გურამ დოჩანაშვილი - / ***ყველაზე კარგი პაპა*** / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე
ყველაზე კარგი პაპა
იმ ჭრელ ქვეყანას ერთი გაუმაძღარი, მდიდარი, ბოროტი მეფე განაგებდა. გადახედავდა თავის ავლა-დიდებას და ვეზირებს უბრძანებდა:
– აბა, წადით, წამოდით და ქონება მომიტანეთო.
ვეზირებიც ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ დაძრწოდნენ და საცა რაიმეს მოიხელთებდნენ, ტომარაში თავს უკრავდნენ ხოლმე. მეფე ჯერ ხარბად გადახედავდა შემურულ ქვაბებს, დაგრეხილ კოვზებს, გაბზარულ ჯამებს, აათვალიერებდა, ჩაათვალიერებდა და აიმრიზებოდა:
– ეს რაა, ეს რად მინდაო.
– სხვა არაფერი არა აქვთ რა, დიდო მეფეო, – მდაბლად დაუკრავდა თავს მთავარი ვეზირი.
– წაიღეთ, წაიღეთ, გადაყარეთო! – ამბობდა მეფე. მერე იტყოდა:
– ვინმეს ხომ არ გაულანძღივარ, რამე ცუდი ხომ არ უთქვამთ ჩემზეო?
– არა, არა, დიდო მეფეო!
– მაშ, ხალხს ვყვარებივარო?
– შენით უდგათ სული, მეფეო!
”რა საყვარელი მე ვარო”, – გაიფიქრებდა მეფე და ვეზირებს დაუცაცხანებდა:
– აბა, ერთი არ მოგიყვანიათ ჩემი გამლანძღავი, სულ თავებს დაგაყრევინებთო.
დაძრწოდნენ ვეზირები ქვეყნად.
ქალაქგარეთ ერთი პატიოსანი, გამრჯე კაცი ცხოვრობდა. ხნავდა, თესავდა, რწყავდა, მკიდა, საქონელს ზრდიდა, ვაზს ახარებდა. ხალხი უყვარდა, ხალხში დაიარებოდა; რანაირი გამოთქმა გინდა, იმას რომ არ სცოდნოდა.
იჯდა ერთხელ თავისი ქოხის წინ, ბარს ქლიბავდა. ჩამოიარა დიდმა ვეზირმა, გაიფიქრა, ეგებ ამას დასცდეს მეფეზე რამეო და ჰკითხა:
– ჩვენი მეფე ხომ კარგიაო?
მიხვდა, რატომაც გაემასლაათა ვეზირი და მიუგო:
– დიდი გერგილიანი მეფეაო.
– რაო? ეს რა თქვიო! – შეუტია ვეზირმა.
გათოკილი მიჰგვარეს მეფეს. თორმეტ კარში გაატარეს, ცხრაკლიტული შეაღეს, მიწისქვეშა გვირაბებით იარეს, ფარდა გადასწიეს და გამოჩნდა კიდეც ის ჩვენი მეფე.
– მეფევ, შენზე თქვა, გერგილიანიაო!
– თავი მოჰკვეთეთო! – ბრძანა მეფემ.
– რატომ, მეფევ, – მშვიდად მიუგო გამრჯე კაცმა, – ცუდი ხომ არაფერი მიკადრებიაო.
– მიკადრებია რა არიო.
ბევრი სიტყვა არ იცოდა მეფემ. ანდა, საიდან უნდა სცოდნოდა, ქუჩაში ის არ გადიოდა, ხალხს არ ენახვებოდა, ძეხორციელს არ ესაუბრებოდა იმ თავის ვეზირების გარდა.
– რა და, ცუდი არაფერი მითქვამსო, მეფევ, – აუხსნა კაცმა.
– მართლაო? – ვეზირებს მიუბრუნდა. იმათ მხრები აიჩეჩეს.
– წადით და სიტყვის პაპა მომგვარეთო.
