ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (დასაწყისი განთიადისა) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in #georgian8 years ago

ოთარაანთ ქვრივი

დასაწყისი განთიადისა

არჩილმა გასწყვიტა ლაპარაკი და წინა და უკან მოჰყვა სიარულს ოთახში. ვინ იცის, — კესო შეეცოდა, თუ დაიღალა, და სიარულით ქარის ამოღება მოინდომა. ხოლო პატარა ხანს შემდეგ შუა-გზიდამ უეცრად მოუტრიალდა კესოს და უთხრა:

— არა, ჩემო საყვარელო დაო! ნუ მიწყენ კი და ეგრე ადვილად გზაასაქცევი, თავიდამ მოსაშორებელი არ არის გიორგის ამბავი. გახსოვს გრიგოლ ორბელიანი? რა-რიგად აგვიტაცა იმისმა სიტყვამ, როცა ვკითხულობდით:

„მიეცით ნიჭსა გზა ფართო,
თაყვანისცემა ღირსებას,
ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს
და არა გვარიშვილობას”.

— ეგ აქ რა მოსატანია? — ჰკითხა კესომ.

არჩილი ჩაფიქრდა: გაუკვირდა მიუხვედრელობა კესოსი.

— შენი კითხვა მაკვირვებს, კესო!

— საკვირველი აქ არა არის-რა, — მიუგო კესომ და თავი ჩაჰღუნა, თითქო ეს დუნე პასუხი თითონვე ეთაკილაო.

— მაშ გიორგის შეირთავდი? — ჰკითხა უეცრად არჩილმა.

კესომ ეს უეცარი კითხვა იწყინა, თუ რა, დიდხანს პასუხი არ გასცა.

არჩილმა აცადა. გული კი აუფანცქალდა. ვინ იცის — რა უფრო ენატრებოდა: ჰო, თუ არა. არჩილმა ხელმეორედ ჰკითხა:

— შეირთავდი?..

— არა.

— მეც ეგრე მოვიქცეოდი. გამოდის, რომ თუ არ გვარიშვილობას...

— ნუ იტყვი მაგას!.. — შეჰკივლა კესომ წყრომითა და თვალები დაუბრიალა.

— ნუ სჯავრობ, კესო! მართალს თვალი თვალში უნდა გაუყარო უშიშრად. მადლი მაგასა აქვს...

— არ მიყვარდა და იმიტომ.

— ჩვენი ვაიც მაგაშია. სჩანს ჩვენთვის წიგნი სხვა ყოფილა და საქმე სხვა. არ გიყვარდა იმავ მიზეზით, რა მიზეზითაც არ შეირთავდი: გლეხკაცი იყო. სად არის აქ „თაყვანისცემა ღირსებისა”, რომელიც ჩვენ ასე მოგვწონდა? წიგნშია და არა საქმეში, ენაზეა და არა გულში. აბა გიორგის ამბავი წიგნში ამოგვეკითხნა, რა პტყელ-პტყელ ლაპარაკს მოვყვებოდით მე და შენ და ჯვართ ვაცვამდით, ვისაც კაცის საწყაოდ გვარიშვილობა მოუხმარია. „ღირსების თაყვანისცემას” ვიღა სჩივის, შენ ვერც კი მიუხვდი სიყვარულს, კაცი თურმე თავს გევლებოდა. აი, რა დიდი კედელია ჩვენსა და იმათ შუა! ჩვენის სისხლხორცის ქვითკირია, ქვითკირი... ჩვენ რომ გვკითხონ. ვითომ დიდი ხანია გადაგვიქცევია ეს მაგარი კედელი. მაგრამ რით? მარტო წიგნისაგან გაალმასებულ ენითა. ენით ვაქცევთ და გული კი ისევ ებღაუჭება, ისევ აშენებს, აგებს... ნახევარ-კაცნი ვართ და ვაი, რომ უკეთესი ნახევარი მოგვთლია...

— არჩილ, მეტის-მეტია.

— მკვახედ, უფერ-უმარილოდ ლაპარაკს გულქვაობაში ნუ ჩამომართმევ, ჩემო კესო. სიცოცხლეში ხშირად არ მოგვეელინება იმისთანა რამ, რომ ჭკვა გვასწავლოს, თვალი აგვიხილოს. ხომ მიწასთან გასასწორებელნი ვიქნებოდით, თუ ჩვენისთანებს იმოდენა ღონეც არა აქვს, რომ თვალის ახილების ტკივილს გაუძლოს. ეს-ღა გვაკლია.

— მაშ სთქვი!.. თუმცა ტკივილითა სჭრი, მაგრამ ამებით ჰკერავ კიდეც. სთქვი!..

