გურამ დოჩანაშვილი - / იქამდე - თავი II ნაწილი 3 / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in #georgian6 years ago (edited)

იქამდე

თავი II (გაგრძელება)

მართლა ათიეს, რადგან აქეთ-იქით ისევ დებივით ალალად რომ მიიძინეს, მერე იყო და, ლეღვის ფოთლების ნამცეცები, მწვანედ ბუსუსა მტვერი, მონადირეს დაეყარა და ლეღვისმიერმა ქავილმა ისე შეაწუხა, რომ ჯერბურანში და მერეც, ძილგამტყდარი და შეწუხებული, გაბეზრებული, ტანს იხოკავდა. ხანდახან ვითომც წაუყრუებდა შეჩენილ ქავილს, მაგრამ არა, აარა, არ ასვენებდა, გვერდს წამდაუწუმ იცვლიდა და გორაობდა კიდეც, მაგრამ სიმწრით გაოფლილ სხეულს ის ნამცეცები კიდევ უფრო ეჟღინთებოდა და მონადირემ გაიფიქრა:„არ ეგონოს თუ, მისთვის ვბორგავ“, და შამხათისკენ გაიხედა, მაგრამ ვერ ჩანდა, ის.

შიშით დაბურძგლა მონადირეს - „ხომ არ გაიპარა“, ქავილმაც კი გადაუარა -„გილგამეშს რა გადაურჩება“, ძრწოლადავლილი, ჯერ იდგა და, კიდევ კარგი რომ, ღამის ჰაერში ნელსაცხებლების მკრთალი სურნელი ფოფინებდა და, მონადირე, ნესტოებდაბერილი, ამ ბაცადბაც, ტივტივა ბილიკს ფეხისწვერებზე შემდგარი გაჰყვა.

ვრცელ მდინარეში წელამდე ჩამდგარიყო გრძნეული შამხათ, დამძიმებულ პეშვს გულზე მწარედ იხახუნებდა, და მოქნილი თიხა უფრო მოქნილ თითებს შუა მაინც რომ გამოეცლებოდა, იხრებოდა და, მორკალული, უხვი ფსკერიდან ახალი თიხით ივსებდა ვიწრო პეშვებს, დახრილს, მტკივანი მკერდი უხვ მდინარეში ეწობოდა, და ევფრატისეული მტკნარი შვება გრილ ალერსში რომ გადადიოდა, ქანდაკად იმართებოდა თეთრი შამხათ, და მთვარიანი ღამის ფარატინა შუქზე იმ თავის დაძაბულ მკერდზე დაიცქირებოდა, და ვაშლისა და ნახევარმთვარის გამკრთალებულ ბჟუტვას მაინც რომ შეიმჩნევდა, დაწყვილებულ თიხიან პეშვებს ჯერ ისევ მკერდზე, მერე და მერე კი ყელზე, სახეზე, მისაწვდომ ზურგსა და თმაზედაც კი იხახუნებდა, წყალში ჯდებოდა, ინთქმებოდა, ვეღარა ჩანდა, „მთელ ნელსაცხებლებს თიხა შეიწოვს, წყალი წაიღებს“, შეშფოთებულიყო მონადირე, მაგრამ თვალის წყალობად ისევ რომ ამოიმართებოდა სალუქი ტანი, მონადირეს ახსენდებოდა თუ, როგორ იხილა სულპირველად გრძნეული შამხათ-იმ დიდ, ღრუბლებსმიბჯენილ ტაძარში, სადაც გამობრძმედილი ამტანი შამხათ საღვთო როსკიპად მთელის არსებით იღწვოდა და მუშაკობდა.

თუმც მონადირე კენტად იყო, გილგამეშის კაცი მაინც შეუშვეს ვრცელ რუხ ტაძარში, იქ კი წყვილებად იდგნენ შესაუღლებლები; გახევებულნი, ყურს მიუგდებდნენ შორეული ენქის სულისთქმას, აიმ ენქისა, რომელსაც რომ დიდი ხნის წინათ, ადრე, მაინც მორქინალ ფურივით ამაყად რომ შეეგება დამშრალი ევფრატი,სახელად მაშინ-ბურანუნა, მამა ენქიც მისკენ წავიდა, ბურანუნას არსში გამაგრდა და, წყაროებისა და მარადმედინი მდინარეების სიცოცხლით დამაჯილდოებელმა,დიადმა ხარმა,თავისი უხვი ნაყოფით აავსო აწ გაყუჩებული და დინჯად მედანი ვრცელი ფური,და მძლავრი ენქის შორეული სუნთქვა ტრიალებდა იმ ბევრცეცხლიან ტაძარში,სადაც,სადაც რომ შამხათს გასათხოვართათვის ქალის ძნელი ხელობა კარგად უნდა ესწავლებინა.ისუსებოდნენ და წრიალა ცეცხლის ბაცი აჩრდილები სახეზე უფრო გადასდიოდათ რადგან იმათ წინაშე შემაღლებულზე გამოდიოდა რისკიპი შამხათ: ყრუდ შეოსილი, ყუჩად მდგარ სარეცელთან მიდიოდა, ჯერ ზურგით იდგა, მაგრამ ტანსაცმელზედაც კი ეტყობოდა, დაფიქრებული, იძაბებოდნენ მხილველები, შამხათ კი მაღლა შემართავდა ხელებს, შეიფრთხიალებდა და მრგვლად ეცემოდა მისი რუხი და ტლანქი სამოსი და მთლად შიშველი, ბუნებრივი, დედიშობილა, ჩვეულებრივი ვითომ, მაგრამ სინაზითა და სისალუქით ისე იყო ჩამოძერწილიი? და,უბაცესი სისხლძარღვებით გამონასკვული, თავადაც ხომ სხეულის ტყვე, სხვებსაც სხეულით იქით ატყვევებდა და პირმოკუმული, ყვრიმალებდაბერილი კაცებისა და გაკვირვებისაგან ბაგეგაპობილ ქალთა წინაზე კეფით, კისერით, ზურგით, წელითა და ასე ქვემოთ, შემაღლებულზე იდგა, ლოდში გლუვად ამოკვეთილ გრილ სარეცელზე წვებოდა მერე, და ნაღვლიანად მომლოდინე სახე აქვთ, მაყურებელთაკენ მოექცია და, ფერმკთალ სახეზე, აიმასაც ცეცხლის თავნება აჩრდილები გადასდიოდა.

