გურამ დოჩანაშვილი - / -*ჩვენს ეზოში წვიმა მოდის*- / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in #georgian6 years ago

ჩვენს ეზოში წვიმა მოდის

...და შავ ტანსაცმლიანი მამაკაცი

ძალიან ცხელოდა. გავარვარებულ ასფალტს ბუღი ასდიოდა. ისეთი სიცხე-პაპანაქება იდგა, გარეთ არ გამოისვლებოდა. ყველას ეგონა, ნაშუადღევს აგრილდებაო, მაგრამ შეცდნენ – მზე ისევ იკბინებოდა. ეზოში არავინ გამოსულა, კვირა დღე იყო და ყველანი შინ იყვნენ ჩაკეტილნი. სიცხით გაბრუებულნი დროდადრო ამოიოხრებდნენ ხოლმე და სველი ცხვირსახოცებით ოფლს იწმენდდნენ. ჰაერი მძიმე, დახუთული იყო. სუნთქვა გაჭირდა.
რკინის ხვეულ კიბეზე მსუქანი კაცი ჩამოვიდა, ონკანზე რეზინის მილი მიამაგრა და ეზოს მორწყვას შეუდგა. შესამჩნევად აგრილდა. ფანჯარას ჯერ ერთი კაცი მოადგა, მერე მეორე.
შენ გიშველა ღმერთმა, სარდიონ.
რა კარგად მოიფიქრე, კაცო!
სარდიონს ესიამოვნა და სიამაყეც კი დაეტყო. - ასეა, ასეაო, - სთქვა.

  • მოფიქრება არ უნდოდა? - გაიკვირვა დიდულვაშიანმა კაცმა, - მთელი დღე რაღაც მაწუხებდა და ვერ მივხვდი, რა იყო.
  • თქვენ ნუ იცით ყველაფრის გაბუქება, - შენიშნა მაისურიანმა მამაკაცმა მეორე სართულიდან. - რა მოხდა? კაცმა ეზო მორწყა, რა დიდი ამბავია, არ ვიცი?
  • რას ამბობ, ანდრიკო, - ფანჯრის რაფაზე წითელლოყება ქალი გადმოიხარა, - კაცი პატივს გცემს, უნდა დააფასო.
  • ჰო, ჩემი გულისთვის შეწუხდა სწორედ, როგორ არა! - ჩაიცინა ანდრიკომ. - კაცს დაცხა და ეზო მორწყა, რა მოხდა?
  • მერე, ადამიანმა რომ თავის თავსაც ასიამოვნოს და შენც, რა მოხდაო უნდა სთქვა?
  • არ ვიცი სწორედ! - დაემოწმა ულვაშა.
  • საკვირველია, ანდრიკო, შენი საქმე.
  • რას ერჩოდა, ნეტავი, ამ კაცს?
  • მიდი, სარდიონ, მიდი, გენაცვალე, ყველას კი ნუ დაუგდებ ყურს, - ურჩია ვიღაცამ.
    ანდრიკოს გული მოუვიდა და ოთახში შებრუნდა. იქვე, აივნის კართან შაჩერდა – იქნება ჩემზე რამე სთქვანო.
    მოწინააღმდეგის გაქცევამ სარდიონი გაახარა; წელში გაიმართა. რეზინის მილი ისე ამაყად ეჭირა, რომ წყლის ჭავლი საგულდაგულოდ გალესილ დანას დაემსგავსა. ნელა, ნაზად ამოძრავებდა ხელს, თითქოს საყვარელი ქალის სახელს ჩხაპნიდა სილაზე.
    მეზობლები სიგრილეს გრძნობდნენ, ალერსიანად დასცქეროდნენ სარდიონს.
  • სხვა რომ არაფერი, - სთქვა მიხეილმა, - ფიზკულტურაცაა ეზოს მორწყვა.
  • რა თქმა უნდა, - დაეთანხმა ულვაშა და მაშინვე დაეჭვდა. - სადაური ფიზკულტურააო.
  • აბა, ვლასოვი ნაღდად მეხანძრე იქნებოდა, - გაისმა აივანზე შეუმჩნევლად გამოსული ანდრიკოს ხმა,- ჩვენი კარტოზიაც.
    სარდიონმა ონკანი დაკეტა და ზევით აიხედა.
  • რა გინდა, ჰა! აღარ მომეშვები, ბიძია?
    „ბიძია“ ისე იყო ნათქვამი, უცენზურო სიტყვას უდრიდა. ანდრიკო პასუხის გასაცემად მოემზადა და დაფიქრდა. აშკარად ეტყობოდა, უწმაწური პასუხის თქმას აპირებდა. ლოყებღაჟღაჟა ქალმა,ელიკომ გადასწყვიტა ყურები დაეცო, მაგრამ უეცრად „ოჰო, ვინ ჩამოსულაო“, მოესმა და ჭიშკრისაკენ გაიხედა. ეზოში ტანმორჩილი, გამხდარი იდგა. იმ გაგანია სიცხეში შავი კოსტუმი ეცვა. კისერზე გაბზეკილი პეპელა-ჰალსტუხი ეკეთა, ხელში ორი დიდი ჩემოდანი ეჭირა. ეზო შრებოდა, მზე აცხუნებდა, ასფალტს ორთქლი ასდიოდა და გამხდარი მამაკაცი თითქოს ნისლში იდგა. მეზობლებს პატარა, სევდიანი თვალები მოავლო, თავი მდაბლად დაუკრა და უთხრა: „გამარჯობათ, ხალხო“!
  • ოჰ! - გაიკრიჭა ანდრიკო. - „ფოკუსნიკს“ გაუმარჯოს როგორ მოიარე რუსეთი, კარო?
  • დიდი მადლობა, კარგად.
  • რამდენი ხანია, აქ აღარ ყოფილხარ, შენი ბოქლომი დაჟანგდებოდა,
  • არა უშავს, ნაღვლიანად გაიღიმა კარომ, -თქვენი ნებართვით როგორმე გავაღებ.
    მისი ოთახის კარზე, თითქმის ყოველთვის, პატარა ბოქლომი ეკიდა; კარო მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თბილისში.სხვა დროს გასტროლებზე დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში.მეზობლები დიდად არ აფასებდანენ. „გამარჯობის“ მეტს არაფერს ეუბნებოდნენ ხოლმე. ხანდახან მაინც აუცილებელი იყო კაროსთან გამოლაპარაკება და ყველა ეჭვით ისმენდა მის მაღალფარდოვან სიტყვებს. ერთადერთი, ვინც ხშირად ელაპარაკებოდა, ანდრიკო იყო, მაგრამ კაროს არ უყვარდა ეს კაცი. არავინ იცოდა კაროს ასავალ-დასავალი, ნამდვილი სახელიც კი არ იცოდნენ მისი. „კარო“ ამ პატარა კაცის ფსევდონიმი იყო. ეს გამხდარი მამაკაცი ჩვეულებრივად იქცეოდა, მაგრამ ყველა მაინც ეჭვის თვალით შესცქეროდა – კარო ილუზიონისტი იყო.
    სარდიონმა კაროს ახედ-დახედა, რეზინის მილი დაახვია და შინ აიტანა. ანდრიკო მეორე სართულიდან დამცინავად დასცქეროდა კაროს, ის კი ეზოში იდგა, ხელში უზარმაზარი ჩემოდნები ეჭირა და ამაოდ უცდიდა, როდის გასცემდმემ ხმას. თვითონაც არ იცოდა, რუსეთის ქალაქებში ყოფნისას რატომ ენატრებოდა ხოლმე მეზობლები – ხალხი, ვის გვერდითაც წელიწადში სამიოდე თვე თუ ცხოვრობდა.
    ხმას არავინ იღებდა და კარომ მისდაუნებურად რამდენიმე ზედმეტი მოძრაობა გააკეთა: ერთი ჩემოდანი სველ ასფალტზე დადგა, ხელი გულის ჯიბეში ჩაიყო, მერე ისევ ჩემოდანს დასწვდა და თავის ოთახისაკენ გასწია.

