გურამ დოჩანაშვილი - / იქამდე - თავი II ნაწილი 2 / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in #georgian6 years ago (edited)

იქამდე

თავი II (გაგრძელება)

სხედან ვთქვათ, დეიდა კატუტას სამზარეულოში სანდროს ბებია – ფაცა, და მისი დეიდაშვილები: ოჯახის წყნარი დიასახლისი კატუტა და ფაცხი მერია. სამივენი თბილისის გულის ერთ დიდ სახლში.რუსთაველის დასაწყისში. სხვადასხვა სართულებზე ცხოვრობენ, და დეიდა კაკუტასთან უყვართ შეკრება, რადგან იმას ოთახის გარდა ოთახივით სამზარეულოცა აქვს, იქვეა სანდროც, შვიდიოდ წლისა, და უცებ დერეფნიდან მოკლე და მხიარული შეკივლება ისმის, მაგრამ მხიარულებისა ჯერ რა იციან, შეკივლებაზე – წამოხტებიან, „რაშია საქმე!?“ და დერეფანში კი მოქოთქოთებს კატუტასა და მერიას მესამე და, მსუქანი, მრგვალი, კეთილი დეიდა ჭაპულა და, მეოთხე სართულითა და მოსაყოლი ამბით აქოშინებული, ყელში სულმომდგარი, დერეფნიდანვე იწყებს:

  • გაიგეთ, გაიგეთ?- დასანდროს კოცნის, ზედაც არ უყურებს, - რამხელა გაზრდილა... იმ შეჩვენებულს... - სულს ძლივს ითქვამს, - რა უქნია!...
  • ვინ შეჩვენებულს...
    „შეჩვენებული“, ანუ თვალსაჩინო ხუმრობის შემძლე, ნათესაობაში ბლომად ურევიათ და ჭირს დადგენა.
  • ვის და, ბიძინას...არიქათ, არიქათ...დამსვით სადმე!...ამოხდა სული....
    ბიძინა ღოღობერიძეც ბებიას „კვიდრი“ დეიდაშვილია, გამორჩეული თავკაცია ყოველგვარი მახვილსიტყვაობისა თუ ანცობისა და მერე სად ეს - მცირე სრულიად საქართველოს მახვილსიტყვაობის დედაქალაქში, თვით ქუთაისში ამა დიდად ნიჭიერ საქმეში პირველ კაცად ბიძინა უვისთ. და, უკვე სამზარეულოში შემოსული დეიდა
    ჭაპულა მძიმედ ეშვება უბრალო ტახტზე, იცინის, იცინის, ხან კედელს კეფით მიეყრდნობა, ხან მუხლებზე დაიდებს შუბლს და, ისე გემრიელად,დახუჭულს, სამაგიეროდ ლოყებზე უჩნდება გახარებული ფოსოები, ისევ იცინის.
  • აღარ ამოშაქრავ, შე ქალო? - ვეღარ ითმენს დეიდა მერია.
  • არ გადაგვაყოლა? უჰ...
  • მაცალეთ...მაცალეთ! - და ისევ ბჟირდება.
    როგორც იქნება და,დაადგება საშველი -ჯერაც პალტოგაუხდელი, წყვეტილად და სიცილნარევი სვენებ სვენებით ჰყვება:
  • ვინცხა ხნიერი პრავადნიკი მომკვტნარა ქუთაისში ბიძინას მეზობელი ერთი..უიი, უი..დავიხრჩვი ქალი
    დეიდა მერია სხვებზე ფიცხია, მაგრამ ისიც ითმენს--„პრავადნიკი“, ეს-უკვე რაღაცით კარგია. თან, არაქართულ სიტყვებს, რაღაც, შთამბეჭდაობის გასაძლიერებლად თუ კოლორიტისთვის ხმარობენ gol.ge./
    . -ხოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი...გამოუდგამთ თურმე შვაზალაში იმ საცოდავის კუბო... და მოაქვთ და მოაქვთ თურმე ვენოკები და ყვავილები და ამისთანები...დგანან თურმე ეზოში დუხავოი მუზიკა და უკრავენ და უკრავენ ჯვარი აქაურობას და,იმ მუსიკას...იხოკავენ თურმე ლოყებს ამ საცოდავი პრავადნიკის ნათესაობა და ხალხი...ხალხიაა? - სავსე...არის ტირილი და მოთქმა...და ქე რო ულაგებენ და ულაგებენ თავთით იმ საცოდავს ვარდებს და ყვავილებს...შემოდის თურმე ამ დროს ბიძინა, პატარა რაცხა გახვეული აქვს ხელში...უიი, უი...
    უცდიან, უცდიან რომ...ნამეტანი.
  • ჰოდა... მიდის თურმე ეს შეჩვენებული იმ საცოდავთან... დამდგარა მწუხარედ... დაჩერებია... გაუქნ-გამოუქნევია თავი... შემოუცლია მერე ძველი გაზეთი იმ თავისი გახოულისთვის და... ხედავენ, მარა რას ზ ხედავენ...
    მოლოდინია, მოლოდინი რომ...
  • პატარა დროშები ქე როა...ბაირაღებივით...პრავადნიკების...უიი, უი... მომკალით ვინცხა!..ერთი ყვითელი ფლაჟოკი ერთ ლოყაზე მიუდვია პრავადნიკისთვის და, უთქვამს... სამოთხეში თუ მოხვდები, ვარლამია... აგი ყვითელი გეიშვირეო და... ახლა მოლოდინს რაღა უჭირს, სუყველანი იცინიან...
  • მერე... ამ ოხერს... მეორე ლოყაზე მეორე წითელი ფლაჟოკი მიუდვია და... ჯოჯოხეთში თუ მოხვდიო, მაშინო აგი შოუშვირეო... აბა?!
    ეეჰ, რამდენი გულიანი სიცილი სმენია იმბავშვობისას სანდროს.
  • ჰოოდა, მერე... ნუღარ იკითხვთ... თლათ გაუჩერებიათ დაკვრა ეზოში იმ დუხავოი მუზიკანტებს... ისეთი სიცილი და კისკისი გამოდის იმ უბედურის ოჯახიდან თურმე... ტრუბაჩს უკითხავს, ტრუბაჩს... ვაიმე, მოვკვდი... სანდრიკა, წყალი...