საღი ქურუმი კი უმი ხორცის ჭამა-ჭამით შემოდიოდა, ხვადი იყო და ბრგე.

იმისკენ იშვერდა ხელებს შამხათ, მყარ სარეცელზე წამოიწევდა, ისა თრთოდა როომ? მაგრამ თვალთმაქცობით არ მოსდიოდა, არამედ -კარგად ახსოვდა ის პირველი ღამე, კუნაპეტგამჯდატ ოთახში რომ შეაგდეს და, სადღაც ბნელში რომ მოიკუნტა, გრძელი მკლავების ბრმა ფათურით იპოვნა ღამის მამაკაცმა გამოუცდელი ქალწული შამხათ, იდაყვებითაც კი დაეძებდა გან-გან. მერე კი, ნაპოვნს, ხელი დარია. მერე კი, იმ განუკითხავ ხელებს ვიღა დაეძებდა, და ახლაც, სხეულით ამო გასახედნები მკვეთრად გრძნობდნენ თუ, თავადაც როგორ დაატყდათ ის პირველი ტკენა, შამხათს სახეზე ელდად რომ აჩნდა, და შესახედავნი რადგან გუშღამ უკვე გილგამეშგამოვლილები იყვნენ, იმათზე მეტად, უფერუხორცო შეუხედავებს აცახცახებდათ. მერე ნელინელ განეხვნებოდა მოკუმული ტუჩები შამხათს, და რაღაც კუთვნილს თეთრი ტანით ძლიერ ისმენდა, მიუგდებდა ყურს, და შესაუღლებლები გაფაციცებით ხედავდნენ თუ, როგორ სრულდებოდა.

  • ჰიეროგამია რა არის?-იკითხა გარე ბიძაშვილმა, - რაღას არ იტყვის თქვენი ენა,

ხოლო მონჯღრეული ქურუმი როცა გვერდზე გადაგორდებოდა, ჯერ განაბული იწვა შამხათ, მისავათებულს განითამაშებდა, სული უგუბდებოდათ შეუხედავებს, შესახედავნი – ასე თუ ისე მშვიდად გახლდნენთ, გუშღამინდელი, აკი მაინც ცოც ხლები იყვნენ, მერე კი შამხათ ძლივსგახელილი ცალი თვალით გააპარებდა მახვილ მზერას ქურუმისაკენ, იმ მძიმე ქურუმს გუნებაში კოხტად სწონიდა, და გა-დათელილი ლერწამივით ძალიან ნელა წამოიმართებოდა მერე, მნახველთა თვალწინ წარსდგებოდა უვნებელი, შიშველი, ურცხვი,

  • ერთი პატიოსანი ქალი იყო ჩვენში ძალიანი პატიოსანი ერთი, - თქვა გარე ბიძაშვილმა, - ვის გააბედვინებდა რამეს ის. ერთხელ, შუა პანაშვიდზე, კვიდრი ბიცოლა რო მოუკვდა და გარდაეცვალა, ვიღაცა აქედან ჩამოსულმა შლიაპიანმა კაცმა სამძიმარზე იმასაც ხელზე რო დაუპირა კოცნა, აი, ხო ისეთი ვითომ არაფერი, არა? მაგრამ ისეთი კივილი ატეხა, იმ კაცს შლიაპა გავარდა ხელიდან. დიდი პატიოსანი ქალი იყო ძალიანი. განსაკუთრებით ხალხში. არავისთვის გადაუდვია მისდღემჩი არაფერი. სხვა ჭირისუფლებმა კი ხელზე კოცნა მშვენიერი კარგად ჩაყლაპეს.
გაგრძელება...
Sort:  

Go here https://steemit.com/@a-a-a to get your post resteemed to over 72,000 followers.

Flag for your Spam. Although you are a bot, I warned before. :)

Coin Marketplace

STEEM 0.28
TRX 0.11
JST 0.030
BTC 68035.11
ETH 3787.11
USDT 1.00
SBD 3.63