გურამ დოჩანაშვილი - / -****ორნი აქა - იქ****- / - ნაწილი 3- ქართული პროზა ბლოკჩეინზე
ორნი აქა - იქ
გაგრძელება
რამდენადმე ადრე კი აქა:
მხოლოდ გამორჩეულები რომ შეარჩიეს, ასის ფარგლებში ართეული, რაღაცა დასაწინაურებელი გუმანით იყნოსა სტასიკმა ა ტვინმა სიხარულის რეჩხი უყო: „ძლივს, საქმე...“ არადა, სადამდე შეეძლო ესრულებინა მხოლო ეს: „ნაპლეეჩო, კნაგეე, შაგოომ...“ ნამდვილი სქმე, ხელებით საქმე, მოქმედი, იარაღიანი, ნაღდი, მონატრებოდა, აბა როგორია კომპოზიტორი იყო და – უსაკრავოდ, მხატვარი იყო და, უსაღებავოდ, - მიდი და იქნიე ცარიელა ფუნჯი, და აბა რორგორია ქადაგად დაცემული გარეწეარი – უენოდ, ანონამშჩიკი – უმელანქაღალდოდ, რორგორია, ჰა, გაგიჟდები კაცი, კიდევ კარგი რომ, ახლაღა მაინც ჰგზავნიდნენ სადღაც, ნამდვილ საქმეზე, თანაც, თვითმფრინავით, დიდ საიდუმლო განზე მდგარ თვითმფრინავში ჩასხეს შემართული სტასიკ და გამორჩეული მეყაზარმენი მისნი, თვითმფრინავის გუგუნში, გზაში, კრინტი არავის დასცდენია, რომელიღაც აეროპორტთან მშვიდობიანად დაფრინდნენ უცხო მიწაზე, და აქ თვით დაწინაურებული პრიკაზჩიკი დახვდათ; თუმც ნამეტმავად შესაშური პოგონები ედო, მაინც პატარა პრიკაზჩიკი იყო, რადგან ყოველთვის სხვის, ანუ რომელიმე მთავარი მეპრიკაზეს ბრძანებებსა თუ მითითებებს დაუყოვნებლივ და განუხრელად ასრულებდა; გარეგნულად თუმც ქედმაღალი, სწორუპოვარი და მკაცრად დარბაისელი ჩანდა, მომავალი ნაღდსაქმიანი ოპერაციით იმასაც ძლიერ უკაწკაწებდა ჩასაფურთხებელი სული: აბა სად გაგიგიათ კომპოზიტორი უსაკრ....., ყინულისგულა სნაიპერი – ულინზათოფოდ, ახალშლიაპკებიანი მუსკომედიელი ქალი – უსარკეებოდ, ძველი ჯალათი – უნიღბოდ და, ასე...
დიდპოგონებიანს სოც-საქმისთვის დიდად მზრუნველის ნიღაბი ედო. სარგადაყლაპული ხუთმაგი მწკრივის წინარე გოროზად დამდგარიყო პრიკაზჩიკი იროდ.
პრიკაზჩიკ იროდის ახსნა-ბრძანება-განმარტება მოკლე, ტევადი და ამომწურავი იყო:
- მრავალეროვანი დედასამშობლო (?! - მონადირე) ექსტრემისტების გამო განსაცდელშია. დადგა ჯერი თქვენი მაღალი მხედრული ვალის ასრულებისა. თქვენს დანახვაზე თავს მოიკატუნებენ. არ დაუჯეროთ. არ დაინდოთ არც დიდი, არც პატარა. მშვიდობას გაუმარჯოს!
ვემ... სახ... საბ... შირს!!! - იფეთქა მწკრივმა.
მოემზააა-დეთ!
ცალ ხელში ორლესული ბარი ებოძა საქმემოწყურებულ სტასიკს, მეორეში – საწამლავი. იქვე, მინდორში, შარვლები გამოურჩევლად ყველას ჩახადეს ფერშალებმა (ვითომ მიაღწევდა კია რომელიმე მათგანი ს. ორჯონიკიძისეულ დიდებას?), ნემსები შეურჭვეს იქ, რაღაცა ძალიან მყრალი სითხეც შეასვეს, არ დაჯღანულან, ასე იყო ალბათ საჭირო. ღამებნელში უცხო ქალაქს ავტომანქანებით უახლოვდებოდნენ, და ერთი მათგანი ალბათ უკვე ნამყოფი იყო იქ, რადგან მთაწმინდისა და მამადავითის დანახვაზე უყოყმანოდ თქვა:
ეს თბილისია, გრუზია, ხალხთა ჯალათის სტალინის ქვეყანა.
და უფრო მაგრად ჩაბღუჯეს კუთვნილი ბარები.