    რა, რა უკითხავს...
    ხვარ გაცოცხლდაო!
    პატარა ხანში,მერე, სულს რომ მოითქვამენ:
    გეიგო მერე სუყველამ რაშია საქმე და, იცინიან, იცინიან თურმე ხან ბიძინაზე ხან იმ ტრუბაჩის ნათქვამზე, იცინიან და ისე, ვინმე ნემენცმა შემთხვევით რომ ჩამეიაროს, პრაზდნიკი ეგონება... დუნია ხალხში ვეღარავინაა კუბოს ამწევი...
    და, როგორც იქნება და, გულს ცოტათი რომ მოიოხებენ, სანდროს ბებია, ფაცა ამბობს:
  • ახლა, სხვას რომ გაეკეთებია მაგი ამბავი...
  • უჰ,მტრისას, მტრისას... მოკლავდნენ, მოკლავდნენ.
  • კი, კი, ნამდვილად მოკლავდნენ გენაცვალე.
    სანდროს ბებია, ნათესაობაში დიდად გამოჩენილი „შეჩვენებული“ამჯერადყუთში არის თეორიაში გადადის:
  • ასეა. ერთს რაც უხდება, მეორეს...
    მაგრამ აქ კარზე აკაკუნებენ.
  • მობრძანდით?
    შემოდის. ეს ინკასატორია, ანუ „ლამპუჩკის კაცი“
  • გამარჯობათ.
    იციან, რომ აღმოსავლელია, და ახლა ხაზგასმული ქართულით ალაპარაკდებიან, შეუძლიათ ესეც; „ლამპუჩკის კაცი“ კი ოთხი ქალის საზოგადოებაში თვალსაჩინოდ იბნევა, თანაც სულ სხვადასხვაგვარად ლამაზია ოთხივე:დეიდა ჭაპულა კეთილად მომხიბვლელია, და თუ დეოდა კატუტაში სიმშვიდე და სათნოება სჭვივის, დეიდა მერია შემართულია, დიდი მწვანე თვალებიმუდამ უელავს, ექვსი წლის სანდროს ბებია კი, ფაცა, ორმოცდაოთხისაა მხოლოდ, თან გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურება, სუსტი, მაღალი, ძალიან ქალური და ლამაზი ქალია, და „ლამპუჩკის კაცი“ ცოტათი კი არა, კარგა გვარიანად იბნევადა და ამიტომ დიდად ქედმაღლურად ირჯება, ამათთვის ქედმაღლობა კი... და ამასხარავებენ. ექილიკებიან, ფარულად;
  • დაე, გამარჯვებანი ნუ მოგშლოდეთ ბუნების ძალთაგან... სვებედნიერად გაგიმარჯოთ, ჩემო ბატონო... მობრძანდით, დაბრძანდით, ბატონო ვამეხ.
  • მე ვამეხი არ მქვიან.
  • და მაშ აბა განა რა გქვიანთ?,
  • სოლო.
  • აჰ, დიდი ბოდიში, ვრცელი ბოდიში, ეს როგორ მოგვივიდა, - ვითომც გულწრფელად შეიცხადებს დეიდა მერია და, ფაცა ბებიას გადაულაპარაკებს: - სულერთი არაა? მე შენ გეტყვი, ნამეტანი განსხვავებაა დიდიდიდი ამბავი მაგი თუ სოლოა. ჩვენ - კვარტეტი ვართ.ჯიბეზე
    სანდროს არ თვლიან, წყნარადვე ზის, მაგრამ ყველაფერი ამახსოვრდება.
  • კარგი სახელია ძალიანი. - ამბობს დეიდა ჭაპულა, - ბარაქალური.
    ვალდებულ სტუმარს წარბებიც კი უფაციცდება, ესენი კი რას დაიმჩნევენ, „შეჩვენებულებია“, მაგრამ შენიღბული სიცილით ისე არიან სავსენი, რომ ნათურის კაცი რაღაცას თითქოს ხვდება, თან ვერ ხვდება, თან ისევ ხვდება, თან ვერაფერს ხვდება... მაგრამ შინაგანად აფორიაქებულია, სათვალეს წამდაუწუმ ისწორებს, მიჩერებია მრიცხველს...
    რამე ხომ არ დაუშავებია, ჩემო ბატონო...
    ვისა...
    მრიცხველს, ვოს...
    არაა.
  • უჰ, არ მოგვეშვა გულზე? იგრე გულდაგულ აჰყურებდით, მეთქი, რამე აუგი ხომ არ ჩაუდენია – მეთქი...
    და, თავაზიანად მიაყრიან:
