ღმერთი გწამს...

— ეგა სთქვი, ეგა და! მაგრამ კაცის წერა რაც იქნება, ის არის, — უპასუხა მეორე დედაკაცმა, — საცოდავი წერას აუტანია. მაგრამ ეგ ხომ მოკვდება და წავა, ვაი მაგის მშობლების ბრალი, რა ცეცხლში ჩაცვივიან! ღმერთო, დაიხსენ ყველა ქრისტიანი.

— ბიჭოს! — სთქვა გულში პეტრემ, — პირობა შეუკრავთ, თუ რა ღმერთი გასწყრომიათ. აქედამ მოვშორდე, თორემ ერთს სირცხვილს მაჭმევენ ეგ კუდიანები, მე და ჩემმა ღმერთმა.

სთქვა და ადგილი გადინაცვლა.

მივიდა და ჩადგა ახლა სულ სხვა ჯგუფა ხალხში, აქაც დედაკაცები ბლომად იყვნენ. ერთი გული ეუბნებოდა, მოდი ვკითხავ, რა ამბავია, მეორე კი ეუბნებოდა, სირცხვილია, დამცინებენო.

— რა ახალგაზრდაა ეგ უბედურის შვილი! — სთქვა ერთმა დედაკაცმა, — ჯერ დღე სწორედაც არ გასთენებია და ეგრე ადრე და მალე კი უნდა მზე დაუბნელდეს.

— რა თონეში უნდა იწოდეს ახლა ამისი დედის გული, ღმერთო, მაგისთანა დღეს ნუ შემასწრობ! — დაუმატა მეორემ და ჩაიკრა გულში ხელი.

— აბაიმე, აბაიმე!.. — სთქვა გულში პეტრემ, ეხლა კი ცოტა წყენითა. — ჩემზედ მოიცალა ამოდენა ხალხმა, თუ რა ამბავია ჩემს თავს. ესე მალე როგორ შეკრა ყველამ პირობა!.. ახა ღმერთო ჩემო! კარგია, არა ვკითხე. აბა კიჟინას დამცემდნენ, აი! ჰა, პეტრე, გაფრთხილდი, არ გაგაბრიყვონ, სასაცილოდ არ გაიხადო თავი. აი უსაქმურ ხალხს რომ იტყვიან, ეს ქალაქელები არიან: დასწყევლოთ ღმერთმა, ყველამ ჩემზედ არ მოიცალა!

ამბობდა ამას თავის გულში პეტრე და ეგონა, რომ მართლა-და ეს ხალხი ამისათვის არის მოცლილი, სოფლელია და გავაბრიყვოთო. ამათაც გაექცა და ხელახლად გადინაცვლა ადგილი. ძნელი რამ არის, როცა გუნება თავში გამწევ ცხენსავით დაღოჯავს ჭკუის ლაგამს და ცალმხრივ გაიწევს.

გაგრძელება

^ * ^ * ^ * ^

Coin Marketplace

STEEM 0.04
TRX 0.32
JST 0.074
BTC 63428.74
ETH 1670.39
USDT 1.00
SBD 0.41