სტალინის ქვეყანა რომელიც იყო, კარგად იცოდა მონადირემ.
ზიმბაბვე და პაკისტანი უფრო იყო სტალინის სამშობლო, ვიდრე საქართველო. რადგან იმ ქვეყნებისა დიდად არა ენაღვლებოდა რა, თავის ყოფილ სამშობლოს, საქართველოს კი, თვალს არიდებდა, როგორღაც ეხამუშებოდა, არ უსწორებდა თვალს.
რადგან სტალინს თავისი ნამდვილი ქვეყანა დიდადა ჰქონდა.
...შე იმისშვილო, შოთა და ვაჟა არ იცი და, შენივ სტალინით გვაფასებ, არა?
სტალინის ხალხი არ იყო, არა,კიბეებზე და შოთას გამზირზე რომ იწვნენ, იდგნენ.
თავისას ცეკვავდნენ... თავისას მღეროდნენ... თავისას მოითხოვდნენ. სხვისა არა უნდოდათ-რა.
ახლოვდებოდნენ სტასიკი და დროებითად შემჭიდროებული თანამეცხედრე ძმანი მისნი, და მონადირის შეშფოთებული სული მშობლიურ ხალხში, თავისიანებში, მაინც გზაარეული დაწრიალებდა – რაღაც ცუდს, ძალიან ცუდს, მაგრამ მხოლოდ დედამიწურს, უგრძნობდა გული. აქ ათასებად შეკრებილიყვნენ, ეს – ხალხი იყო, მაგრამ ყოველ იმათგანს, ყველას, საკუთარი ერთი სიცოცხლე და ერთადერთი ნაბოძვარი სამშობლო ჰქონდა, მონადირეს თან უხაროდა მათი ასე ერთად დანახვა, - საქართველოთი გაერთიანებულებისა, მაგრამ რაღაც ცუდსაც გაბმულად და ძლიერ უგრძნობდა შეჭირვებული გული, და ახლა უნდოდა მათი დაშლა, თუმცა ძალიან, ძლიერ ეამაყებოდა მათი ასე ერთად-ყოფნა; მაშინ სხვა იყო, წინა ნოემბერში სულ სხვასა გრძნობდა, ცუდს არაფერს ეუბნებოდაგული, ახლა კი, თან უნდოდა, რომ ყოველთვის ასე ერთად ყოფილიყვნენ და მაინც უფრო მეტად უნდოდა რომ, მაინც, მაინც რომ დაშლილიყვნენ, დაუჯერებდა კი, ვინმე? დაუჯერებდნენ კი არა, მოღალატედაც კი ჩათვლიდნენ, მაგრამ ამისი არ ეშინოდა, - მონადირეს არ შეეძლო, სულ მცირე ნიჭადაც კი არ დაჰყვა ამდენ საკუთარსულიან ადამიანთა წინაშე გამოსვლა, რჩევა და მოწოდება, ვერა ბედავდა, და გინდაც კარგად შესძლებოდა, არა, არა, არ დაუჯერებდნენ, ეგებ უცნობებს მოგზავნილადაც კი ჩაეთვალათ, იქ გველის სულიც დატრიალებდა, არადა, ყველა მათგანი, გდაცმულების ჩაუთვლელად, თავისებურად სპეტაკი იყო ახლა, მაგრამ გონივრებს, ვისაც მწარედ ჩაბეჭდოდათ ის ცხრა მარტი, არ უჯერებდნენ, არ ესმოდათ იმათი: „ჯერ ის შევითავისოთ საფუძვლიანად, ამ მოკლე ხანში რომ შეგვეძინა - სასულიერო აკადემია, საწყობებად გადაკეთებული ეკლესიების ეკლესიებად დაბრუნება, დაბრუნებული რობაქიძე, სამმაგი სეიფიდან გამოღებული „მონანიება“, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სწორად ხსენება, კიდევ რაღაც-რაღაცეები... ასე, ორიოდ დღეში, ყველაფერს ერთად არავინ მოგცემს, რაგინდ კარქა არ ლაპარაკობდეს... გონიერება, ზომიერება... აჩქარებითა სოფელიო... გაგიგონიათ? არ შეგვარჩენენ ასე უცებ განზე განდგომას. სიბრძნე და ჭკუა გვმართებს მეტი... ძალიან ხომ არ ავჩქარდით, ხალხო... არ შეგვარჩენენ.“
„მართლები ვართ და, ვერაფერს გაგვიბედავენ. ახლა სხვა დროა.“
„კარგად ეცადეთ, როგორმე დიდ შენობაში შერეკოთ. ის შენობა მაგათი მინისტრთა საბჭოა და ამიტომ სამართლიანად გვექნება სროლის უფლება, - პრიკაზჩიკ იროდის მიერ გულჩატანილად შემუშავებულ გეგმას სტასიკსა და მისთანებს გადასცემდნენმთლად წვრილ-წვრილი პრიკაზჩიკები, - მერე ტელევიზიასთან ჩაირბენთ, იქაც შეჰყარეთ, ი ტამ გვაქვს სროლის უფლება. მეავტომატეები სულ მუსრს გაავლებენ.“
„დაიშალენით, - იხვეწებოდა მონადირის ისე ძალიანშეშფოთებული, რა მოსატანია მაგრამ, პარტბილეთდაკარგულიიროდივით, სული, მაგრამ არ დაუჯერეს.