  • ამას წინეებზე ჩვენი ნათურა ვერ იქცეოდა რაღაცა კარგად, ჩემო ბატონო... პაჭუნობდა ნამეტანს, მაგრამ მერე გადაუარა... ეჰ, ეგ კი არა, ხანდისხან ჩვენც კი გამოვდივართ მწყობრიდან, ადამიანები... დიახ... დიახა!... მაშა!.. ბარაქალა!.. სანდა საღოლ!... - მიაყრიან და, მერე ხმას საიდუმლოდ დაუწევენ: - მეზობელი გვყავს ფსხვილი ქალი ერთი... ბლომად ქმრებგანაყარი... მოგეწონებათ თქვენ... ძალუა...
    ჰა!.. ვინ მსხვილი ქალი... მოგეწონებათ თქვენ... რა შუაშია!
  • აჰ, არაფერში... ისე – უბრალოდ, მრიცხველზე გაგვახსენდა... ვერ დაგვითვლია იმისი ქმრები, ჩემო ბატონო... ტყვილი გაგვახსენდა...
    „ჩვენ“ - ობით ირჯებიან, რადგან ფარული სიცელქე აერთიანებთ, ერთი დეიდა კატუტაღაა ჩუმად – წყნარი, კეთილი, სათნო ქალი და, შეჩვენებულებზე, მკრთალად ეღიმება...
  • ჩაი მიირთვით, ჩემო ბატონო... ჩინური წესით დაყენებული უფრო გირჩევნიათ თუ, იაპონურ ყაიდაზე?
    ნათურის კაცი კი – კი გრძნობს ამჯერად რაღაცას და, ჩაიბუზღუნებს:
    რა დროს ჩაია... ჩაი არა, მაი...
  • აჰ,- შეიცხადეს სანდროს ბებია, ფაცა, - ქართულის გადამახინჯების ნებას არავინ მოგცემთ თქვენ... მაი კი არა, - მაისი.
    რა მაისი... რისი მაისი, თებერვალია ახლა... მაისიოო, დახე!
    და, ქვითარს რომ შეავსებს:
    კარგად იყავით!.. ვაჰ!
    და, როგორც კი გავა, დეიდა ჭაპულა და დეიდა მერია ყელს იწიწკნიან:
    ფაცა, ფაცა, შენი ჭირიმე, გაცინე რა, გაცინე რა ფაცა...
    მაგრამ ბებიას განაზება უყვარს:
    როგორ გავცინებ... სად შემიძლია...
    დაუჯერებენ, კი:
    კაი უჰ! გაფიცებ ყველაფერს, ფაცა...
    მაგრამ ბებია ისევ ნაზად ამბობს:
    რაღადროს ჩემი მასხრობაა, დავბერდი ქალი...
    და აქ დეიდა კატუტა პირველად იღებს ხმას:
    სანდრიკას გაფიცებ.
    რააო? სანდრიკას გაფიცებო! აჰ... - და ბებია ფაცა მაშინვე ამბობს:
    სათვალე მომეცით აბა.ყუთში არის
    და გადის.
    მერე – კაკუნი და:
    მობრძანდით, მობრძანდით! - იძახის გაფაციცებული დეიდა მერია.
    და, შემოდის, მაგრამ რა შემოდის – რაღაცით, ყოვლად ვერაუხსნელად, სანდროს ბებია ახლა ის კაცია, „ლამპუჩკის კაცია“ ბებია ფაცა ახლა, და ძალად შეჭმუხვნილი სახითაც იმას თუმც სულაც არა ჰგავს, გამომეტყველებით – ახლა ჭეშმარიტად ის კაცია ბებია ფაცა, და, თუმც სუსტი და გამხდარია, - სწორედაც რომ საკვირველი! - იმ კაცის ტორია ახლა ფაცა-ბებიას სუსტი და გამხდარი ხელი, და მისი კაბაც კი, კაბაც – გადასარევი! - იმ კაცის პალტოა ახლა, ისერიგ მოურგია ტანზე, და როცა იტყვის: „გამარჯობათ“, და მრიცხველს ახედავს, გადაფიჩინებულია ბებიას სამთავე დეიდაშვილი, „ლამპუჩკის“ ახლადმოვლენილი „კაცი“ კი ჯავრს იყრის, რომ ინკასატორმა ოდნავი ყურადღებაც კი არ მიაქცია სანდრიკას, მისი ღრმა რწმენით, დედამიწის ზურგზე უპირველეს ბავშვს, და ამბობს: „რა კარგი ყრმაა“, და სანდროს ლოყაზე კოცნის, სანდრიკას აქ ყველა ეფერება, წამდაუწუმ და ყოველ ნაბიჯზე, და ეს ფერება სანდროსაც რომ დაჰყვა, და იქ, ღულელებში, სტუმრად რომ ჩაიყვანა თავისი პატარა ქალ - ვაჟი, და რომელიღაც რომ აიყვანა და ლოყაზე აკოცა, დეიდა ერმონამ იწყინა და თქვა:
  • როგორ შეიძლება.
    და, სანდროს უტყვ გაკვირვებაზე, დაამატა:

  • შვილის მოფერება არ შეიძლება, შვილო. გაფუჭებაა.

სანდრომ ესღა მოახერხა:

მ..მაგრამ დეიდა ერმონას შვილებმა მაინც იცოდნენ, დედაიმათი ჩუმჩუმად რომ იფერებოდა. რომ იტყოდა, ვთქვათ: „საქონელი გარეკე, ბალღო“, ბალღო – ძაან ფაქიზად ჟღერდა, დიდად განსხვავდებოდა „შეშას აღარ დააპობ, ადამიანო?“ - საგან, ხოლო როდესაც სინკომ კუჭის სამი ურთულესი ოპერაცია ზედიზედ გადაიტანა და ქალაქში იწვა, დედაიმისმა ერთხელაც ასე ჩაილაპარაკა: „ენაცვალოს დედილო“, და ისე გაშრა, რომ „დედილო“ - თი თავის თავსაც კი, უბედურ თავს, რომ მოეფერა; დეიდა ერმონას ხმა ჰქონდა ლმობიერი, ლმობიერების ერთი, და, დასდგომია ერთხელაც თავთ შავკოპლება ბურვაკს, რომელსაც რამე-რუმეებით პირთამდე სავსე ტაშტი ჩაუყვია დინგი და, თქვლეფს, თქვლეფს რომ, მეტი აღარ შეიძლება – დინგით სუ ტაშტის განგრევასა ლამობს, ხრუტუნებს, ღრუტუნებს, ჰქშენს. რაღადროს იმისი მოფერებაა, ღორული ჰაზრით, დიდებასაა და ეგ არის, მაგრამ-სწორედაც რომ საკვირველი-დეიდა ერმონა თავთ დასდგომია და, იმ თავისი რბილად წელადი ხმით, დაჰლაპარაკებს: „შეექეც, შეექეც შე ბეჩავო, შეექეცი“,-ეფერება. და გაკვირვებული სანდრო რომ დაინახა, რომელიღაც შვილით ხელში, განზე იბრუნა პირი, და, თავი იმერთლა თუ რა, თქვა:
-უენოოა.
და მკრთალი „ჰ“-ც რომ დააყოლა, აფორიაქებულმა სანდრომ,რომელსაც ცოტა რამ გაეგებოდა ბგერებისა, იმავ საღამოთი სოფლის კლუბის დანჯღრეულ პიანინოზე რომ შეამოწმა ეს „უენოოა-ჰ“, კი,კი, ნამდვილად ასე ჟღერდა:რე-სი-დო-სი ლაა...სიჰ!..-დეიდა ერმონა:
მღეროდა.

  • მე ძალიან მინდა, - თქვა ფიქრებში წასულმა გარე ბიძაშვილმა, - რომ მყავდეს კაი ძვირფასი იახტა და მთავარ კაი კაბინეტში მედგეს კაი თეთრი-თეთრი როიალი და კაი ლამაზი ზანგის სუქანი ქალი რომ უკრავდეს ზედ.
  • რას იცინით რომ იცინით, - შეიცხადა მერე გარე ბიძაშვილმა,
  • ტანი აქვს ცუდი თუ ფეხი! - რომელს, როიალს?

ტანიც კარგი ჰქონდა და ფეხიც, კარგი კი არა, მეტი, მაგრამ რად გინდოდა, განიერი და თალხი სამოსი თხელ,ვიწრო ქუსლებამდე სცემდა, და იმ დაფიქრებულად ამორიყული სახის დანახვაზე რომელი უცხო იფიქრებდა თუ, სახელად შამხათ - „მხიარული“, ერქვა.
ძნელი საქმისკენ, დიდი ველურის მოსაქცევად მიაბიჯებდა როსკიპი შამხათ, ტლუ მონადირეს მიჰყვებოდა; გზად ხან გველ-ხვლიკიანი უდაბნო ედოთ, ხანაც ზანტად დაკლაკნილი ევფრატის პირა ჭალები და ტაძრის როსკიპს სილით ამომწვარ ფეხისგულებს დროდადრო სოველი თიხა უგრილებდა. მონადირეს რა - აამ გზებზე ნაჩვევი იყო. იმ წყაროს წინა ბოლო ღამე კი ლეღვნარში ათიეს.

გაგრძელება...

Coin Marketplace

STEEM 0.27
TRX 0.13
JST 0.031
BTC 61665.59
ETH 2884.57
USDT 1.00
SBD 3.62