ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (დედა-შვილობა) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე
ოთარაანთ ქვრივი
დედა-შვილობა
იმ დროს, როცა ჩვენს მოთხრობას ვიწყებთ, ოთარაანთ ქვრივის შვილი გიორგი ოც-და-ერთის წლის ბიჭი იყო. ერთი ჯმუხი და ძარღვიანი ყმაწვილი კაცი დადგა. კუპრსავით შავი და კარგად დაკოკრებული წვერ-ულვაში ლამაზად უხდებოდა მის შავგვრემანს და მოხდენილად მოყვანილს სახესა. თვალადობით მეტად სანდომიანი და მარილიანი იყო, და უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მისი დიდრონი ქორული თვალები ცოტა მრისხანედ არ გამომეტყველებოდნენ. თვალთა მეტყველების ჭექას აძლიერებდა გადაბმული წარბები. ეს მარილიანობას სახისას ბევრს უშლიდა. ამის გამო კაცი უნებურად თვალს მოარიდებდა პირველ თვალის მოსწრებაზედ. ხოლო რამდენსაც უფრო დააკვირდებოდით მის პირისახეს და თვალებსა, უფრო და უფრო მოგეწონებოდათ გიორგი. იშვიათად იცოდა ღიმილი, მაგრამ როცა კი გაიღიმებდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ, ისე უხდებოდა ღიმილი. ტანადაც ერთი ბრგე კაცი იყო, მარჯვედ მოყვანილი და კარგად ჩასხმული.
კოხტად და ფაქიზად ჩაცმა-დახურვა უყვარდა. იმისი ყაითნებით მორთული საცვეთები, ჭრელი წინდები და ლამაზად გაწყობილი ფეხზედ ქალამანი რომ გენახათ, მაშინ დაიჯერებდით, რომ ჩვენებურ გლეხის ფეხსაცმელსაც თავისი სიტურფე და სილამაზე აქვს.
ბაზარში რომ გაივლიდა, იტყოდნენ ხოლმე: ერთი დოინჯის შემოყრა-ღა აკლია, თორემ თავადიშვილია და თავადიშვილიო.
ბევრს სოფლის საპატარძლო ქალებს თვალი დარჩენია გიორგიზედ, ბევრს შევარდნია გული, ბევრს ჩასახვია გულში იმისი სურვილი. გიორგის კი აინუნშიაც არავინ მოსდიოდა... ტოლ-ამხანაგობას აგრე-რიგად არ ეწყობოდა. და თუ როგორმე ჩაერევოდა, პირველობას ყველგან ამას უთმობდნენ.
მუშაობაში ხომ მთელს სოფელში ამას სწორი არა ჰყვანდა თითქმის.
— ერთი გიორგის ხელეური მთელ ძნად შეიკვრისო, — ამბობდნენ გლეხკაცები: — ბარს დაჰკრავს, ბარს, ასე გგონია დედამიწა უნდა შუაგულამდე ჩაანგრიოსო. მარტოხელი ძნის ურემს დაუდებს და შინ მოიტანსო. რაკი საქმეს დაადგება, ზედ შეელევა, მინამ თითონ საქმეს არ შეჰლევსო. საქმის გულით ამყოლია და ბოლომდე გამტანიო.
ბევრს ამისთანაებს ლაპარაკობდნენ გიორგიზედ სოფელში და მუშაკაცობის სახელი გავარდნილი ჰქონდა.
— ძალიან ხელგამომავალი ბიჭიაო, — ამბობდა ხოლმე ამისი დედა, — დიდი გამრჯელი, მაგრამ ცხონებულსავით გულღია და გულმხიარული არ არისო. ის ცხონებული ისე შეეჭიდებოდა საქმეს, თითქო ღრეობასა და ლხინშიაო. ესეც იმისავით გულმოდგინეა, დაუზარებელი, ხელმართალი, მაგრამ ძნელად თუ სადმე წარბს გაიხსნის და საქმეს შესცინებსო, — სულ პირდაღვრემილია და წარბშეკრულიო.
