სარჩობელაზედ - III, ილია ჭავჭავაძე / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.
სარჩობელაზედ (პატარა ამბავი)
III
ამასობაში ის ფარაჯაში გახვეული ბიჭი მიიყვანეს და სარჩობელას ქვეშ დააყენეს. ცალმხრივ მღვდელი მოუდგა, მეორე მხრივ ვიღაცა ჩინოვნიკი. წითელპერანგა ჯალათი უკან ედგა.
— ე მღვდელი რაღას გაუგიჟებია, — ეუბნებოდა თავისთავს პეტრე, — ტერტერა იქნება, თორემ მართალი მღვდელი ამას რად იკადრებდა. ის წითელპერანგა ვინ უნდა იყოს? იქნება თავი-და-თავი ჯამბაზი ეს იყოს.
ჩინოვნიკმა ქაღალდი ამოიღო და წაიკითხა.
— ეს თილისმის ლოცვა იქნება, — სთქვა პეტრემ თავისთავად, უთუოდ ჯადოს იქმონენ, თორემ აი ვნახოთ. მაშ კაი ამბავი იქნება.
მერე მღვდელი რაღასაც ეუბნა ფარაჯაში გახვეულს. პეტრემ თუმცა ყურები აცქვიტა, ფეხის თითებზედაც შედგა, მაგრამ შორს იყო და ვერა გაიგო-რა.
ფარაჯაში გახვეულს გახადეს ფარაჯა, გადააცვეს თეთრი პერანგი თავიდან ფეხებამდე, ასე რომ პირის-სახე აღარ უჩანდა. წითელპერანგა ჯალათმა გაასწორა სარჩობელაზედ ყულფი, მერე კიბე მიადგა სარჩობელის ბოძს. მოუბრუნდა უბედურს, ხელის კვრით წინ წაიგდო, აიყვანა კიბეზედ, მოსწია ყულფი, რომ თავი გააყოფინოს. ხალხს ხმა ჩაუწყდა, თითქო სული შეეხუთაო, თითქო ამოდენა ხალხის გულის ძგერა შედგაო.
ჯალათმა თავი გააყოფინა ყულფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი. ხალხმა ერთი ღრმად და ყრუდ ამოიქშინა, ისე, როგორც ამოიქშენს ხოლმე უეცრად ცხელ-წყალ თავგადასხმული.
უბედური სარჩობელაზედ ჩამოეკიდა, ქანაობა დაიწყო და ფორთხალი. დიდხანს იქნია საწყალმა ფეხები.
— დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ, — ამბობდა თავისთავად პეტრე.
ხალხი, წუთის წინად სულგანაბული, ეხლა მხიარულად ჰყაყანებდა და ლაზღანდარობდა კიდეც. დაირღვა ხალხის გროვა, დაიშალა და გაიშალა მინდორზედ. ყველამ თავის სახლისაკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა, რომ ეს სამარცხვინო და გულის ამაზრზენი თამაშა ნახა. პეტრემ მიიხედ-მოიხედა და ნახა, რომ აღარავინ რჩება აქ. ჯარიც წამოვიდა, მარტო ორი ყარაული-ღა დარჩა სარჩობელასთან. იმ წითელპერანგა კაცმაც გადიცვა რაღაც სხვა ტანისამოსი და გამოსწია. სარჩობელაზედ დარჩა უძრავად დაკიდებული ის უბედურის შვილი. პეტრე გაოცდა.
— ბიჭოს, ეს იყო! — სთქვა თავისთავად, — ვერაფერი თამაშა იყო. იქნება თვალთმაქცობა იმაში იყო, რომ შეცვალეს, კაცის მაგიერ ტომარა ჩამოჰკიდეს, ფეხებს რომ იქნევდა?.. მართულებს ვერ გაუკეთებდნენ თუ!.. მართულებით თუნდ ლეკურსაც ათამაშებენ. მაინც ვერაფერი ამბავია, ტყუილად მოვცდი. აი, აქ კი მოვტუვდი. აბა ვგდებულიყავ ჩემთვის ბაკში, ერთი ლაზათიანად გამომეძინა, ის არა სჯობდა? მე ვთქვათ ჰო, ეს ამოდენა ხალხი რაზედ გაბრიყვდა? ბიჭო და, იქნება მართლა ჩამოარჩეს!.. ნეტავი მეკითხნა. ეჰ, დამცინებდნენ... ჰა, ვინ იცის? ე ხალხი რომ ასე ქეიფის გუნებაზეა, მიდის და მიყაყანებს მხიარულად! ეს რომ მართლა დარჩობა ყოფილიყო, ქვები ხომ არ არიან, ოჯახდაქცეულები ერთ ცვარ ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ. რაც უნდა იყოს ღვთის-კერძო ადამიანია, კატა ხომ არ არი. მაგრამ ე დედაკაცობას რომ სულ ერთიანად თავი აქ მოეყარა!..
გულში დიდი ეჭვი ჩაუვარდა. ეხლა მარტო იმის დარდი ჰქონდა, შეეტყო — რაში ტყუვდება: იმაში, რომ ეს მართალი თვალთმაქცობაა და ტყუილი ჩამორჩობა, თუ მართალი ჩამორჩობაა. სწორედ გითხრათ, პირველში მოტყუებას, უფრო ჰთაკილობდა მისი გული: აბა თვალთმაქცობამ ტყუილი მართლად როგორ უნდა მაჩვენოს ამ დროულ კაცსაო. და მართალი-კი რომ ტყუილი გამომდგარიყო, ეგ არაფერი; მაგას როგორღაც უფრო ადვილად ჰყაბულდებოდა ჩვენი პეტრე. მაინც კი ძალიან უნდოდა შეეტყო მართალი.
