ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი I & თავი II
ქართული პროზა
ქ ა ჯ ა ნ ა
ნიკო ლომოური
თავი I
,,პატარა ქაჯანა“ გახლავთ მეტი სახელი ერთი სოფლელი პატარა ბიჭისა, რადგანაც ამას ლაპარაკში ხშირად უყვარდა სიტყვა,,ქაჯანას“ ხმარება, მაგალითებრ:,,ქაჯან, წავიდეთ მინდორში,“,,ქაჯან, ერთი ვაშლი მე მომეცი,“ ამის გამო მას სოფლელმა პატარა ამხანაგებმა დაარქვეს,,ქაჯანა“. წინაპირველად სიმონას ცოტა არ იყოს, წყინდა ეს სახელი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შეაჩვია ყური და ბოლოს ისე შეეთვისა, რომ სიმონა რომ დაეძახნა ვისმე მისთვის, ის ყურადღებასაც არ მიაქცევდა ხოლმე;,,ქაჯანა“ კი რომ დაგეძახნა, საჩქაროზედ ან ხმას გაგცემდა, ან არა და ერთს ციბრუტივით შემოტრიალდებოდა და თვალის დახამხამებაზედ შენ წინ დაიბადებოდა. გაუვარდა სიმონას ეს სახელი! მთელი სოფელი: დიდი თუ პატარა, შინაურები თუ მეზობლები სიმონას ეძახოდნენ,,ქაჯანას“. - ქაჯან, გაიქე, დედაშენს უთხარი: ერთი პური გვასესხეთქო!.. - ბიჭო, ქაჯანა, წამო, ე ჩვენ ლომა კამეჩზე შეგსვა... - ქაჯანა, წავიდეთ, ჩიტის ბუდე ჩამოვშალოთ... ეძახოდნენ ხოლმე სიმონას... სიმონა კარგად ხედავდა, რომ ამ სახელით მისი დაცინვა, ან გაჯავრება კი არ უნდოდათ, არამედ მასში იხატებოდა დაყვავება, ალერსი, სიყვარული მისდამი... სიმონა საჩქაროზედ გაჰქანდებოდა შინისაკენ და, თუ სავსეთ არა ჰქონდათ, ხტუნაობით გამოურბენინებდა პურს... მერმე მეორეს აუსრულებდა თხოვნას, შემდეგ მესამისაკენ გაიქცეოდა... დახტოდა, დაცუნცულებდა, მღეროდა და ისეთის სიმარდით და მოხერხებით აკეთებდა საქმეს, რომ განცვიფრებაში მოჰყავდა თავისი მნახველები... უნდა დაგენახათ, როგორის სიცქვიტით ავარდებოდა მსხმოიარე, ან ფრინველის ბუდიან ხეებზედ, როგორ დაჰქანდებოდა იქიდამ და სრიალით ჩამოვიდოდა ძირს; ან კიდევ იმისი მარდი სირბილი, სახრისა და ჯოხის ხმარება, მისი წმინდა კილოიანი ხმა, როდესაც საყდრის კარებთან შეგროვილს თავის ტოლებში ჩაჯდებოდა და დაიძახებდა:,,დელია, დელია, დელია და ბიჭებო“, ან,,კურდღელი მოცანცალებდა, ფეხმოტეხილი, საწყალი“, მაგრამ ყველაზე კარგა სიმონამ სათამაშო,,გოგონას“ სიმღერა იცოდა... როდესაც ამას დაიწყებდა, დიდი კაცებიც კი მივიდოდნენ ხოლმე, დადგებოდნენ მათ შორი-ახლო და დაუგდებდნენ ყურსა... მათ დაღვრემილს სახეზედ ღიმილი ჩნდებოდა და კმაყოფილების შუქი გამოდიოდა მათი კეთილი თვალებიდგან... ყველანი მოიმხიარულებდნენ ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტი სიამოვნება იხატებოდა ერთს ჭაღარაშერთულ, ცოცხალ სახიან და დაბალტანიანი გლეხის, კიკოლას სახეზედ...,,ოი, შენი გამჩენის ჭირიმე, შვილო, შენი!!“ - დაიძახებდა ხოლმე ეს, როდესაც სიმონას ზარივით ხმა უკანასკნელად დაიწკრიალებდა ჰაერში...
- რა ბიჭი გყავს, კიკოლა, რა ბიჭი!.. - მხიარულად მიაძახებდნენ ხოლმე კიკოლას იქ მდგომი გლეხები და შემდეგ მიუბრუნდებოდნენ მის შვილს:,,ქაჯანა, ერთი, კიდევ ერთი!..“ და ქაჯანას ხმა ხელმეორედ გაისმოდა ჰაერში... მას მიჰბანებდნენ სხვები და ხელ-ახლად გაიმართებოდა ბავშვების სიმღერა და თამაში...
