ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი IV
ქართული პროზა
ქ ა ჯ ა ნ ა
ნიკო ლომოური
თავი IV
ერთ საღამო ჟამს ასე ერთად ისხდნენ და-ძმა სახლში და რაღაზედაც გაცხარებული ტიკტიკებდნენ. მათ შორიახლო იდგნენ კიკოლა და ამის ცოლი და ესენიც ნელ-ნელა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ცოტა ხანს უკან კიკოლა მოტრიალდა ბავშვებისკენ და დაიძახა:
- ბიჭო, ქაჯანა, ამაღამ რომ ჭიაკოკონობაა და შენ კი არა გაქ რა?
- როგორ არა მაქ, - დაიძახა ქაჯანამ, - გუშინდელი დღე სულ კაჭაჭი ვაგროვე.
- ი რას გეყოფა, ბიჭო, მერე! - სთქვა კიკოლამ, - ისეთი ჭიაკოკონა უნდა დაანთო, რო ცამდინ ადიოდეს იმისი ალი...
- მაშ გავიქცევი ნაფუძრებში და კიდევ ავკრეფავ კაჭაჭს, - წამოიძახა ქაჯანამ და წამოხტა ფეხზედ.
- არა, შვილო, ეხლა გვიანღაა. მე წავალ და საბძლიდან ერთ კაი კონა ჩა-
ლას და ცოტა თივას მოგიტან, - სთქვა კიკოლამ და გასწია კარებისაკენ.
- დილილ მე, დილილ მე, - სიხარულით დაიძახა ქაჯანამ და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, შეხტა მაღლა და შეიკუნტრუშა.
- ახლა, შარშან ჭიაკოკონობას რო ჩვენებიანთ საბძელი დაიწვა? ეხლაც რო კიდევ დაიწვას, მერე? - წამოიძახა კატომ.
- მართლა, დედა, რო კიდევ დაიწვას? - განიმეორა ქაჯანამ. - უნდა ფრთხილად ვიყვეთ, შვილო, და არაფერი არ დაიწვება, - უპასუხა მართამა.
- ახლა, რა არი, დედა, რო ჭიაკოკონა არ დავანთო? - დაიძახა კვალად კატომ.
- ჭიაკოკონას რათ ვანთებთ ხოლმე, დედა? - მიაძახა ქაჯანამ.
- ემღამეს, შვილო, უნდა უსათუოდ დაინთოს ჭიაკოკონა ყველა სახლის კარებზედა... ეს იმიტომ რომა, ხო დაგინახავთ, აი ზემოდამ რო მაღალი მთა მოჩანს, იალბუზს რომ ეძახიან, იქა, შვილო, ამაღამ ეშმაკები, ქაჯები, ჭინკები შეგროვდებიან ერთად და ქორწილებს გამართავენ ხოლმე. იქიდან გახარებულები გამოფრინდებიან, შვილო, დაერევიან სოფლებსა და, თუ ცეცხლი არ დაინახეს ვისმე სახლის კარებზედ (ცეცხლისა ძლიერ ეშინიათ იმათა), მაშინვე შევლენ იმ სახლში, ან დაახრჩობენ ვისმე, ან გააგიჟებენ; ხანდიხან მოიტაცებენ ხოლმე კიდეცა, მომეტებულად პატარა ბავშვებსა, წაიყვანენ იმ იალბუზზედ, დაჰკლამენ და შეჰსჭამენ...
- დედა, - დაიძახა ქაჯანამ, - ე ერდოდამ რომ ჩამოვიდნენ?
- აგერა, შვილო, - უპასუხა დედამ, - აი ჯვარედინად როა ერდოში გადებულ-გამოდებული ეკლიანი ასკილები, იმიტომ გააკეთა წეღან მამაშენმა, რომ ვეღარ ჩამოვიდნენ იქიდანა... ჯვარისა და ეკლისა ძლიერ ეშინიანთ კუდიანებსა...
მართა გაჩუმდა; ბავშვებიც სულგანაბულნი ისხდნენ.... ასე დარჩნენ ესენი კარგა დიდ ხანსა. მათი სახის გამოხატულება და მოძრაობა ამ სახის ასოებისა ცხადად აჩვენებდნენ, რომ ამ პატარაების პაწაწკინა გულები მოსვენებით არ იყვნენ ეხლა. ორთავენი ფიქრობდნენ, მაგრამ, როგორცა სჩანდა, ერთნაირად კი არა... ქაჯანას ფიქრში შიში იყო ჩარეული, ეს დაღვრემილი სახით თავჩაღუნული იდგა და გაშტერებით დაიცქირებოდა მიწაზე. კატოც ფიქრობდა, მაგრამ მის თვალებს სიცოცხლე კი არ მოჰკლებოდა, თითქო ერთი ორად მომატებოდა: თვალებს ხან აქით აცეცებდა, ხან იქით, თითქო ეძებს რასმეო... ბოლოს რაღაც კვიმატური ღიმილი გადაეფინა სახეზედ... და ამ დროს შემოჰკრა ტაში და წამოხტა ფეხზედ... ანება ძმას თავი, ისარივით გავარდა კარზე, ავიდა პატარა წნულზედ და გადახტა სათონეში... მივიდა ვარცლთან და სტაცა ხელი პურის ცომის დიდ ტყავს და საჩქაროზედ გაეხვია მასში... შემდეგ მოტრიალდა, აიღო ერთი პირგანიერი ქოთანი და ჩამოიცვა თავზედ... დაიჭირა ხელში თონის საჩხრეკი და ბურტყუნ-ტორტმანით დაიწყო სათონეში სიარული... უცებ შესდგა, გაიკისკისა ერთი და საჩქაროზე გაიძრო ყველაფერი ტანიდამ...
- ჯერ ადრეა, ჯერ ადრეა კიდევ... - წაიბუტბუტა და გადმოხტა ისევ უკანვე...
ახ, ჩემო საწყალო ქაჯანავ! სად იყავ ამ დროს, რომ ვერ დაინახე სათონეში შენი კუდიანი და?!
Excellent article. I learned a lot of interesting and cognitive. I'm screwed up with you, I'll be glad to reciprocal subscription))
epic comment.
can you read and understand Georgian?