ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (ზარი) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე
ოთარაანთ ქვრივი
ზარი
არჩილმა თავის ოთახში აატანინა გიორგი და თავის ლოგინზედ დააწვენინა. მაშინვე კაცი აფრინა მკურნალის მოსაყვანად მახლობელ ქალაქიდამ. ორი-სამი კაცი კიდევ სხვა გაჰგზავნა სხვადასხვა სოფლებში, რომ შინაური ჯარა-ექიმებიც მოეწვიათ, ვინც კი გამოჩენილი იყო და შინაკაცებმა დაუსახელეს.
თითონ იმავ სოფელშიაც იყო ერთი სახელგანთქმული ჯარა-ექიმი — ოფოფაანთ დემეტრე. ისიც დაიბარეს და ნახევარ საათსაც არ გაუვლია, დემეტრე ჩამოვიდა.
გასინჯა დემეტრემ გიორგი. კარგა ხანსა სინჯა, კარგა ხანს იქნია თავი და ბოლოს უთხრა არჩილს:
— არა, ბატონო!.. მე მაგას ხელს ვერ მოვკიდებ. ეგ ამ ქვეყნისა აღარ არის. მაგისი წერა ეგა ყოფილა...
— ერთი სცადე... თუ ღმერთი გწამს, ხელი დაადე... რაც გინდა მთხოვე და მაგის ცოდოს კი ნუ დაატრიალებ ჩემს სახლში, ჩემს თავზედ!..
ეხვეწებოდა, ევედრებოდა არჩილი, რომელიც იმ უბედურის წამიდგან აღარ მოშორებია გიორგის: გიორგის ლოგინთან დაჩოქილიყო, მომაკვდავის ცივი ხელი თავის ხელის-გულზედ დაედო და თითონაც არ იცოდა, რისთვის უზელავდა ხელით ხელსა.
— ტყუილი წვალება-ღა იქნება უბედურისა. სჯობია უწვალებლად მიაბაროს სული, — მიუგო დემეტრემ. — ამაღამ, — დიდი საქმეა, — თუ გაატანა: შიგანური სულ შენგრეული აქვს.
— მერე ცოდო არ არის ამისთანა ბიჭი მოკვდეს!.. — წამოიძახა გულამოჯდომით არჩილმა და თავი ჩაჰკიდა დიდის მწუხარებით.
— ჰაი, ჰაი რომ ცოდოა!.. — დაიღმუილა ვიღაცამ ტირილის ხმით.
ყველამ იქით მიიხედა, საიდამაც ეს ხმა მოვიდა და ბნელს კუთხეში არჩილის მეწისქვილე კი დაინახეს. ამ ბერი-კაცს შეეტყო ეს ამბავი, მოვარდნილიყო, შეპარულიყო ოთახში, საცა გიორგი ესვენა და ბნელ კუთხეში მობუზული ქვითქვითებდა ჩუმად, თითქო ეშინოდა, არავინ გამიგოსო...
— არ გებრალები, ჩემო სოსიავ, რომ ასეთი ცოდვა დატრიალდა ჩვენს ოჯახში!.. — შესჩივლა არჩილმა მეწისქვილეს, რაკი ნაღველის მოზიარე იგულვა, თითქო ამით ნაღვლის განქარვებას ჰლამისო.
— ოღონდაც, ბატონო, ოღონდაც!.. — წაიქვითინა ეხლა კი ხმამაღლა მეწისქვილემ, რაკი გული ვეღარ შეიმაგრა... — ვაი მაგის დედის ბრალი, ვაი!..
მარტო ეხლა მეწისქვილის ხსენებამ მოაგონა არჩილს ოთარაანთ ქვრივი. ამ ვაი-ვაგლახში აღარავის მოჰგონებია, შვილის ამბავი დედისათვისაც შეეტყობინებინათ.
ოთარაანთ ქვრივმა ჯერ არა იცოდა-რა.