რა ბევრნი იყვნენ, რორგორი მართლები და რომელიმე პრიკაზმეისტერის მიერ განწირულები მაინც, ბევრნი რომ იყვნენ, ესშორიდანაც კარგად ჩანდა, შეკრთა სტასიკი, მხრებჩამოყრილნი იდგნენ პოდელნიკებიც მისი, მაგრამ მშობლიური ტანკები რომ დაინახეს, როგორ მიეცათ გული, აჰ, სახელმოხვეჭილი ტანკები ჯერ გაატარეს და უკან მედგრად გაჰყვნენ,
„ატრიაა-ად, სდექ! ნალეე-ვუ!“
და აქ სტასიკი ძლიერ დაიბნა:
ყველანი ისხდნენ, იმ ღამებნელში, ვერგათენეულ ცხრა აპრილშისტასიკისათვის ყოვლად უცნობი აუარება ყუჩი სანთელი ციაგებდა იქ, და, ჯერ ჩამორჩენილი ეკლესია ეგონა იქაურობა, მაგრამ არა,არა, ვიღაც რუსტაველის გამზირზე იყო,და,ტელევიზიით ბევრჯერ ნანახს რომ მოელოდა – მიუღებელ კაპიტალისტურ ქვეყნებში გაფიცვისას როგორ ესროდა ხალხი სამხედროებს პროტესტის ნიშნად ქვებს, ბოთლებსა და ათს უბედურობას, ამია ნაცვლად კი, წყნარად ისხდნენ ქართველები და, მხოლოდ თავისას მოითხოვდნენ, სხვისა არაფერი უნდოდათ-რა, მაგრამ საზრიან სტასიკს მსწრაფლ გაახსენდა: „არ მოგატყუონ.თავს მოიკატუნებენ“, და მყისვე გააფთრდა: „როგორ, სტალინის ხალხმა კიდეც უნდა მომატყუოს მე“ - ახხ, ბრაზისაგან სულ აცახცახდა, და, იქვე გაისმა:
იმოქმეეე-დეთ!
და, პირველ რიგში, მისუსტებული მოშიმშილეებისაკენ ბარშემართულები დაიძრნენ, მაგრამ ხალხი წამოიშალა, გზა გადაუღობეს, მერედა, ვინ აკადრათ ეს, - ჯალათისტებმა, სტალინის ხალხმა, და თავისიანთაგან ერთი-ორმა აასწრო სტასიკს, სტასიკს არ ჰქონდა კარგი პოზიცია, ხელბარიანთა შუაგულში იყო, ისინი კი, მეწინავენი, ქალებს ურტყამდნენ, ქალებს ხოცავდნენ ბარიანებში შეიჭრა მონადირის უმწეო და შეშლილი სული, „რას, რას აკეთებთ!ამას რას სჩადით!“ მაგრამ რომელი ერთი დაუგდებდა ყურს, თავიანთ ქალებს მოწყურებულნი, ყაზარმებში გამოკეტილნი, სულ სხვა ქალებზე იყრიდნენ ჯავრს და ხოცავდნენ ახლა, „კაცისმკვლელებო, ამას რას სჩადით!“, ისევ ყვიროდა უმწეო მონადირე, „ამას რას სჩადით, ტოლსტოი გყავდათ!“, ვინ დაუგდებდა სიცრუეებით ისე გამოტენილ, ვერგამოსაფხეკ ყურებს, მაინც ყვიროდა: „პუშკინი გყავდათ, მუსორგსკი გყავდათ!“ „ვოტ ვამ!.. - ბარიანი ხელის ყოველ დაქნევას ასე ყოლებდნენ ყაზარმელები: - ვოტ ვამ... ზა სტალინა... ზა სტალინა...“ მაოხრებელი გზირი... „ბუნინი გყავდათ, უბადრუკებო, სისხლისმსმელებო! ჩეხოვი გყავდათ!... - ისევ ამაოდ ღრიალებდა მონადირე, - რახმანინოვი, დიდი სალტიკოვ-შჩედრინი გყავდათ!“ ვიღას ახსოვდა შენი ბულგაკოვიცა და პლატონოვიც, პროკოფიევი, ან, პრიკაზი ჰქონდათ, ხლა იმათგან არავინ ჰყავდათ, და, მარჯვენა თუ დაეღლებოდათ, მისწრება იყო საწამლავი, „უგუნურებო, ახლაც გიდგათ ეკლესიები!, დიდი პლატონ კარატაევი ხომ მართლა გყავდათ!“ პლატონ კარატაევი კი არა, დოსტოევსკიც აღარ ახსოვდათ, თუმც ეგებ წაუკითხავ რასკოლნიკოვს უფრო გრძნობდა წყეული სტასიკი, რადგან ნაჯახზე არანაკლებ, უფრო მჭრელიც კი, ბარი რომ შემართა, გოგონა იდგა მის წინ წყნარი, და შიშით კი არა, გაოცებული შესცქეროდა მხოლოდ, და გამოზოგილი სიამოვნებით, ნელა შემართა სტასიკმა ხელი, ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: „ვოტ ტებე...“ და მთელი თავისი იმ არსებით მძლავრად, ღონივრად რომ დაიქნია კუთვნილი ბარი, თან დააყოლა: „ზა სტალინა...“
სტასიკის მამა „ზა სტალინაააა“-ს სულ სხვაგვარად ყვიროდა ხოლმე.