ჩვენი ეზო

ბუხუტი სანიკიძე მეორე სართულზე ცხოვრობდა. სამსახურიდან შვიდის ნახევარზე ბრუნდებოდა, საშინაო ტანსაცმელს იცვამდა, ხელებს იბანდა და სადილობდა. მერე მეორე ოთახში გადიოდა, ტახტზე წამოწვებოდა და კედელზე ჩამოკიდებულ დიდ საათს შეხედავდა. ამ დროს ყოველთვის რვის ათი წუთი იყო ხოლმე.
ბუხუტის ფიქრი უყვარდა. ნასადილევს დაძინება არ შეეძლო, რადგან ათას რამეზე ფიქრობდა. ტახტზე გულაღმა წამოწვებოდა და ძალაუნებურად განსჯა – მოსაზრებებში იძირებოდა. „ნეტავი ვინ უფრო მიყვარს, ჩემი სიძე საშა, თუ ჩემი რძალი ნაზიკო?“ ეს მეტად ძნელი გადასაწყვეტი იყო, რადგან ბუხუტის ძალიან უყვარდა სიძეც და რძალიც. პასუხის გასაცემად აუცილებელი. ბუხუტი ჯერ წარმოიდგენდა, თითქოს საშამ ხელი მოიტეხა. სიძის შეწუხებულ სახეს რომ წარმოადგენდა, გული ეტკინებოდა. მერე იმავე მდგომარეობაში ნაზიკოს წარმოიდგენდა, ისევ ეტკინებოდა გული. არაფერი გამოდიოდა – ორივე ძალიან უყვარდა ბუხუტის. მაგრამ მან იცოდა, ცხოვრებაში ზუსტად ერთნაირი რომ არაფერი იყო და ისევ ფიქრობდა, მაინც რომელი უფრო მიყვარსო?
ბუხუტი გარინდებული იწვა და ათას რამეზე ფიქრობდა. მერე სიამაყით იხსენებდა, სამსახურში ძალიან ჭკვიანი კაცის სახელი რომ ჰქონდა გავარდნილი, მაგრამ ამ დროს სინდისის ქენჯნასაც განიცდიდა: იმათ რა იციან, ასეთ რამეებზე რომ ვფიქრობო.
მიხეილსაც ჭკვიან კაცად იცნობდა ხალხი. თავი ამაყად ეჭირა, თავშეკავებული კაცი იყო. რჩევა-დარიგების მიცემა უყვარდა, რაიმე კამათის დროს თანამოსაუბრეებს ჯერ ყურადღებით და თავის აზრს ყოველთვის ბოლოს გამოთქვამდა ხოლმე. ყველა აფასებდა მიხეილს. ელიკო ხომ აღმერთებდა – ქალების ჭკუა რა ვთქვი, თორემ ასეთი ადამიანი უცოლშვილო უნდა იყოსო? ამას ელიკო ისე ხშირად იმეორებდა, რომ ერთხელ თავშეკავებული სარდიონიც კი მოთმინებიდან გამოიყვანა -,,ქალებისაგან რა გინდა, შე ქალო, იქნებ მიხეილს არ უნდოდა ცოლი?“ ამაზე ელიკომ უპასუხა, არა, სარდიონ, გინდაც არ სდომებოდა, იმ ქალების ადგილზე მაინც არ მოვუსვენებდიო.
ელიკო გაჭირვების დროს ყოველთვის მიხეილს მიაშურებდა ხოლმე. ერთხელ მასთან ძალიან აღელვებული მივიდა თვალცრემლიანმა სთხოვა, შენი ჭირიმე, მიხეილ, ჩემი ბიჭი დაარიგე, ვიღაცა გოგო და ეგ თურმე ერთმანეთს გადაჰკიდებიანო. მიხეილმა დინჯად მოუკიდა პაპიროსს, თავი გაიქნია და შეწუხებულ ქალს თვალი თვალში გაუყარა. მერე ჰკითხა, დღეს რა დღეაო. შაბათიაო, უპასუხა ელიკომ. მიხეილი დაფიქრდა, გუნებაში რაღაცა აწონ-დაწონა და, კარგი,სამშაბათს ყველაფერი რიგზე იქნებაო, უთხრა.ელიკოს გული მოუბრუნდა. იმავე საღამოს მიხეილი ეზოშშში იჯდა. ჭადართან ერ თი მერხი იდგა, იქ უყყვარდა მიხეილს ჯდომა, კარგახნის შეღამებული იყო, ჭიშკარი რომ გაიღო და ელიკოს ვაჟი შემოვიდა.