თუმცა ასეთი იყო გიორგი, მაგრამ თავისის დედის ყურმოჭრილი ყმა იყო თითქმის. მის უნებურს თავის დღეში არ ინდომებდა. თუმცა კარგა მოზრდილი იყო, მაგრამ გიორგი სახლსა და ოჯახში ბატონობას არ შეეცილა დედასა. გვგონია, პირველობას და უფროსობას არც კი დედა დაუთმობდა, თუმცა შვილი გაგიჟებით უყვარდა. ან რა საჭირო იყო? ვაჟკაცს არ შეეძლო ოჯახის მოვლა ისე, როგორც ოთარაანთ ქვრივსა.
ამათს დედა-შვილობას ბევრი შეჰნატროდა. დედაც შეჰხაროდა თავმოწონებით შვილსა. დედამიწის ზურგზედ იმის მეტი სიხარული და ლხენა არა ჰქონდა-რა, რომ შვილისათვის ეცქირნა, შვილისათვის ეცოცხლნა. „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო“, იტყოდა ხოლმე თავის გულში დედა, როცა შვილს სამუშაოდამ მომავალს დაინახავდა.
ხომ ესე იყო, მაგრამ თავის დღეში არავისთვის შეუტყობინებია, რომ შვილი ასე გაგიჟებით უყვარს. შვილსაც კი უმალავდა თავის გულის-ნადებსა. მარტო ეს კი იყო, რომ შვილთან ტკბილი ლაპარაკი იცოდა. თავის დღეში არ გაუჯავრდებოდა, თავის დღეში ავის სიტყვით არ მოიხსენიებდა, თუმცა ხშირად კი სტუქსავდა. შვილი, რომელიც სხვისაგან თავზედ ფრინველსაც არ გადიფრენდა და ფეხქვეშ ჯიანჭველასაც არ გაიტარებდა, დედას თავის დღეში სიტყვას არ შეუბრუნებდა, რაც უნდა ძლიერ ეტუქსნა.
— მართალია და იმიტომაო, — იტყოდა ხოლმე თავისთავად გიორგი, — ბრალი ჩემია და ტუქსვაც ჩემზედ ახიაო.
არც ერთხელ არ ახსოვს გიორგის, რომ დედას უმიზეზოდ, ტყუილ-უბრალოდ დაეტუქსოს. რაკი ჩაუფიქრდებოდა ტუქსვას, მაშინვე გულს დააჯერებდა, რომ დედა მართალია. მართალს შეჩვეულს თითონაც მართალი უყვარდა. ღალატი და არმობა ისე გააწიწმატებდა ხოლმე, რომ თუ საჭირო იყო, ხელსაც გამოიღებდა, ჩხუბს ასტეხდა, თავს გამოიდებდა. ჯერ კიდევ ბალღობაში მოუხდა ამისთანა საქმე და აქამდე ახსოვდა. ახსოვდა იმიტომ, რომ დედისაგან ტუქსვას, შერისხვას მოელოდა, და ამის მაგიერ დედამ კი მოუწონა.
ერთხელ-ჯერ გიორგი ათი-თორმეტი წლისა ძლივ იქნებოდა — ერთს მოზრდილს ბიჭს თავისზედ პატარა ბიჭისათვის ქამრის ღილები დაეტყუვნა. მოტყუებული ბალღი ტირილით იჭაჭებოდა და ის კი ღილებს არ უბრუნებდა, გიორგიც მაშინ იქ ყოფილიყო და ბალღებთან ჰთამაშობდა თურმე. ყური მოჰკრა ბალღის გულამომჯდარ ტირილსა. შეიტყო მიზეზიცა და აემღვრა პაწაწა გული. დაანება თავი თამაშობას და მივარდა ღილების დამჩემებელს: მიეცი, რას ემართლებიო. იმას ხელი ეკრა მეტიჩარასათვის და გადაექცია. გიორგი წამომხტარიყო და ქვა დაეშინა. მივარდნოდა ურჩი ბიჭი, ხელახლად წაექცია გიორგი და ცემა დაეწყო. მოშველებოდნენ გიორგის სხვა ამხანაგები, ამოედოთ ქვეშ გიორგის მცემელი, წაერთმიათ ღილები და კარგადაც დაეზილათ. თუმცა პატარა ბალღს დაუბრუნეს წართმეული ღილები, მაგრამ გიორგი კი კარგად იყო დაბეგვილი. ცხვირი გაეტეხნათ და სისხლი სდიოდა. წითელი გულისპირი სულ ჩამოეფხრიწნათ.