თავგაპობილი იწვა გოგონა, დაჩერებოდა ვალმოხდილი ჭაბუკი სტასიკ.
ეგონა, მოსპო.
იქ ბევრნი იყვნენ გოგონას ტოლები. ყველასთან კარგად იყო, განსაკუთრებით კი სამი უფროსი ბიჭი მოსწონდა – გოგიტა და კახა ჩხაიძეები და იმათი მართლა მეგობარი გოგლიკო. ბიჭები ცოტათი უფროსები უნდა ყოფილიყვნენ, აბა რა. გოგონაზე ცოტათი ადრე იყვნენ მოხვედრილები იქა და, გოგონას ყოველ კუთხე-კუნჭულს კარგად აცნობდნენ. გოგონას სამივე ძალიან-ძალიან მოსწონდა,მაგრამ თავიანთ ბაღში მხოლოდ გოგიტასთან ერთად დაიარებოდა ხელიხელჩაკიდებული.კახას აქა, ჩვენთან, ერთი ისეთი სიცოცხლე-გოგო ჰყავდა, თვალებს ძნელად დაუჯერებდი, ორწლინახევრისამაც კი იმდენი ლოცვები და „ვეფხისტყაოსანი“-დან ადგილები იცოდა, ვერც წარმოიდგენდი; ასეთი საამაყო გოგო გვყავს ეკო.
დიდად ამრეზილი დასცქეროდა შორიდან სტასიკსა და იმისთანებს იმედგაცრუებული პრიკაზჩიკი.
ეს რა თაობა წამოვიდა... ვერც ერთგან შერეკეს ექსტრემისტები, ვერც მეორეში... როგორი დიდი ოპერაცია ჰქონდა ჩაფიქრებული და, რა გამოვიდა – რაღაც ოციოდ ერთეული... კიდევ კარგი რომ, გაქცეულებს დიდხანს მისდიეს, თორემ ასე ცოტა ერთეულიც კი არ იქნებოდა... „ცუდი თაობა წამოვიდა... - დამწუხრებული ფიქრობდა პირწავარდნილი სტალინისტი იროდ, და თავს მაინც იმხნევებდა, - არა უშავს-რა, კომენდანტის საათს ძალიან გვიან შემოვაღებინებ და ხუთიოდ წუთში დავერევი... მომავალი ჩვენია...“
რა იცოდა თუ, კომენდანტის საათიც ჩაუფლავდებოდა, რაღაცა ერთი ერთეული მხოლოდ...
დედამისისთვისაც გეკითხა, ძაღლთაპირო, როგორი ერთი ერთეული იყო!
„კარგი, ვთქვათ მაშინ ღამე იყო და ადვილად მიმოიფანტნენ, - გაიფიქრებდა ორი დღის შემდეგ კომენდანტის საათისკვლავაც გაწბილებული შემომღები, - მაგრამ დღის, კარგ განათებაში, ველოსიპედზე ამხედრებულ ტრანსპორტირებულ იმ ათი წლის ექსტრემისტს უკეთეს ადგილას ვერ მოარტყეს ტყვია? მხოლოდ თეძოში... თან, იმ ჩაშლილ ღამეს ჩემდამი დაქვემდებარებულ ორ ჯარისკაცს ქვაც რომ მოხვდათ კასკებში? სერიოზული კომოციო აქვთ, დაუშვებელია! სამაგალითოდ უნდა დაისაჯნონ! კიდევ აქეთ არიან ჩემზე ნაწყენები“.