  • ბიძიკო, მოდიაქ!
    ბიჭი მორცხვად მიუახლოვდა.
  • ჩამიჯექი აქ. რამდენი წლისა ხარ?
  • ჩვიდმეტის.
  • ეჰ! - ამოიოხრა მიხეილმა.
    ერთ ხანს ჩუმად ისხდნენ, ბიჭი ცოტა გაკვირვებული იყო, მაგრამ არ იმჩნევდა.
  • მე ახლა შენ რომ დაგარიგო,-დაარღვია სიჩუმე მიხეილმა, - როგორ გგონია, კარგი მენდომება შენთვის თუ ცუდი?
  • კარგი.
  • აბა, ყური დამიგდე, ორიოდე სიტყვა უნდა გითხრა: ახლა უკვე ჭკუა გმართებს. დღეიდან მარტო კი აღარა ხარ, ორნი ხართ, ორნი, - თვალთან ორი თითი მიუტანა მიხეილმა. ბიჭს შერცხვა და თავი ჩაღუნა. - ახლა ძალიან უნდა ერიდო უსიამოვნო შემთხვევებს, - განაგრძო მიხეილმა, - ქუჩაში ერთად რომ მოდიოდეთ და მთვრალი შეგხვდეთ, გვერდი უნდა აუქციო; თუ ამას ვერ შეძლებ, რასაც გეტყვის, ყველაფერზე დაეთანხმე. რომ გითხრას, მუხას მსხალი აბიაო, აბიათქო, უთხარი, რა გენაღვლება? ხომ სწორი ვარ? დიახ, ძია მიხეილ.
  • და საერთოდ... - მიხეილმა კარგახანს უყურა,
  • გესმის ჩემი?
  • კი.
    -მე რომ ახლა დაგარიგე, როგორ გგონია, კარგი მინდოდა შენთვის, თუ ცუდი
    -კარგი.
    -აბა, შენ იცი. უფროსებს დაუჯერე და კაცი გამოხვალ.