არჩილი მეტად შესწუხდა, არ იცოდა, რა გზით და როგორ გაემჟღავნებინა დედისათვის. ამის ფიქრსა და წუხილში იყო, რომ გიჟსავით გაფეთებული შემოვარდა კესო, უკვე მოსულიერებული. კესოს ცოცხალის ფერი არ ედო.
— როგორ არის, არჩილ, როგორ? — ჰკითხა აჩქარებით ძმასა და მაშინვე გიორგის ლოგინთან მიიჭრა.
— შენი მტერიმც ნუ ყოფილა ასე!.. — ძლივ-ძლივ წაიდუდუნა ძმამ.
კესომ დაჰხედა გიორგის. გიორგი გვერდზედ დაეწვინათ, ასე რომ პირისახე კესოსაკენა ჰქონდა. კესომ ნახა, რომ ეს ბრგე ყმაწვილი კაცი ძლივს-ღა ჰფეთქავს... კესოს მტკივნეულად შეეკეცა შუბლი... მიიფარა ორივე ხელი ორსავ თვალზედ და, თითქო მოგუბებული ცრემლი უკუვ უნდა აქციოსო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჭმუჭვნა დასრესა დაუწყო თვალებსა ხელებ-ჩამოუღებლივ.
— კესო, ნუ შევატყობინებთ დედასა? — ჰკითხა ძმამა.
— როგორ თუ ნუ? შვილი მოვუკალით და არც კი ვატყობინებთ, — რომ სულთმობრძავს მაინც მოუსწროს, სული დედის კალთაში მაინც დაჰლიოს... — მოსთქვამდა ქვითინით კესო.
— მე აღარა მესმის-რა, — უთხრა ძმამა, — ამ საცოდავობამ გამაშტერა. აღარც ჭკუა მერჩის, აღარც ხელ-ფეხი!.. დაბნეული ვარ.
გაჰგზავნეს დედასთან ბიჭი. მალე მოვიდა ოთარაანთ ქვრივი. თუმცა ფეხაჩქარებით, მაგრამ ისე გულ-დინჯად შევიდა გიორგის ოთახში, თითქო შენათვალი არაფრად შეუმჩნევია და აინუნშიაც არა მოსდის-რაო. მარტო სახე თითქო უფრო ჩამოსჭკნოდა, წარბებ-შუა შუბლი ორ-სამ კეცად ჩაჰნაოჭებოდა და ზაფრანის ფერი ედო.
იმასთან გაგზავნილი ბიჭი კი გოგო-ბიჭებში ლაპარაკობდა, რომ შენათვალი ვუთხარი თუ არა, ეს ვეება დედაკაცი კინაღამ თავზე არ წამომექცაო.
— რა გატირებს, ჩემო კარგო!.. — უთხრა გზა-და-გზა გიორგისაკენ მიმავალმა დედამ მტირალს კესოს. — განა სატირლადაც გაჰხდა საქმე!..
ხმა არავინ გასცა რიდისა და კრძალვისაგან. ზარი დიდი იყო!.. ოთარაანთ ქვრივი მივიდა შვილის ლოგინთან და რა დაჰხედა ცოცხალ-მკვდარს შვილს, ერთი საშინელი შემოიკრა თავში ხელი და იქვე მუხლი მოეჭრა და ჩაიჩოქა.
ხმაგაკმენდილს ოთახში ენა ვეღარავინ დასძრა, ასოც ვეღარავინ შეატოკა.
მარტო ერთად-ერთის სანთლის ალი ჰთრთოდა ლოგინის თავში, სხვა ყველა სულიერი თითქო გაქვავდნენ, თითქო მარილის სვეტებად გადიქცნენო.
დადუმდა, შეჰდგა ყველა და მარტო დედა-შვილობის საცოდავობა-ღა თავის დიდებულის ზარით ჰღაღადებდა უთქმელად, უტყვად, ხმა-ამოუღებლად.
ამას მარტო თვალი გულისა-ღა თუ ჰხედავდა და ყური გულისა-ღა თუ ისმენდა!.. ხორციელი სმენა, ხორციელი ხედვა ამისათვის უღონოა.