ათვალწუნებით დასცქეროდა მქშინვარე გამორჩეულებს, „მზადყოფნის ფრიადოსნები თქვენ არ იყოთ... უბადრუკები ეს“, მაგრამ დიდსულოვნად თქვა:
მაინც აჭამეთ.
პოლიტრუკმა კი მიუგო:
ორი მათგანი ვერ იმსახურებს ამას.
რატომ.
ორი მათგანი ვერაა ხასიათზე.
ალბათ ოპერაციის შეუსრულებლობისათვის.
არა, ბარები უშნოდ გააგდეს ხელიდან.
არა უშავს-რა, - თქვა სტალინისტმა!1 – შეეჩვევიან. მაინც აჭამეთ.
სტასიკი იქვე, რუსთაველის გამზირზე იჯდა და კუთვნილ საჭმელს მადიანად ჭამდა. ჯერ სწრაფად, ღონივრად ღეჭავდა და მერე სწრაფადვე ყლაპავდა. ცოტა მანამდე მიცვალებულები ჯერ შეაქუჩეს, ბრეზენტი გადააფარეს (დაიფარა, კი, ჩადენილი), მერე მანქანებს გაატანეს და ახლა, ხელები მაინც დაებანათ! - ჭამდნენ.
მონადირეს კი ამ წუთას, ამჟამად, დროებით მაგრამ ძალიანზე უფრო ძალიან შეზიზღებოდა ადამიანის მოდგმა, მხოლოდ ესენი კი არა, საკუთარი თავიც ეზიზღებოდა, რადგან მათგვარი აღნაგობისა იყო, და საკუთარ თავს გამწარებული ახსენებდა: „შენც ოხერი ხარ, ქათმის დაკვლას არა კადრულობ და, კარგა გემრიელად კი შეექცევი, ძროხას ყელს არ სჭრი და, მშვენივრად მიირთმევ, ღორის სუკები ნერწყვმომდგარს მოგწონს და ღორის გამომშიგნავებს კი ამრეზილად შესცქერი... შენი სუნთქვაც კი, უნებური, მაგრამ მაინც დანაშაულია... რაღაც უხილავ ათასგვარ მიკრობს ისუნთქავ და ჰკლავ, ტყუილად კი არ ატარებს ბუდიზმის ზოგი მიმდევარი დოლბანდს... და რაგინდ თუნდაც კარგად მოიქცე, სუნთქვა ხომ მაინც ყველას გვინდა და, ჰაერსაც კი ამახინჯებ – ჟანგბადს წამდაუწუმ ნახშირორჟანგად აბრუნებ ხოლმე... დედა-ბუნებას, ჟანგბადს ულევად რომ გიბოძებდა ხოლმე, როგორ ექცევი – აბინძურებ, აჭუჭყიანებ! და სასიკვდილოდ გყავს დაჭრილი... შენც ოხერი ხარ!“
ვინმე რუსთაველის სისხლდაღვრილ პროსპექტზე იჯდა სტასიკ, ირგვლივ კი რა აღარ ეყარა – ქალის ფეხსაცმელები, ლეიბები, თავსაბურავები, კაშნეები, ჩანთები, ცხვირსახოცები, წიგნები, ნოტები...
და ერთიც ჩანთა, თბილ წინდებიანი.
სტასიკს ამეებისა დარდი არა ჰქონდა, სისხლში იჯდა და გულიაშს შეექცეოდა. ბისკვიტს ატანდა ზედ.
შეძრწუნებულმა მონადირემ კი აღარ იცოდა, რა ეშველებოდა, ეს – მისი ხელობის კაცისათვის საშინელება იყო, ახლა, ამჟამად, ადამიანი, როგორც ასეთი, ეზიზღებოდა!
მაგრამ იქა, ძალიან ზემოთ, ხელიხელჩაკიდებულები დაიარებოდნენ გოგიტა და გოგონა.
ის ერთი დიიდი ბუჩქი, ყვავილებით როგორ უხვად დახუნძლული, სუმუდამ უხმობდათ. ახლაც იმასთან იდგნენ, გოგიტამ კი ერთი დიდი ყვავილი შეარჩია და, ყურთან მიუტანა. მთლად გატრუნული იდგა გოგონა, რა ესმოდა და:
„რამ შემქმნა ადამიანად?
რატომ არ მოვედ წვიმადა...“
კრიმში ჯერ ვერა და, კურორტ ცკალტუბოში კი ნასადილევზე ამაყად მიმოდიოდა უფასო საგზურიანი ახლად უფროსი ლეიტენანტი სტასიკ.
ხალხთაშუა მიდიოდა.