მაგრამ მიხეილი ყველასთან როდი იყო ასეთი ალერსიანი. დიტოს, მაგალითად, სულ სხვანაირად ელაპარაკებოდა. დიტო ოცდათხუტმეტი წლის კაცი იყო. სკმაოდ უზრდელი, ბრიყვი და ზარმაცი ადამიანი გახლდათ. დიტოს კაცად არავინ აგდებდა. ერთადერთი, ვისთანაც მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, მიხეილი იყო. მიხეილს ძალიან უყვარდა მერხზე ჯდომა, დიტოც ყოველთვის გვერდით მოუსკუპდებოდა ხოლმე. იცოდა, დაფასებული კაცი რომ იყო და ეტმასნებოდა.
ანდრიკოსი არ იყოს, მეზობლებს გულზე აეც დიტო ეხატებოდათ. მას ყველაზე მეტად სარდიონი ვერ იტანდა. სარდიონი ოჯახის ერთგული, შრომისმოყვარე კაცი იყო. სამსახურიდან შინისე არ დაბრუნდებოდა, იღლიაში ამოჩრილი დიდი საზამთრო არ მოეტანა. ამ დღის შემდეგ, როდესაც ჩვენ პირველად მოვავლეთ ეზოს თვალი, გახურებულ ასფლტს აღარ რწყავდა – ვის უნდა ვემსახურო, ანდრიკოს თუ დიტოსო? სხვებიც აღარ რწყავდნენ ეზოს; რატომღაც ყველას ეგონა, სარდიონს ეწყინებაო. ისევ საშინელი სიცხეები იდგა. ყველას სული ეხუთებოდა, ასფალტს ბუღი ასდიოდა. არაქათგამოცლილნი ბრუნდებოდნენ სამსახურიდან, საღამოს გამოდიოდნენ გრეთ (ბუხუტი ოთახში რჩებოდა და ფიქრობდა), ზოგს სკამი გამოჰქონდა ეზოში, ზოგი მერხზე ჯდებოდა და ლაპარაკობდანენ, ანდა ჩუმად ისხდნენ. ცას უყურებდნენ და მსჯელობდნენ, გაწვიმდებოდა თუ არა.
კარო ფანჯრიდან შესცქეროდა მეზობლებს, კამათში ჩარევა უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა. იცოდა, ყველა ეჭვით რომ შეათვალიერებდა, მის დანახვაზე ზოგიერთი აიმრიზებოდა კიდეც. კაროს ძალიან უნდოდა მერხზე დამჯდარიყო და ყველასათვის ეამბნა, რა ლამაზი ქალაქია ლვოვი, მაგრამ თავმოყვარეობა ამის უფლებას არ აძლევდა და მოწყენილი კარო იხსენებდა ხოლმე, რომ „ლვოვში პატარა, კოხტა სახლებია: ორ-სამსართულიანი სახლები სჭარბობს. ტრამვაიც პატარაა და ვიწრო ლიანდაგზე დადის. ლვოვში დიდი თოვლი იცის. ქალაქის დიდ პარკში ტევა არ არის, ხალხი ციგურებით დასრიალებს, გორაკებიდან ციგით ეშვებიან. იქ თოვლი ისეთი ჩვეულებრივი ამბავია, რომ გუნდასაც კი იშვიათად ესვრიან ერთმანეთს. ლვოვში სუფთაა ქუჩებია. დნეპროპეტროვსკიც კარგი ქალაქია. როსტოვისა არ იყოს, ისიც ფერდობზეა გაშენებული...“
კაროს ეზოში ერთადერთი მეგობარი ჰყავდა – ნინიკო, ოთხი წლის გოგონა. კაროს ძალიან მოსწონდა ეს ბავშვი. ნინიკოს ქერა თმა და დიდი, ლურჯი თვალები ჰქონდა. მათი დამეგობრება ასე მოხდა: ერთხელ კარომ ეზოში დაინახა ნინიკო, დაბლა ჩამოვიდა, ხელი გაიქნია და მის თითებში ქაღალდის ყვავილი გაჩნდა. გოგონამ გაკვირვებით შეხედა კაროს და ხელი გაუშვირა. მერე ყვავილი შეათვალიერა და მადლობა გადაუხადა. გოგონას ბოხი, სასაცილო ხმა ჰქონდა. კარომ გაიღიმა და გამოლაპარაკება გადასწყვიტა:

  • რა გქვია?
  • ნინიკო,- ჩაიდუდუნა გოგონამ.
  • ვისი გოგო ხარ?
  • დედიკოსი.
  • მე კარო მქვია.
    იმ დღის შემდეგ კაროს ყოველთვის გამზადებული ჰქონდა ქაღალდის ყვავილი. ფაინახავდა თუ არა გოგონას, ხელს გაიქნევდა, ყვავილს გაუწვდიდა და პატარაც ბოხი ხმით მადლობას უხდიდა.
    კარო და ნინიკოს დედა არც ესალმებოდნენ ერთმანეთს – მარიამი ძალიან გულჩათხრობილი გახდა მას შემდეგ, რაც ქმარი გარდაეცვალა. მანამდე მხიარული, ხალისიანი ქალი იყო, მაგრამ ამ მოულოდნელი უბედურების შემდეგ სულ განმარტოვდა.
    ქალს მხოლოდ პატარა ნინიკო დარჩა ნუგეშად, ქერათმიანი, ლურჯთვალება ბავშვი.

კაუჩუკის ხე
ერთხელ კარომ სტუმარი მოიყვანა. საღამოვდებოდა, მიხეილი და დიტო მერხზე ისხდნენ. ანდრიკო აივანზე იჯდა და გაზეთს კითხულობდა, მარიამი ეზოში სარეცხს ჰფენდა.
მხრებგანიერ, მოქნილ ქალს ყველამ ინტერესით შეხედა. კაროს სტუმარს სევდიანი და მაინც ოდნავ თავხედური გამომეტყველება ჰქონდა. ამ ქალმა მეზობლების დაჟინებული მზერის მიუხედავად, ძალიან თავისუფლად აიარა ხვეული კიბე და სანამ კარო ბოქლომს აწვალებდა, რაღაც გვესლიანად ჩაილაპარაკა მეზობლებზე. მასპინძელს სახეზე არაფერი დასტყობია, პასუხისაგან თავი შეიკავა, კარი გააღო და ქალი თავაზიანად შეიპატიჟა. მეზობლები დაფიქრდნენ, მერე ერთმანეთს გადახედეს, ცდილობდნენ გამოეცნოთ, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ კაროს და იმ ქალს.
კარომ ყავა აადუღა და ფინჯნებში დაასხა. ქალმა ოდნავ მოსვა და ტუჩი ენის წვერით აილოკა.
-მოგწონს, როზეტა?
-რა უშაცს. შენ უშაქროდ სვამ?
-კი.
ეს იყო და ეს. მერე კარგა ხანს ხმა არ ამოუღიათ. კარომ საყვარელა ფირფიტა მოძებნა და ყველამ გაიგონა „არაბული ტანგოს“ ნაღვლიანი მელოდია. კარო ქალთან მივიდა, შეხედა და წელზე ხელი მოხვია. ნელა, მძიმედ ცეკვავდნენ. ქალი ოდნავ მაღალი იყო, მაგრამ კაროს ისე ღირსეულად ეჭირა თავი, რომ მისი სიდაბლე არც იგრძნობოდა.
-რას აკეთებენ ნეტავ? - იკითხა მიხეილმა. დიტომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიწრა, თავში ეშმაკური აზრი მოუვიდა და მიხეილს გაუღიმა.
-რავა წიწილაჭამია ლეკვივით იკრიჭები, ბიჭო.
დიტომ ისე უცბად მოიწყინა, რომ მიხეილს მაშინვე გული მოულბა, - ჰო, სთქვი, სთქვი!
დიტომ მიმოიხედა და ტუჩები ყურთან მიუტანა.