სიტყვის პაპა ერთი თმაწვერდათოვლილი ბრძენი მოხუცი იყო. რომელი სიტყვა გინდა, იმას არ სცოდნოდა. მოიყვანეს თავის ქოხიდან, მეფეს წარუდგინეს. ასე და ასეო, უთხრეს, ამ კაცმა მეფეზე თქვა, გერგილიანაიო.
– მერე რაღას ერჩით? – გაიკვირვა სიტყვის პაპამ, – გერგილიანი მოხერხებულ, საზრიან ადამიანს ნიშნავსო.
– ტყუილად შემაწუხეთო? – თვალები დაუბრიალა ვეზირს მეფემ.
– მეც მომცდინაო, – თქვა კაცმა, – სახნავ-სათესი მქონდაო.
– ჰოდა, – ვეზირს უბრძანა მეფემ, – წაიძრე შენი ბეჭედი და მაგას…… არა, მე მომეციო.
რაღას იტყოდა ვეზირი, ბეჭედი სულ ხვნეშა-ხვნეშით წაიძრო თითიდან. ის დღე იყო და, გადაეკიდა გამრჯე კაცს ვეზირი.
ერთხელაც უტრიალა, უტრიალა და დაღლილი, მისავათებული კაცი ხის ძირას დასასვენებლად რომ ჩამოჯდა, მივიდა და უთხრა:
– მაშ, ჩვენი მეფე გერგილიანიაო?
– დიდი ქველმოქმედიაო, – მიუგო კაცმა.
– რაო? ახლა კი გიჩვენებ სეირსო, – დაექადნა ვეზირი. ისევ მიჰგვარეს მეფეს.
– დიდო მეფეო, ამან თქვენზე თქვა… როგორა თქვი?
– ქველმოქმედია-მეთქი!
-ჰო, ქველმოქმედიაო!
– თავი მოსჭერითო.
– რატომ მეფევ, – მშვიდად მიუგო კაცმა, – ცუდი არაფერი მიკადრებიაო.
მოაცდინეს ისევ სიტყვის პაპა, მეფესთან მიიყვანეს.
– ქველმოქმედს კარგ კაცზე იტყვიან, – აუხსნა სიტყვის პაპამ მეფეს, – ქველმოქმედი სიკეთის ჩამდენსა და გულკეთილს ნიშნავსო.
– ისევ ტყუილად შემაწუხეო?! – დაუცაცხანა ვეზირს მეფემ, -ახლავე შეიხსენი ქამარი და მაგას… არა, არა, მე მომეციო.
სულ კვნესა-კვნესით გაუწოდა ვეზირმა ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ქამარი. გულში ბოღმა ჩაიხვია, გამრჯე კაცს უფრო გადაემტერა.
ერთ მშვენიერ დღესაც უტრიალა, უტრიალა და, საღამო ხანს დაღლილმა კაცმა რომ ჩაიძინა, გააღვიძა და დაუყვირა.
– ჩვენი მეფე ხომ ქველმოქმედიაო!
– გადი, თავი გამანებეო! – გაბრაზდა კაცი, – შენცა და შენს მეფესაც თავში მტრედები გიფრენენო.
მაშინ კი გაიხარა ვეზირმა. დასტაცეს მეომრებმა გამრჯე კაცს ხელი და სულ კინწისკვრით მიუყვანეს მეფეს.
– ასე და ასე თქვა შენზე, თავში მტრედები უფრენენო.
მოკურცხლა მაშინვე შიკრიკმა, სიტყვის პაპას ყოველივე ამცნო. ისიც მეფის კარზე გაჩნდა. ახედ-დახედა გამრჯე კაცს. შეუთვალიერა ნაჯაფი ხელები, ნათელი შუბლი; Yთვალში მოუვიდა – სიტყვის პაპას გამრჯე ხალხი უყვარდა. ეს კაცი როგორმე უნდა დავიხსნაო, გაიფიქრა და მეფეს უთხრა:
– ასეთი გამოთქმა თუ გაგიგია, მეფევ, თავში ბზე გიყრიაო?
– არაო.
– როგორ გგონია, ცუდია თუ კარგიაო?
– ალბათ ცუდიაო!