ერთ ინგლისელ მეცნიერს, გვარად ბაქსტერს, ასეთი ცდა ჩაუტარებია: ქოთნის ორი მცენარე მდგარა ოთახში, სადაც ბაქსტერმა ვიღაც ადამიანი შეიყვანა და ერთი მათგანი დაუნდობლად ააჩეხინა. მერე, მეორე დღეს, ცოცხლად დატოვებული მცენარე რაღაც ძალიან მგრძნობიარე ელექტროხელსაწყოს შეუერთა და რიგრიგობით, ცალ – ცალკე შეუშვა იმასთან რამდენიმე სხვა ადამიანი. მცენარის მდგომარეობის აღმნუსხველი ხელსაწყო არაფერს აჩვენებდა, გატრუნულიყო. მაგრამ როდესაც ის ამჩეხავი შეუშვეს, ხელსაწყო ლამის ახტუნავებულა, მცენარეს ისე შეუცხადებია. მისი გასვლისთანავე კი, დაშოშმინებულა. ამ ცდის ამბავი კალენდარში მოკლედ კი წაიკითხა მონადირემ, მაგრამ გულში ჩარჩა და მერე ძალიან დაინტერესდა: ნეტავ ყოველგვარი აჩეხვის უცოდინარ, სულ სხვა მცენარესთან რომ შეეყვანათ ის ადამიანი და მცენარე კი იგივ ხელსაწყოთი გამოეცადათ, ნეტავი ოდნავ მაინც არ შეიშმუშნებოდა?
კალენდარში ამაზე არაფერი ეწერა, მაგრამ მონადირემ მტკიცედ იცოდა რომ, ვისაც ჩაუვლიდა სტასიკი, შორეულად მაინც რაღაცას უგრძნობდა გული...
მზეზე ჩაყვინთული ბერიკაცები, შეიშმუშნებოდნენ.
გოგო და ბიჭი, ერთმანეთს თვალებდახუჭული რომ ჰკოცნიდნენ, შეკრთებოდნენ.
ბურთს დადევნებული ბავშვი რაღაცას წამოჰკრავდა ფეხს.
მაგრამ სტასიკი ბაქსტერის ცდისა ბაიბურშიც არ იყო და ხალხში ამაყად მიმოდიოდა. ხანდახან რაღაცით შემცბარ ადამიანებში ხალისით თამაშობდა დომინოს და შაშს, იმის ხელში გამოვლილ ქვებს როგორღაც ფრთხილად იღებდნენ ადამიანები, თუმც სტასიკისა არაფერი იცოდნენ. სტასიკი კი აბაზანებს ხალისით იღებდა, ყოველი შემთხვევისათვის ანალიზებზე ბევრმხრივ წარსდგა, ლექციებს ესწრებოდა საერთაშორისო თემებზე... უფასოდ ჭამდა, უფასოდ სვამდა. ვისას...
გახალისებულიყო.
...მაგრამ დრო გადიოდა.
გავიდა დრო და, გოგონა ისევ თავის გამოქვაბულში იყო, დამწუხრებული, იქ დედის ცრემლებს და მამის გულს მიუგდებდა ყურს, წმინდა ნინოსი რომ ჩამოესმა:
წამოდი, გიხმობენ, შვილო.
და მხრებში მაშინვე ფაქიზად შეუდგა ორი ცისარტყელა, ძალიან მჩატე იყო, ციმციმ წაიყვანეს.
მზემ, მარიამმა, მიიახლოვა და გულში ჩაიკრა, მოეფერა.
ვიღაცა ხნიერი კაციც წარსმდგარიყო იმათ წინაშე, ძალიან გაცვეთილი პალტო ეცვა.
„ვაიმე, რას გავს, - შეცბა გოგონა, - ცხვირი ასე რამ გაუსია... ეს რა წითელი თვალები აქვს, ამას აქ რა უნდა...“
- ვერა ცნობ, შვილო?
ვერა, - თქვა გოგონამ. მაგრამ გული ძალიან უძგერდა.
თადარიგში გასული კაპიტანი სტასიკ წარსმდგარიყო იმათ წინაშე, ვიტიას გამონაცვალი უცნობი ფერის პალტო ეცვა, ოცდაათი კაპიკი ჰქონდა ჯიბეზე.
- შენი მკვლელია, შვილო.
- მე მკვლელი არ ვარ! - წამოიძახა სტასიკმა, - მე მხოლოდ პრიკაზს ვასრულებდი!... ეგენი დავკაში მოყვნენ.
რაში მოჰყვნენ?