  • ვითომ?- ჩაილაპარაკა მიხეილმა, ყური გამოიწმინდა და კაროს ფანჯარას ახედა.
    ანდრიკო ოთახში შებრუნდა და უფროს შვილს - ათიოდე წლის ვიჭუნას – უთხრა, კაროსთან მიდი, მამამ მანეთი მასესხეო, ასე უთხარი.
    მარიამი ეზოში სარეცხს ჰფენდა, ძალაუნებურად ყურს უგდებდა ტანგოს. მერხზე ჩამოჯდა, მაგრამ ეზოში მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა.
    -კიდევ ვიცეკვოთ? - ჰკითხა ქალს კარომ.
    -ვიცეკვოთ.
    მარიამი წამოდგა, ვარდისფერი პირსახოცი დაბერტყა და თოკზე გადაჰკიდა.
    კაროს ძალიან გაუკვირდა, კარზე რომ მიუკაკუნეს.
  • მამამ მანეთი მასესხეთო.
  • კი, ბიჭიკო, - ჯიბეში ხელი ჩაიყო კარომ და საფულე ამოიღო, - იქნებ მეტი გჭირდებათ, ჰა?
  • რა ვიცი, მანეთი მასესხეთო.
    -გესმის, ალაპარაკდნენ, - აცმუკდა დიტო.
    ბიჭი ისე გავიდა ოთახიდან, კარი არ მიუხურავს. კარომ ხელი მსუბუქად ჰკრა სახელურს და სანამ ჯახუნი გაისმოდა, ქალს მიუბრუნდა:
  • ვიცეკვოთ, როზეტა?
  • ვიცეკვოთ, კარო.
  • რას აკეთებდნენ, ბიჭო? - ანდრიკომ ჩაიმუხლა და შვილს თვალი თვალში გაუყარა.
  • არაფერს. აი, მანეთი.
    -იჰ...
  • რამ აგაცუნდრუკა, კაცო? - დაინტერესდა მიხეილი.
  • კიდევ უკრავენ.
  • მერე შენ რა?
  • მე? არაფერი.
  • ჰოდა, იჯექი ჩუმად და ნუ იკრიჭები.
    კარო და მისი სტუმარი ნელა, მძიმედ ცეკვავდნენ, კარომ ქალს მხარზე ჩამოადო თავი. იგი ცეკვავდა, ფიქრობდა და თვალწინ ედგა შაბლონური, მაგრამ მაინც სასიამოვნო სურათი – ზღვის ნაპირი, ზღვა, კლდე, ტალღები და ძალიან შორს, ცის კიდურზე, თეთრი იალქანი.
    ბუხუტი სანიკიძე ტახტზე იწვა და „არაბულ ტანგოს“ უსმენდა.
    მარიამი ისევჩამოჯდა მერხზე. როცა სიმღერას ისმენდა, ეგონა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, უფრო მეტიც – მას ამ დროს სასწაულისა სჯეროდა. სიმღერის დამთავრების შემდეგ კი ძალიან წყდებოდა გული.
    ანდრიკომ აღარ იცოდა, რა ექნა. ძალიან აღიზიანებდა „არაბული ტანგო“. მაგიდის უჯრა გამოაღო და ელექტროსამართებელი მოიმარჯვა. ძველი ელექტროსამართებელი ხრიგინებდა და ანდრიკოს სიმღერა აღარ ესმოდა.
    ტანგო დამთავრდა და გულნატკენი მარიამი ისევ სარეცხს მიუბრუნდა: სველი პირსახოცი გაწურა, დაბერტყა და თოკზე გადაკიდებას აპირებდა, როცა კარო და მისი სტუმარი გამოჩნდნენ. მარიამმა ქალს შეხედა და ძალაუნებურად დააკვირდა. მოქნილი, თამამი ქალი იყო როზეტა. მიხეილს შეხედა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, დიტოს შეხედა – გააწითლა კაცი.
    ანდრიკოს ძალიან მოეწონა ქალის ტან-ფეხი, მისი სახის დანახვაც მოუნდა. აღარ იცოდა, რა ექნა. ბოლოს მოიფიქრა – ასანთის კოლოფი აიღო და ეზოში გადააგდო. კოლოფი ქალის დაბალქუსლიან ფეხსაცმელთან დაეცა. კარომ და მისმა სტუმარმა მაშინვე ზევით აიხედეს, მიხეილმა და დიტომაც აიხედეს ზევით.
  • ბოდიში, ქალბატონო, - ანდრიკომ თავაზიანად დაუკრა თავი.
  • არა უშავს, - უთხრა კარომ, - ხდება ხოლმე.
    ქალი აიმრიზა, გაბრაზებულმა შეათვალიერა ანდრიკო და ჭიშკრისაკენ გაემართა. კაროც უკან მიჰყვა, მაგრამ მაშინვე შემოესმა ანდრიკოს თხოვნა - „თუ შეიძლება, ასანთი ამომიგდეთ.“ ვის ეუბნებით? - დაინტერესდა კარო.
  • ჰა? - დაიბნა ანდრიკო, - თქვენ გეუბნებით, აბა, თქვენს მშვენიერ სტუმარს ხომ ვერ ვეტყოდი?
  • რატომ არ მეტყოდით? - დაინტერესდა ქალი.ჯერ ერთი, უხერხული იქნებოდა,
  • მორცხვად სთქვა ანდრიკომ, მერე ხმაში ისევ თავხედობა შეეპარა,
  • მეორეც ის, რომ თქვენისთანა სუსტ არსებას ვერ შევაწუხებდი.
    „ძლიერმა არსებამ“ - დიტომ ხმამაღლა გაიცინა. მიხეილმაც ჩაიცინა და ქალს ამაყად დააცქერდა. ქალი ძალიან გაბრაზდა და მიმოიხედა. უკან დაბრუნდა, ფეხები განზე გადგა, პატარა ჩანთა კაროს ხელში შეაჩეჩა, უკან გადაიზნიქა, თავი მიწას მიუახლოვა, გაშეშებული მეზობლების თვალწინ ასანთის კოლოფი პირით აიღო და კვლავ წელში გაიმართა, კოლოფი მარჯვენა ხელში მოიქცია, მარცხენათი ტუჩი მოიწმინდა, მერე ხელი მოიქნია და ასანთი აივანზე მარჯვედ შეაგდო, - ინებეთო. შემდეგ კაროს ხელი გამოსდო, ჭიშკართან ცოტა ხნით შეჩერდა, პირდაღებულ მეზობლებს თვალი მოავლო, გაუცინა და ანდრიკოს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა – ისედაც გაოგნებულ და დამარცხებულ კაცს აშკარად დასცინა.
    ორიოდე წუთი გავიდა, ხმა არავის ამოუღია. გაკვირვებით შესცქეროდნენ ჭიშკარს, საიდანაც ქალი და კარო გავიდნენ.
    სხვებზე ადრე მიხეილი გამოერკვა. სახე დამანჭა და სთქვა, მე რომ მაგისთანა ქალიშვილი მყავდეს, ყელს ფრჩხილით გამოვჭრიდიო.