ბევრჯელ გაუწია გულმა, მოდი დავეწევი ვისმე და ვკითხავო; ბევრჯელ მივიდა კიდეც და უნდოდა ეკითხნა თუ არა, შეფერხებულა: — არა, შვილოსა, დამცინებენო, ისევ ჩემს ჭკუას ავყვე, ისა სჯობიაო.
ამ ფიქრებში გართული მიბარბაცებდა ჩვენი პეტრე ავლაბრის ბაკებისაკენ. გზაზედ დუქანი დაინახა. დუქნიდამ ხალხის ჟრიამული გამოდიოდა. — მოდი, შევალ, ერთი ვნახოთ, რას იტყვიან დღევანდელ ამბავისასო. იფიქრა: თანაც ცოტად დავნაყრდები, დილას აქეთ არა მიჭამია-რაო. შევიდა, მოითხოვა ნახევარ ჩარექი ღვინო, მოათლევინა გამხმარი ზურგიელი, მიჯდა კუთხეში და ქეიფს მიეცა. დაჯდა თუ არა, თითქო ფეხ-და-ფეხ მოჰყვაო, შემოვიდა ერთი ნაბადში გახვეული ყმაწვილი კაცი. ამ ახლად მოსულმა მოითხოვა საწერ-კალამი, ქაღალდი, დაეყრდნო დაზგას და წერა დაიწყო. ჩვენი პეტრე ხელახლად დააცქერდა ახალს სტუმარს. რა ვქნა, სად მინახავს ეს ბიჭიო, იძახდა გულში. თითონ ბიჭი თავაუღებლად სწერდა წიგნსა. ამ ყოფაში კარგა ხანმა გაიარა, პეტრეს დაგვიანება აინუნშიაც არ მოსდიოდა და იმ ბიჭის ცქერაში ისე ნელა ილოღნებოდა, რომ საღამომდისაც თავის საუზმეს ვერ გაათავებდა. მისი ფიქრი სულ ის ბიჭი იყო: რა ვქნა, მეცნობა და რატომ არ მაგონდებაო, წამ-და-უწუმ ეკითხებოდა თავისთავს და თვალს არ აშორებდა. მზემ კარგა გადიხარა ჩასავალისაკენ და პეტრე კი იმ ბიჭის ვინაობით გაკვირვებული არ იძროდა ადგილიდამ. ბოლოს, რომ მეტი გზა აღარ იყო, პეტრე წამოდგა და, იმ ბიჭის უამბობით წყურვილ-მოუკვლელი მივიდა, მედუქნეს გაუსწორდა, ერთი კიდევ გადაავლო თვალი იმ ბიჭს და ფუსფუსით გაექანა ავლაბრისაკენ. ჯერ ბაკებამდე კიდევ კარგა მანძილი იყო, რომ უეცრად უკანიდამ ვიღაცამ მხარზედ ხელი დაჰკრა. პეტრე მობრუნდა. დაინახა ისევ ის ნაბადში გახვეული ტანად მაღალი ყმაწვილი ბიჭი, თვალებზედ ქუდჩამოფხატული.
— აჰა, ჩამომართვი ეს წიგნი, — უთხრა ყმაწვილმა ბიჭმა და მიაჩეჩა ხელში ქაღალდი, — თუ შენ კითხვა არ იცი, წააკითხე ვისმე და ყური კარგად დაუგდე. დღევანდელს ამბავს ამ წიგნიდამ შეიტყობ.
სთქვა ესა თუ არა, მაშინვე გამობრუნდა ყმაწვილი ბიჭი, და თუმცა ნაბიჯით წამოვიდა, მაგრამ ისე ჩქარა კი, რომ ჩვენი პეტრე სირბილითაც კი ვერ დაეწეოდა. პეტრემ გაოცებულმა მარტო ესღა მოასწრო ეკითხნა წარმავალისათვის:
— ბიჭო, ვინა ხარ? სახელს მაინც მეტყოდი.
— წიგნი გეტყვის, წიგნი, — დაუძახა ნაბდიანმა და გასწია ისე, რომ უკან აღარ მოუხედნია.
ეხლა მოაგონდა პეტრეს, რომ წეღან სარჩობელაზედ ერთი ნაბდიანი ბიჭი სულ გვერდით აეტუზებოდა ხოლმე, საითაც კი წავიდოდა.
— განა არა, — სთქვა თავისთავად, — მაშინვე მივხვდი, რაღაც ამბავია, როგორც კრუხი წიწილას, ისე გარს დამტრიალებდა. ნაბდიანი იყო, მაგასავით თვალებზე ქუდი ჩამოეფხატა. სწორედ ისევ ის ბიჭია, თუნდაც დაგენაძლიო.
ვის ენაძლევებოდა, ეგ არ ვიცი, ხოლო ეგ კი იყო, რომ წიგნი აიღო-დაიღო, გადაატრიალ-გადმოატრიალა, ჩაიდო ჯიბეში და სთქვა ნატვრითა:
— ახ, ნეტავი წიგნი კი ვიცოდე და! დღევანდელს ამბავს ამ წიგნიდამ შეიტყობო. იქნება მატყუებს კიდეც, მაგრამ რაო? თავისთავს მოატყუებს, მე რა? თითონ წავიდა, ხომ ვერ დამცინებს.
Congratulations @anakur! You have completed some achievement on Steemit and have been rewarded with new badge(s) :
Click on any badge to view your Board of Honor.
To support your work, I also upvoted your post!
For more information about SteemitBoard, click here
If you no longer want to receive notifications, reply to this comment with the word
STOP