თავი II
ქაჯანას მამა, კიკოლა, იყო ერთი ჩვენი გონიერი და გამოცდილი გლეხთაგანი... საქართველოს რომელ კუთხეს იტყვით, რომ კიკოლა არა ყოფილიყვეს იქ თავის სიყმაწვილეში; ჯერ ოცი წლისაც არ იყო, რომ მას ორჯელ-სამჯერაცა ჰქონდა მოვლილი კავკავის გზები. ოცი წლისა კიკოლა გუმბრის გზაზედ გახდა... ამის შემდეგ თითქმის ყოველ სამს წელიწადში ერთხელ მიდიოდა გუმბრში მარილის მოსატანად... სამი-ოთხი პირობა ორპირშიაც წაიღო ქირა... შემდეგ შეირთო ცოლი და, როდესაც მამა მოუკვდა
და მარტოხელი გახდა, დაანება ქირაობას თავი და მიჰყო ხვნა-თესვას ხელი. ამ დროს კიკოლას და მის ცოლს, მართას, მიეცათ პირველი ვაჟი; შემდეგ მეორე, მესამე, ამათ მიჰყვნენ ორი ქალი და დაწვრილშვილდა კიკოლა. რაღაც საცოდავი სამიოდ დღის მიწა ჰქონდა და ერთი პატარა ვენახი... წელებზედ ფეხს იდგამდა, ამ ცისმარე დღე და ღამე სულ განუწყვეტლად მუშაობდა, მაგრამ წლის სარჩო მაინც არ მოსდიოდა. კიკოლა მაინც იხტიბარს არ იტეხდა: ვალს არ იღებდა, კარზედ არავის ადგებოდა სათხოვნელად და ხალხშიაც მუდამ მხიარული გამოდიოდა... მის მოსწრებულ სიტყვა-პასუხს, მის კვიმატ
ლაპარაკს, მის მოშაირობას და ხუმრობასა სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელს იმ ახლომახლო სოფლებში. მაგრამ უცებ ისეთი ამბავი დაატყდა კიკოლას თავსა, რომ დროებით ყველა ესენი სრულიად დაავიწყდა და თვით მხიარული კიკოლა გადააქცია სახედაღვრემილ, სულით და გულით დაცემულ ადამიანად. ერთს ზამთარში შეუდგა კიკოლას საოფლე, დაერია იმის პატარა შვილებს და ორჯელ წყვილ-წყვილი კუბო გამოიტანეს იმისი სახლიდამ... სამი ვაჟი და ერთი ქალი სამუდამოდ მოწყდნენ კიკოლას გულიდამ. დარჩა მხოლოდ ერთი უმცროსი ქალი, რომელიც ეხლა თერთმეტი წლისაა... ერთი წლის შემდეგ მიეცა კიკოლას ვაჟი და ამის შემდეგ აღარავინ მიმატებია მის ოჯახს. ეს ვაჟი გახლავთ ჩვენი უკვე გაცნობილი პატარა ქაჯანა. ამნაირად კიკოლას ჰყავდა ორი ზედიზედ მიმდევნო შვილი: ქალი და ვაჟი. მთელი თავისი მშობლიური სიყვარული კიკოლამ ამ ორ ბავშვს შემოახვია. მომეტებულად კი უფრო სიმონა უყვარდა და, როგორც კი შეეძლო, უვლიდა და ანებივრებდა მას. უნდა გენახათ, რა მშვენივრად გაკეთებული პატარა გუთანი, პაწაწინა საძნე და საბარო ურემი, ლამაზი პატარა კომბლები და ჯოხები
ჰქონდა სიმონას! მინდვრის სამუშაოს რომ მორჩებოდა, სიმონას სათამაშოებს მიჰყობდა ხოლმე კიკოლა ხელსა... ნელ-ნელა სთლიდა პატარა ჩხირებს და თანაც მხიარულად შესცქეროდა თავის საყვარელ შვილს... ბევრჯელ ამ დროს მოაგონდებოდა ხოლმე თავისი პატარა, დაჩიტული შვილები და მისი სახე მსწრაფლად იქცეოდა დატანჯული სულის სარკედ.,,რო ი წყეული საუფლე კიდევ გამიტყვრეს საიდგანმე და ესეც მომტაცოს, რაღა მეშველება მაშინ?!“ იტყოდა ხოლმე კიკოლა და წარბშეკრული გაჩოჩდებოდა შვილისაკენ. შემდეგ აიღებდა თავს მაღლა, მიიხედ-მოიხედავდა სახლში და, რა დაინახავდა მას, ვისაც ათვალიერებდა, დაიძახებდა:
- შვილო, კატო, მოდი შენც ჩემთან, შენი ჭირიმე!..
კატო მარდად გაჰქანდებოდა და კოპწიად ამოუჯდებოდა ხოლმე თავის
მამას მუხლისძირას.