ჩვენს ეზოში სასწაული ხდება

ისეთი საშინელი სიცხეები არავის ახსოვდა. ასფალტი დნებოდა, ფეხსაცმლის ანაბეჭდი მიწაზე გარკვევით ჩანდა. სიცხით გაბრუებული, არაქათგამოცლილი მეზობლები უაზროდ შესცქეროდნენ ერთმანეთს, უიმედოდ ათვალიერებდნენ ცას და ნაღვლიანად ჩაიქნსვდნენ ხელს – არა, არ გაწვიმდებაო.
საქმეს ეზოს მორწყვაც არ შველოდა – ორთქლს ღია ფანჯრებში ასფალტის ბუღი შეჰქონდა და ამაზეც ხელი ჩაიქნიეს. საერთოდ ყველაფერზე ჩაიქნიეს ხელი, მოიწყინეს, დანაღვლიანდნენ, მოეშვნენ. ერთხელ სამსახურიდან დაბრუნებულ სარდიონს საზამთრო კიბეზე დაუვარდა და გასკდა. მერე თითქოს შეეგუენ სიცხეს – რაჟდენმა სთქვა, ზაფხულში უნდა ცხელოდეს, აბა როგორ გინდათო. ეს მშვენიერი აღმოჩენა იყო, ამ აზრმა საუცხოოდ იმოქმედა მეზობლებზე, აუტანელი სიცხე მათთვის უცებ ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. არ მოულაპარაკებიათ, მაგრამ თითქოს დააკანონეს, რომ სიცხეზე კრინტი არავის დაეძრა. ძველებურად ესალმებოდნენ ერთმანეთს, ათას რამეს ჰყვებოდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, მაგრამ ხანდახან მაინც მოიწყენდნენ, ჩუმად ისხდნენ და ფიქრობდნენ ზაფხულის შხაპუნა, მხიარულ თავაწყვეტილ წვიმაზე. ფიქრიც კი ერთგვარ ღალატად ითვლებოდა, რადგან ყველა გრძნობდა, რაზე ფიქრობდა უეცრად მოწყენილი თანამოსაუბრე და ამიტომ, თავი რომ შეექციათ, გასართობ ამბებს იგონებდნენ.
მარიამს ბავშვი აგარაკზე ჰყავდა გაგზავნილი. კარომ რამდენჯერმე დააპირა გამოლაპარაკებოდა ქალს, ბავშვის ამბავი გამოეკითხა, მაგრამ თავს იკავებდა. ერთხელ მარიამმა მოზრდილი ყუთი – ბავშვისთვის გასაგზავნი ამანათი – ეზოში გამოიტანა და სარდიონს სთხოვა, დამიჭედეო. კარო მათთან მივიდა, ხელი გაიქნია და მარიამს ქაღალდის ყვავილი გაუწოდა, ესეც გაუგზავნეთ თქვენს პატარა ნინიკოს, იგი მიხვდება, ესოდენ მცირე საჩუქარს ვინც უგზავნისო.
გაკვირვებულმა მარიამმა ყვავილი ყუთში ჩადო და კაროს მადლობა გადაუხადა.
ამ შემთხვევამ დააინტერესა მეზობლები – მოდით, კაროს ვთხოვოთ, იქნებ თავის ნომრები გვაჩვენოსო.
ერთხელ, როცა კარო შინ ბრუნდებოდა, დიტო ფრთხილად მიუახლოვდა და უთხრა:-პატივცემულო, მეზობლები გთხოვენ, გვაჩვენო შენი ნომრები, ძალიან გთხოვთ...
კარო დათანხმდა:

  • რომელ საათზე გნებავთ?
  • დღეს შეიძლება?
  • რა თქმა უნდა...
  • აბა, შვიდ საათზე გვიჩვენე.
  • შვიდზე იყოს, - სთქვა კარომ, - კეთილი და პატიოსანი.
    საღამოს შვიდ საათამდე კარომ საგულდაგულოდ გაიუთოვა თეთრი პერანგი და ფრაკი, საყელოზე პეპელა-ჰალსტუხი მიიმაგრა, დანიშნულ დროზე გამოცხადდა ეზოში და მეზობლებს თავი მდაბლად დაუკრა.
    მეზობლებს ეზოში სკამები ჩაეტანათ, ერთრიგად ისხდნენ და უნდობლად შესცქეროდნენ კაროს.
    კარომ ყველანი შეათვალიერა, აშკარად ეტყობოდა, რომ ღელავდა, შემდეგ ჩვეულებრივი გაზეთი გაშალა, ყველას აჩვენა ორივე მხრიდან და მეზობლების ცხვირწინ ნაკუწ-ნაკუწად აქცია, ხელში მოჭმუჭნა, ბოლოს ხელი გაშალა და მეზობლების თვაწინ გაზეთის ნახევები აფრიალდა. არ გამოუვიდა კაროს ჩანაფიქრი.
    მეზობლებმა ერთმანეთს გადახედეს, კარო წამოწითლდა, ერთ ხანს დაბნეული იდგა. მერე გამბედაობა მოიკრიფა და სთქვა:-არა ვარ შეჩვეული ეზოებში გამოსვლას...
    დიტომ ჩაოფრუტუნა, ყველა დამცინავად შეაცქერდა კაროს. იგი ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. ოთახისაკენ გასწია, გზაში შემოტრიალდა და თავის გამართლებას შეეცადა – ჩემი სტიქია ესტრადაა.
    მარიამს ძალიან შეეცოდა კარო, თვალი გააყოლა.
    ბუხუტი სანიკიძე იმ საღამოს „გრაფიკიდან ამოვარდა“. ეზოდან რომ ამობრუნდა და ტახტზე წამოწვა, უკვე რვა საათი სრულდებოდა. იგი მხნედ გრძნობდა თავს და წარმოიდგინა, თითქოს წვიმა მოვიდა. ფანჯრის რაფაზე დაცემული წვეთების ხმაური მისმა სიძემ- საშამ გაიგონა. ნაზიკოსაც ძალიან გაეხარდა ეს ამბავი, ძლივს არ წამოწვიმაო? გრილი ჰაერით ტკბებოდნენ, გახარებულნი ისხდნენ ოთახში და წვიმის ხმაურს ყურს უგდებდნენ.
    ვიღაცამ დააკაკუნა. კარო შეკრთა, თვალმოჭუტულმა გაიხედა კარისაკენ. ზღურბლზე მარიამი იდგა. კარო ფეხზე წამოდგა და სტუმარს შეეგება.
  • დაბრძანდით.
  • გმადლობთ, ერთი წუთით შემოვიარე, - უთხრა მარიამმა და სკამზე ჩამოჯდა. ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ.
  • გუშინწინ ჩემი ნინიკო ვინახულე.
  • მართლა? - გაიღიმა კარომ, - ხომ კარგადაა?
  • კარგად არის, გმადლობთ.
  • წაღვერში ისვენებს, არა?
  • დიახ.
    ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. კარო ყოყმანობდა, გამოეტანა თუ არა სტუმრისათვის ორიოდე დღის წინათ ნაყიდი ლეღვის მურაბა, მაგრამ გადაიფიქრა, ვაითუ არ მოეწონოსო.
  • ჩემს გოგონას ძალიან მოენატრეთ.
  • მართლა? - გაეხარდა კაროს.
  • სულ თქვენ გახსენებდათ ყვავილისათვის დიდი მადლობა დამაბარა.
  • ეჰ, ის რა ყვავილია...
  • რატომ, მე მომწონს.
  • მართლა? - გაეხარდა კაროს, - ერთი წუთით მიტრიალდით, თუ შეიძლება.
    მარიამმა ზურგი შეაქცია და სმენად გადაიქცა. უჯრის ხმაური შემოესმა.
  • შეგიძლიათ მოტრიალდეთ.
    მარიამი ყურადღებით შეაცქერდა კარომ ხელით სწრაფი მოძრაობა გააკეთა – ინებეთ!
    ქაღალდის სიფრიფანა ყვავილი იყო. მარიამმა გაიღიმა.
  • გინდათ სხვა ნომრებიც გიჩვენოთ?
  • რა თქმა უნდა.