ცხვირ-პირ-დასისხლიანებული გიორგი, გულისპირ-ჩამოგლეჯილი რომ შინ მიუვიდა დედას, ელდა ეცა.
— ეგ, რა არის, შვილო, მაჩვენე ერთი რა გაქვს გატეხილი?
— კუპრაანთ თედომა მცემა.
— რადა?
— თედოს მანასაანთ გოლასათვის ქამრის ღილები წაერთმია. ჩვენ უკანვე გვინდოდა გამოგვერთმია და ჩხუბი მოგვივიდა. მომერია, ის დიდია, მე პატარა.
— მერე წაართვით?
— წავართვით.
— რა უყავით?
— ისევ გოლას მივეცით.
დედას იამა და შუბლზედ წარბი გაეხსნა.
— ნუ გეშინიან, ცხვირი გაგიკაწრავს ცოტად, გაიზრდები, დაგავიწყდება, — უთხრა შვილს.
— არ დამავიწყდება. დაიცა ერთი გავიზარდო!.. მე ვუჩვენებ, — ცემა როგორც უნდა.
დედამ შვილი გულს ჩაიკრა.
— სულ ცხონებული მამაა, ცხონებული მამა, — გაიხარა დედამ, — უი, შენ კი გენაცვალოს დედა-შენი, ჩემო ქებავ და დიდებავ!
ეს გულში სთქვა და გულშივე დაიმარხა, შვილს ცხადლივ არა უთხრა-რა. ხოლო ცხვირ-პირი რომ დაჰბანა და მოალამაზა, ეს დაატანა:
— აი, ჩემო კარგო, ეხლა უფრო ლამაზიცა ხარ და!.. წადი, შვილო, ითამაშე, ეხლა უფროც მოგიხდება. ჰტიროდა განა გოლა?
— მაშ?
— გაუხარდა ღილები?
— მაშინვე დაჩუმდა, აღარა ჰტიროდა.
პატარა გიორგი გამოჰწკრინდა თავის ტოლ-ამხანაგებისაკენ სათამაშოდ.
დედამ უყურა, უყურა გამალებულს შვილსა და როცა თვალთაგან მიეფარა, სთქვა:
— უი, შენ კი გენაცვალე! მამაც კარგი გყვანდა და არც შვილი იქნები უარესიო.
გიჟია, თუ რა?
ეს ხასიათი დასჩემდა გიორგისა. დედისავით, — თავისი იყო, თუ სხვისა, — თუ ცუდი რამ იყო, გამოეკიდებოდა. ბევრს ამისათვის არ მოსწონდა გიორგი. კაცო, რა უნდა, სხვის საქმეში რად ერევაო? არა ერთი და ორი იძახდა ამას სოფელში. ამ ხასიათმა ბევრი ხიფათი შეამთხვია, მაგრამ არც თითონ იშლიდა, არც დედა უშლიდა. ამას წინად - სულ ორი კვირა არ იქნება — კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ ჩაამწყვდია. ერთი უცნაური და დაუჯერებელი ამბავი ჩაედინა.
გიორგი ტყეში ყოფილიყო ჭიგოს საჭრელად. ომარაანთ მოჯამაგირე ენახა ტყეში. თურმე ურემი გამოუტანებიათ შეშისათვის და ის კი ჩრდილში წამოწოლილიყო და ლაზათიანად ჰხვრინავდა. ეს კიდევ არაფერი. კამეჩები წნელით გამოება ურემზე. საცოდავი პირუტყვები იქავ ურმის თვალთან ეყარნენ და ზარმაცად იცოხნებოდნენ უილაჯობით.