ერთმანეთი გადათელეს! - თუმც იქაურებისა არა გაეგებოდა-რა, მაინც თითქოსრაღაცდა ძალიან არსასურველ განსაცდელს გრძნობდა და თავს მაშინდელი შენაკოწიწით იმართლებდა: - მაგათერთმანეთი დავკაში გადათელეს, ჩემი თუ გჯერათ, თვით ჩემზე სანდო ბევრად უფროს თვითიროდს ჰკითხეთ, თუ არ გჯერათ!
მაგრამ პრიკაზჩიკს რა პასუხი უნდა გაეცა, ადუღებული კუპრის ტბაში იხარშებოდა, გოგონასათვის ყოვლად უცნობადგილას, სადღაც, და, შავ ორთქლ – ადენილი, გიზგიზა ცეცხლით შემოგარენ-ახტუნავებული, რასხად (რასხი: შავ-წითელი) ფართხალებდა, მწარე ღრიალით იხვეწებოდა: „მომკაა-ლით! გამათაა-ვეთ!“
მიართმევდნენ, კი, სიკვდილს.
მე... ამან მომკლა, იქა? - იკითხა გოგონამ.
და როგორც მაშინ, გაოცებული შეაცქერდა.
პირქუში არსებაც იცდიდა იქვე, სტასიკისთანაების პრიკაზჩიკამდე ნავით ერთგულად გადამყვანი.
ბარი მიეცით,- თქვა მარიამმა.
- მე ბარი არ მინდა! - ასავსავებდა ხნიერი სტასიკი, - მე ბარი რად მინდა, თადარიგში გასული ვარ!
ის საწამლავი, - თქვა მარიამმა, - როგორ გაბედეთ, როგორ იხმარეთ...
- მე პირადად არ ვიცოდი საწამლავი თუ იყო! - თავი ისევ ტყუილით იმართლა მწარედ აფორიაქებულმა სტასიკმა, თითქოს გრძნობდა რა წარმოუდგენლობაც მოელოდა, - მე არ ვიცოდი საწამლავი თუ იყო, გამაბრუებელ საშუალებად მომასაღეს! პირველად მესმის!..
- და ბარი, ბარიც არ იცოდი?
თავჩაქინდრული იდგა სტასიკ. - ვთქვათ, ისიც არ იცოდი, უდანაშაულო თუ იყო. მაგრამ ასეთ პატარაზე, ასე პატარა გოგონაზე, როგორ შემართე ბარიანი ხელი.
ერთხანს კი დუმდა, მაგრამ საზრიანი იყო სტასიკი:
ძალიან ბნელოდა! იმ სიბნელეში იგი უფრო უფროსად გამოიყურებოდა!
რამდენისა გეგონა მაინც...
ასე... ასე მთელი ოცი წლის სრულწლოვან დაფიქსირებულ მოქალაქეს გავდა.
რას ჰგავდა?
სრულწლოვანს. ძალიან ცუდად ჩანდა იმ... თქვენი სახელი?
მარიამი.
ძალიან ცუდად ჩანდა იმ სიბნელეში, ამხანაგო მარიამ!
აქ წმინდა ნინოსაც კი გაეღიმა, მოკლედ ჩაიქნია მარცხენა ხელი.
ძალიან ცუდად როგორ ჩანდა, - თქვა მარიამმა, - სანთელი ეკავა ხელში.
ხნიერმა სტასიკმა უმწეოდ მიმოიხედა, მაგრამ იმ პირქუშის თვალებს წააწყდა და, აქ კი კარგა მეათასედით იგრძნო რაც მოელოდა და, ამითაც კი შეძრწუნებული, სხაპასხუპით ალაპარაკდა:
რომელი გამართლებული კაცი მე მნახეთ! მე შედარებით პატარა კაცი ვარ!
მე არაფერში არ გამიმართლა! აგერ, ოცდაათი კაპიკიც კი გამომყვა არადა პივა ისე მინდოდა... ვერ ხედავთ პალტო რორგორი მაცვია! - და, ერთბაშად გასაწყლებულმა, მძიმედ დაამატა: - დედაც, დღეში ორჯერ მცემს.
ვინა გცემს?
დედა. ჩვენში ცოლებს ასე ვეძახით.
დაფიქრებული გოგონა თავისთვის იდგა.
სანამ არ თვრებოდი, ხომ არა გცემდა?
არა. დავუძლურდი და მომერია.
მემრედა, რატომ დაიუძლურე თავი.
აბა, რა მექნა! - აქ კი ცამდე სწორად თვლიდა თავს სტასიკი და, აფეთქდა: - აბა,
მე რა მექნა, ჩვენში მთელი შვიდი თვე იცის ზამთარი და სულ ფეჩზე ხომ არ ვიწვებოდი! ეგ მაგის საქართველოა, კალორიებიანი ვინაგრადი რომ მზამზარეულად ჩასდით მუცელში! ვერ ვიტან მაგათ!!