    კარო ეშხში შევიდა. საწოლის ქვემოდან დიდი ყუთი გამოათრია, მერე ფრაკის სახელოები დაიკაპიწა, ყუთიდან ჩვეულებრივი გაზეთი ამოიღო. ორივე მხრიდან აჩვენა, შემდეგ მარიამის თვალწინ ნაკუწ-ნაკუწადაქცია,ხელში მოჭმუჭნა, მერე ხელი გაშალა და...მარიამის თვალწინ ისევ მთელი გაზეთი აფრიალდა.
    გაოცებული მარიამი კაროს გამხდარ ხელებს დააკვირდა.
    საოცარი იყო, კაროს ხელში არაფერი ეჭირა – მარიამთან მივიდა და ხელები დაანახვა. უცებ მის თითებში პაპიროსი გაჩნდა, კარომ პაპიროსი პირთან მიიტანა და გააბოლა! მერე კარომ პირდაპირ იატაკზე დააგდო პაპიროსი, ფეხიც დაადგა, ისევ სწრაფი მოძრაობა გააკეთა ხელით და... მის თითებში ახალი პაპიროსი გაჩნდა, არხეინად გააბოლა.
    მარიამმა ლოყაზე ჩამოისვა ხელი.
    ჯერ სად იყო... კარომ ქაღალდისაგან პარკი გააკეთა, მერე ჭიქიდან წყალი ჩაასხა, პარკი გადმოატრიალა და... იატაკზე ერთი წვეთიც კი არ დაცემულა. კარომ პარკი გახსნა,
    მარიამს მშრალი ქაღალდი აჩვენა, ისევ გააკეთა პარკი, გადმოატრიალა და წყალი იატაკზე გადააქცია.
    ნუთუ მართლა არსებობდა სასწაული?
    როგორ არ არსებობდა – კარომ მარიამს ჩვეულებრივი ჯოხი აჩვენა, მაგიდაზე დააკაკუნა, დაიქნია და... ჯოხი ყვავილების თაიგულად გადაიქცა. თაიგული მოჭმუჭნა, მუჭში ჩამალა, მერე თითები ნელა გაშალა და... რის ყვავილები – მარიამს ჩვეულებრივი კვერცხი დაანახვა. მაგიდიდან ყუთი აიღო, თავი ახადა და გადმოატრიალა. ყუთში არაფერი იყო. კარომ ყუთი ისევ მაგიდაზე დადო, შიგ კვერცხი ჩადო და თავსახური დაახურა. მერე ყუთს შავი ნაჭერიც გადააფარა, მარიამს შეხედა, შავი ნაჭერი შორს მოისროლა, ყუთს თავი ახადა და... ჰოი, საკვირველებავ – ყუთიდან ყავისფერი მტრედი ამოფრინდა!
    კარომ მარიამს შეხედა, გამოცვლილი ეჩვენა ქალი. დიდხანს უყურა მას და მიხვდა, რომ ქალი სადაც იყო, ატირდებოდა, მხრები აუცახცახდებოდა, თავს ხელებში ჩარგავდა და ნაწყვეტ – ნაწყვეტად იტყოდა:,,კარო, კარო, ძვირფასო!..“
    მარიამს თვალი მართლაც ცრემლით აევსო. კარო მიუახლოვდა ქალს და ხმადაბლაუთხრა -,,მე დიდი ხანია, ოჯახზე ვოცნებობ“.
    რამდენიმე დღის შემდეგ წვიმაც მოვიდა. გათენებისას წამოწვიმა – ჯერ რამდენიმე წვეთი დაეცა ეზოში, მერე სახურავზე ახტუნავებული წვეთების ჩუმი გუგუნი გაისმა და...
    წვიმს, სასიამოვნო სიგრილეა, ახლად გამოღვიძებული მეზობლები ყურს უგდებენ წვიმას, გაუნძრევლად წვანან და ბურანში მყოფთ ძალიან უხარიათ, რომ წვიმა მოდის. სახურავზე მსხვილი წვეთები ეცემა, მილში წყალი მოჩხრიალებს. ეზოში პატარა გუბეები დადგა. გუბეში მოჩანს პატარა, ორსართულიანი სახლი და ცახცახებს. ფანჯრის რაფებზე გაუთავებელი რაკარუკია, მეზობლები კი ბურანში არიან, ყველას ეზარება ადგომა. ოთახი სავსეა წვიმის წვეთების ხმაურით დაყველას ასე ჰგონია, თუ საბნიდან ფეხს გამოჰყოფენ,მაშინვე დაუსველდებათ. წვანან ასე ბურანში და ყურს უგდებენ წვიმას – ჩვენს ეზოში ზაფხულის შხაპუნა, მხიარული, თავაწყვეტილი წვიმა მოდის.

Coin Marketplace

STEEM 0.15
TRX 0.16
JST 0.028
BTC 67779.88
ETH 2396.01
USDT 1.00
SBD 2.32