გიორგი თურმე ზედ მიადგა მოჯამაგირეს, ტყიდამ მოდენილი. ფეხი წაჰკრა გასაღვიძებლად.
— ადე, ძმობილო, აუშვი ე კამეჩები, ცოდონი არიან.
— შენ რა ჩემი ფეხები გინდა, — დაუყვირა მოჯამაგირემ, როცა თვალები წამოაჭყიტა.
— თითონ რომ არ ვარგიხარ, შენი ფეხები ვისთვის რის მაქნისია. კამეჩები ცოდონი არიან-მეთქი.
— მერე შენ რა გეპრიანება?
— ის მეპრიანება, რომ არამია შენთვის ჯამაგირი. ვთქვათ პატრონს ატყუებ და ატყუებ, ე პირუტყვი მაინც არ გენანება, ქრისტიანი არა ხარ, მაგათი ცოდო მაინც არ გწვავს!.. მიგიღძვია საცოდავები წნელით ურემზედ, შიმშილით ფერდები ჩასცვივნიათ.
— მაშ არა და თავზედ დავისვამდი.
— დაისვამდი, მე ვიცი, მაგ ქეციან თავზედ ბევრს კი მოსძოვდნენ, აი!.. ვერა ჰხედავ, ტყეში ბალახი მუხლამდეა! ფასი ხომ არ გაგივა, გაგეშო, პირი მოეტყუებინათ.
— გამეშო-რა, მუქთი ფეხები მაქვს, მაგათ ძებნაში მერე სული ამომრთმევოდა.
— აი, შე უნამუსო! აქაო და არავინა მხედავსო, ნამუსის ქუდი აგიხდია და ლაფში გადაგიგდია. შენს ღმერთს რაღას ეუბნები! აქაო და კამეჩი პირუტყვია, შებრალება არ უნდა, თუნდაც სხვის ამანათი, სხვის მონაბარი არ იყოს!
— მერე შენ რა? ვისი ტიკი-ტომარა ხარ. შენი მოჯამაგირე ხომ არა ვარ?
— აი გაქრეს, გიორგიმ შენისთანა კაცი ახლოც არ მიიკაროს!!. ჩემი რომ იყო, ცარიელ პურის ჭამის ფასადაც არ შეგინახავდი. ადე-მეთქი!..
— დამეხსენ... შენ შენს წერას ხომ არ აუტანიხარ, რატომ ეგრე არახუნებ. თუ ზურგი არა გქავა, შენ შენს გზაზედ წადი-მეთქი, თორემ...
— თორემ... მე ვიცი, ყურებზედ ხახვი არ დამაჭრა. ადე-მეთქი, ამ პირუტყვების ცოდვაში ნუ სდგები, თორემ ამ ჭიგოს ხომ ჰხედავ?..
გიორგიმ ამის თქმაზედ ფეხი კიდევ წაჰკრა. მოჯამაგირე გულზე მოვიდა. წამოუხტა ზეზე. გიორგის წინ აეტუზა, გულ-მკერდი გადმოუგდო და მიუშვირა, თითქო ეუბნებაო: აბა, ეს მე და ეს შენ, დამკარ თუ კაცი ხარ და ქუდი გხურავსო.
გიორგის მოეწონა ამისთანა სითამამე მოჯამაგირისა, მაგრამ უკვირდა, — რის იმედითაო.
— რა ვქნაო, — სთქვა გულში გიორგიმ, — თუ ეს მართლა ვაჟკაცია, საქმეს არ უღალატებდა, პირუტყვს შეიბრალებდა, და თუ ვაჟკაცი არ არის, რატომ ესე გაბედულად მომიშვირა გულ-მკერდი და თავმოწონებით ალვის ხესავით წინ გამემართაო.
— თუ კაცი ხარ და თითს დამაწებ!.. მაშინ ნახავ შენს სეირს, — უთხრა გულ-მკერდ მოღერებულმა მოჯამაგირემ.