დაფიქრებული შესცქეროდა გოგონა. ახლაც ყუჩად იდგა.
ყურძნის მოყვანას რა შრომა უნდა, თუ იცი.
რა შრომა უნდა – მხოლოდ დაწურე და დაასხი-დალიე!
გულზე მიიდო ჯვარი სტასიკით შემკრთალმა წმინდა ნინომ.
სიჩუმე იდგა ისეთი რომ, აის დიადი სამხმოვანებაც კი არ ისმოდა.
მაგრამ ღვთისმშობელი ალაპარაკდა. იმას ხმა ჰქონდა რომ? ახლაც კი, ეკლესიაზე მთვარის შუქის დაფენას ჰგავდა.
- ყური დამიგდე. მე აქ არავის ვასამართლებ. არასოდეს. მაგრამ შენი თავი მე გა მომიგზავნეს. ალბათ იმიტომ, რომ ეს გოგონა ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული შვილობილია. საქციელით რომ გახრწნილი იყავი, ეგ შედარებით არაფერი, შენ სიტყვებითაც მეძავი დარჩი, შენი ერის დიდმა შვილმა კი ერთხელ ასეც თქვა, რომ, ყველაფერი შეიძლება ეპატიოს ადამიანს, სიტყვით მრუშობის გარდა. მაგრამ მე არაფრის მისჯა არ შემიძლია, - და გოგონასკენ გაიშვირა ხელი, - დაე, ამან გაგასამართლოს.
და აქ სტასიკი იმ პირქუშმა გოგონას ქეჩოთი მიჰგვარა.
დაფიქრებულიყო ყმაწვილი მსაჯული.
ყველანი, დუმდნენ.
ის სამხმოვანებაც კი, მარადიული, ახლა დადუმებულიყო; არაფერი უბიძგებდა არსაითკენ, მხოლოდ თავისით უნდა გამოეტანა მსჯავრი, უმწეოდ მიმოიხედა გოგონამ და, წმინდა ნინოს ვაზის ნასხლევს რომ მოჰკრა თვალი, წამოიძახა:
გთხოვთ, აპატიოთ, დიდო მარიამ ღვთისმშობელო!
რკინის თითები გაკვირვებისგან მოუდუნდა უცხო პირქუშს!..
კარგად დაფიქრდი.
გთხოვთ, აპატიოთ, შეხედეთ, რა უბედურია...
კარგად დაფიქრდი. მე არაფერს არა გკარნახობ, მაგრამ არ მინდა რომ
აჩქარდე, შვილო.
- აჩქარებით არ მომსვლია ეს, მე მაგაზე ბევრჯერ ვფიქრობდი. ეგ ალბათ ისე დაიბადა, ისე გაზარდეს...
და თუმც თავს ისევ იკავებდა, უფრო მოულბა ხმა:
შენი გამოქვაბული თუ გახსოვს, შვილო? უთვალავწვეთება, გაბზარულქვიანი.
იმ გამოქვაბულში ვფიქრობდი სწორედ, დიდო მარიამ-ღვთისმშობელო.
მერე?
ისევ ისმოდა ის დიადი სამხმოვანება. სახელითა მამისა და ძისა და სულიწმიდისა – უფრო.
გთხოვთ, აპატიოთ, ყველაზე დიდო ქალბატონო. ეგა, ცოდოა...
რატომ, შვილო.
მაგან აქაურობისა არაფერი იცოდა-რა, წარმოდგენაც კი არა ჰქონდა. აპატიეთ
- რა, დიდო მარიამ-ღვთისმშობელო.
ღრმად დაფიქრებულიყო ყველაზე დიდ ქალბატონი, წმინდა მარიამ-ღვთისმშობელი, დიდი მარიამი, მზე.
გოგონასათვის, და თავისათვისაც, სიხარულის ცრემლი სდიოდა.
თქვენ გიძღვნით, დედებს.
დოჩანაშვილი ქართული მწერლობის კაშკაშა ვარსხვლავია. უმაგრესია.
ჰაი ჰაი რომ ეგრეა. :) ნამდვილად ბუმბერაზია, ოღონდ არა მარტო ქართულ არამედ მსოფლიო ლიტერატურაში.
Congratulations @anakur! You have completed some achievement on Steemit and have been rewarded with new badge(s) :
Award for the number of comments received
Click on the badge to view your Board of Honor.
If you no longer want to receive notifications, reply to this comment with the word
STOP
To support your work, I also upvoted your post!
Do not miss the last post from @steemitboard!
Participate in the SteemitBoard World Cup Contest!
Collect World Cup badges and win free SBD
Support the Gold Sponsors of the contest: @good-karma and @lukestokes