— იცი, რა იყო გიორგი!.. გიორგი მთელი წიგნი იყო, ხიდ-გაღმა დაწერილი. გიორგი წიგნია-მეთქი, მთელი წიგნი ცხოვრებისა, სულ სხვა ასოებით დაბეჭდილი. წინ გადაგვეშალა ეს წიგნი და ვერ წავიკითხეთ. რას არა ვკითხულობთ მე და შენ და ათასი ჩვენისთანა. მწიგნობრობით დღეს ვის არ მოაქვს თავი და მაგის ანბანი კი თურმე არა გვცოდნია. გიორგი ცოცხალი ხატია ღირსებისა „თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებსო”, ნათქვამია, და რამდენჯერ გვითქვამს მე და შენ, — რა კარგად და მართლად არის ნათქვამიო. წიგნში ეს დანახული გვაქვს, ენაზედაც ხომ გვაკერია და გვაკერია. ცხოვრებამ კი რომ ამისი ცოცხალი ხატი წინ დაგვიყენა, ვერ ვიცანით: თვალით ნახული ვერ დავინახეთ. არ შეირთავდი!.. ვის? „მშვენიერს სულსა”. არ გიყვარდა, ვინ? „თაყვანსაცემელი ღირსება”. არ გვიყვარდა ის, ვისაც „ცის სხივით აცისკროვნებს მშვენიერება” სულისა.

— სიყვარული ბრძანებით არ მოდის.

— განა მზე კი უბრძანებს ხოლმე ვარდს, გაიშალეო!.. აქ თავისთავად უნდა მოსულიყო, რომ, უკაცრაოდ, ბრმა გული არ დახვედროდა, გვარიშვილობის ცხრა კლიტით დაკეტილი. აბა შენი ტოლი კაცი ყოფილიყო და ვინ იცის, იქნება ბრძანებასაც გაეჭრა, სიყვარულს ხომ მაინც მიუხვდებოდი და მაინც, სხვა არა იყოს-რა, თუნდა ნაასალი მადლიც გიორგისა არ სცხებოდა. აქ კი გვარიშვილობამ კარი გულისა არ გაუღო. წმინდა შუქი მშვენიერის სულისა ამაოდ და უქმად-ღა ჯავარსავით ეფინებოდა ცივს კედელს. შენ ვერც კი მიუხვდი, ვერც!.. იმან კი იცოდა და არა სჩიოდა. „არა ვნანობო, არაო!..” მოკვდა და ეს უწყინარი სიტყვები ჩვენ დაგვიგდო ჩვენის თავის გასაკითხად.

— ნურც ეგრე გამასწორებ მიწასთან!.. მეყოფა!.. — უთხრა კესომ და ტირილი დაიწყო.

არჩილს შეეცოდა, მივიდა და შუბლზედ აკოცა.

— წმინდაა ეგ ცრემლი და არ მოგწმენდ. თქვენ, ქალები, ამით გვჯობნიხართ მამაკაცებს...

— რომ ცრემლს — გვინდა თუ არა — წყალსავითა ვღვრით ხოლმე. კმარა სიცილი!.. დავიტანჯე!..

— ო, ჩემო კარგო. ზოგჯერ ცრემლი „მდუმარე წვიმისამებრ ნაყოფის გამომცემელია”. ცრემლი ყოველთვის არ არის უბრალო წყალი, ცრემლი ზოგჯერ ფარია, და დროზედ ხმარებული ფარი იგივ ხმალიაო, ვიღაცას უთქვამს.

— მაგით რა გინდა სთქვა?

— შენი ტირილი მიხარიან... მეც ვიტირებდი, რომ მარტო უკანღა ვიხედებოდე, როგორც ეხლა შენ. იქ, უკან ბნელა... ღამეა...

— და ხიდია ჩატეხილი, ხიდი!.. — წამოიძახა ტკივილით კესომ.

— ეგ მინდა, რომ ყველამ დავინახოთ, ეგ მინდა, რომ ყველამ ვიცოდეთ. შენ ეხლა ჰხედავ, შენ ეხლა იცი.

— ვიცი და ვტირი...

— ამიტომაც მიხარიან შენი ტირილი...

— არჩილ, წინ რაღაა, წინ! — შეჰბღავლა უეცრად კესომ და ორისავ ხელის თითები ერთმანეთში ჩაიწნა და ფშვნეტა და მტვრევა დაუწყო.

— ეგ ცრემლიანი ცოდნა უკანა სწვავს და ჰბუგავს, წინა ჰნამავს და ამწვანებს. ეგ ნამი რომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მიიტანს, რომ ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდი გაამრთელოს და ეგრე ორსავ ნაპირს გააერთებს. ეგ ცრემლიანი ცოდნა, თუ ცოდნიანი ცრემლი უკანისა, — შუქია წინასი და შუქი ხომ...

— დასაწყისია განთიადისა, განა, ჩემო კარგო?!

— სწორედ.

და-ძმანი სიხარულით ერთმანეთს გადაეხვივნენ.

Coin Marketplace

STEEM 0.04
TRX 0.32
JST 0.088
BTC 61668.19
ETH 1699.52
USDT 1.00
SBD 0.38