მუქარა იწყინა გიორგიმ. აღარც აცია, აღარც აცხელა, ეცა, წამოჰკრა სარმა და თუმცა ვერ დასცა, წააბარბაცა კი და ცალი ხელი დააბჯენინა დედამიწაზედ. წამოუხტა ფიცხლავ მოჯამაგირე, დაეტაკა გიორგის და ჰკრა გულისპირში ხელი. გიორგი შეტოკდა და გადაიზნიქა უკან.
— ბიჭოს!.. შენ აღარა ხუმრობ, — დაუძახა გიორგიმ, ჭიგო ხელიდამ გააგდო და შეძიძგილავდნენ.
გიორგიმ ბევრი აღარ აცალა: ჰკრა მოგვერდი და გააკრა დედამიწას, როგორც შოთი თონესა. წაქცეულს ხელიც არ დააკარა. მოჯამაგირემ დამარცხება ძალიან ითაკილა, — ისიც თავმოწონებული ბიჭი იყო — წამოუხტა და ერთი ლაზათიანი სილა გაუშალა გიორგის უეცრად. როგორ თუ სილაო, მივარდა გიორგი, ამოიდო ქვეშ და იმდენი სცემა, რომ მოჯამაგირემ ხვეწნა დაუწყო.
— წადი, საცა შენი სთქვა, იქ ჩემიც ნუ დაგავიწყდებაო, — უთხრა გიორგიმ, — და ღმერთს კი არსად წაუხვალ ამ პირუტყვების ცოდვითაო.
თქმა არ უნდა, რომ გიორგისაგან გაბოროტებულმა მოჯამაგირემ თავისი ცემა შესჩივლა ომარაშვილსა.
— რადა გცემაო? ჰკითხა ომარაშვილმა.
— მაგდენს რად უდებ ურემსაო? ან საქონელი არ გეცოდება, ან შენი თავიო!.. ეგეც რომ არ იყოს, სხვასაც ხომ მაგდენს მოსთხოვენო: ვთქვათ, შენ შეგიძლიან, სხვა მაინც არ გეცოდებაო. მომდგა ამაზედ და ჭიგო ზედ დამალეწა. შენც დედა და მამა საფლავში არ დაგიყენა. აქაო-და ჯამაგირს იძლევა, სულს ხომ არ ამოგართმევს ადამიანსაო.
— ბიჭო-და, მაგდენი არა გედო-რა ურემზე!
— ეგა სთქვი-და!.. მეც ეგ არ მიკვირს, რა მოეჩვენა იმ ოჯახდაქცეულსა! მე კი ასე შემაქცია-და!..
ომარაშვილი გავლენიანი კაცი იყო სოფელში, ითაკილა, მოჯამაგირე როგორ გამილახა იმ გუშინდელმა ჭყლინტმაო. წაიყვანა მოჯამაგირე და სოფლის სასამართლოში აჩივლა. თითონაც, რასაკვირველია, წაექომაგა.
— მოწმე გყავსო? — ჰკითხეს მოჯამაგირეს.
— ოთარაანთ გიორგის რა მოწმე უნდა? ღმერთმანი, იტყუებს-და!.. — სთქვა ვიღაცამა.
— მაგას კი მართალს ამბობს, — სთქვა ერთმა მოსამართლემ, — ის ტყუილს არ იტყვის, პირიანი ბიჭია.
კვირა დღეს დაიბარეს გიორგი.
— მართლა სცემე? - ჰკითხეს.
— მართლა ვცემე.
— რადაო?
გიორგიმ ყველაფერი უამბო.
— ბიჭო-და, შენ რა დავა გქონდა?
— ის დავა მქონდა, რომ მაგისთანა ნამუსახდილ კაცისაგან ქვეყანაა დაღუპული. კაცი კაცს ვეღარა ჰნდობია. მაგის გამოისობით კარგ მოჯამაგირესაც ნამუსი აქვს გატეხილი. თითონ ხომ ეძინა და ეძინა, კამეჩებიც მიეღრძო ურემზედ. იმათ საცოდაობამ დამწვა, სხვა არა იყოს-რა.
თქვენი მტერი იყოს, მოსამართლეებს დღე დაადგათ. ომარაშვილის გულის მოგებაც უნდოდათ, ერთს სადილს მაინც გვაჭმევსო; ოთარაანთ ქვრივისაც ეშინოდათ, გუბერნატორამდის ივლისო. თუნდ ეგეც არ ყოფილიყო, გული გიორგისაკენ უწევდათ, თუმცა ცემა კი ცემად ედგათ თვალ-წინ. არ იცოდნენ, გულს აჰყოლოდნენ, ოთარაანთ ქვრივის შიშსა, თუ ომარაშვილის ხათრსა.
ომარაშვილმა დაიხსნა გაჭირვებისაგან სამართალი.
— მე ჩემდა თავად მიპატიებია გიორგისათვის, — სთქვა ამან, — და სხვამ თავისი იცის. ყოჩაღ, ბიჭო, მე და ჩემმა ღმერთმა, ყოჩაღ!.
— უპატიებია!.. წამოიძახა გაჯავრებულმა მოჯამაგირემ, — აი, გამიჯდა გვერდებში!.. ზოგი ამ ჩემს დალურჯებულს გვერდებსა ჰკითხე.
— რა ვკითხო, შე ოხერ-ტიალო! მე თუ მკითხავ, ეგ ცოტაც არის შენთვის-და!.. — უპასუხა ომარაშვილმა.
— მე და ჩემმა ღმერთმა, მართალს ამბობს, — სთქვეს მოსამართლეებმა და დაითხოვეს შინ გამართლებული გიორგი.
— ბიჭო-და, ეს კაცი ან გიჟია, ან ღვთისაგან მოგზავნილი, — ეუბნებოდა გიორგიზედ ერთი იქ დამსწრეთაგანი მეორეს, როცა სასამართლოდამ ხალხი დაიშალა და შინისაკენ წავიდ-წამოვიდა. — რომ არ გაგონილა!..
— მე და ჩემმა ღმერთმა, მაგის გულში ან ღვთის მადლი ჰტრიალებს, ან ერთი რაღაც უბედურებაა მაგის თავს, — დაჰკრა კვერი მეორემ.
— იმდღევანდელი არ იყოს: ბეჟანიშვილის მოჯამაგირეს ურმით საფქვავი მოჰქონებოდა შინ. იმ ოჯახდაქცეულს თავსუბუქად დაედო. კამეჩები თურმე ყელში ჰხრიალებდნენ, ისე წასჭეროდათ აპეურები. ოთარაანთ გიორგი გზად მოდენილა თურმე. დაუნახავს ეს ამბავი. ამხტარა ურემზედ, საცალოები წაუწევ-წამოუწევია, გაუმართავს რიგზედ ურემი, ერთი ლაზათიანი, შენი მოწონებული ჩაუთხლეშია თავში და უთქვამს:
— შე ადრე და მალე დასაბრმავებელო, ვერა ჰხედავდი, კამეჩები ირჩობოდნენ, რა პირით მიდიოდი პატრონთანაო.
— ეხლა ჩვენში რომ ვიკითხოთ: რა დავა ჰქონდა?
— ეგა სთქვი და გაათავე. მეც ეგ არ მიკვირს! აკი ვამბობ ეგ კაცი ან გიჟია, ან ერთი რამ ღვთის ნიშანია მაგის თავზედ მეთქი.
— დედაც ხომ მაგისთანა გადარეული და დამთხვეული ჰყავს. მამაც კი — ღვთის წინაშე — ცოტა არ იყოს, მოუსვენარი კაცი იყო. ეგეები იმანაც იცოდა.
— აი, ამაზედ არის ნათქვამი: დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. მაგათში ან დიდი ცოდო ჰტრიალებს, ან დიდი მადლი. აქ სხვა ნიშანწყალია.
გიორგი რომ შინ მივიდა, ყველაფერი უამბო დედას. ოთარაანთ ქვრივს გაუკვირდა:
— დახე, მაგ ვირთაგვებსაც ზოგჯერ სწორე სამართალი სცოდნიათო!..