– ჰოდა, ვის თავშიც მტრედები დაფრინავენ, იმას თავში ბზე აღარ ეყრება, გაჰკრავენ, გამოჰკრავენ მტრედები ფრთებს და გამოანიავებენო.
– მაშ ამ კაცს ჩემზე კარგი უთქვამსო?
-დიახ, მეფევ. ამ კაცს უთქვამს, მეფეს თავში ბზე არ უყრიაო.
ესიამოვნა მეფეს სიტყვის პაპის ახსნა-განმარტება. უცებ ვეზირი გაახსენდა და გაბრაზდა:
– წადი, წადი აქედან, შე… შე ცუდო, შენაო~! – სხვა სიტყვა აღარ იცოდა. აიკერა იმანაც თავისი გუდა-ნაბადი და გადაიკარგა.
სიტყვის პაპა და ის გამრჯე კაცი კი მეფემ სასახლეში დატოვა. იმათ დიდად არ ეპიტნავებოდათ სასახლეში ყოფნა.
მეფეს ზღვათა ხელმწიფის ასულის ქება გაეგო და იმისი სიყვარული გულში ჩავარდნოდა. ზღვათა ხელმწიფეს კი ეთქვა, მხოლოდ და მხოლოდ ჭკვიან კაცს ვატან ჩემს ქალს, სხვას არავისო. ჰოდა, ამ ჩვენმა მეფემაც სიტყვის პაპას და გამრჯე კაცს უბრძანა, კარგი სიტყვა-პასუხი უნდა მასწავლოთო.
სიტყვის პაპა ბრძენია და განსწავლული. ქვეყნად ისეთი არაფერია, იმან რომ არ იცოდეს, მაგრამ ხანდახან ამ მეფესთანა სულელს რომ გადაეყრება, თანაც ის სულელი რაიმეს მკვახედ რომ უბრძანებს, სიტყვის პაპას ჩუმ-ჩუმად ჩაცინებაც უყვარს. ჰოდა, ეგრე არ უნდა ბრძანებაო, გამრჯე კაცს თვალი უყო. ისიც მაშინვე მიუხვდა და მეფეს ბევრნაირი გამოთქმა შეასწავლეს, ოღონდ სულ ყველაფერი პირიქით აუხსნეს. თეთრზე ამბობდნენ, შავიაო, კარგზე ცუდს ეუბნებოდნენ და ცუდზე – კარგს. მეფემაც თუთიყუშივით დაიზეპირა ეს სიტყვები და გამოთქმები, ძვირფას ეტლში გაიჯგიმა და ზღვის ნაპირს მიადგა.
ზღვათა ხელმწიფე წყლიდან ამოვიდა, მზეზე თვალები მოჭუტა, ხავსის მოსასხამი შეისწორა და მეფე აათვალიერ-ჩაათვალიერა. მაშინვე მიხვდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე და ჰკითხა:
– რა იყო, რად დამიძახეო.
– ჭკვიანი ვარ და შენი ქალი უნდა გამატანოო.
– საიდან იცი, ჭკვიანი რომ ხარო.
– საიდან ვიცი და იქიდან, რომ ჰოტროველა ვარო.
– რაო? – ყურებს არ დაუჯერა ზღვათა ხელმწიფემ. – ვინა ვარო?
– ვინა ვარ და ჰოტროველა და გაგრია ვარო.
ზღვათა ხელმწიფესაც უყვარდა ხანდახან განზე ჩაცინება
– ყოჩაღ შენაო! – უთხრა.
– მაშ, მაშო! – გული მოეცა მეფეს.
– ჩემი ასულის წაყვანა თუ გსურს, კარგ ჭკუაზე უნდა იყოო.
– ჰოო, – გაიბღინძა მეფე, – ჭკუაზე აფრაკად ვარო.
– როგორ გამოხვედი ასეთი ჭკვიანიო, – ჩაიფხუკუნა ზღვათა ხელმწიფემ.
– როგორ და, თავში სულ მტრედები მიფრენენო.
– ოფოფებიც ხომ არ გიფრენენო?
– მყავს ერთი-ორი ეგეთიცაო, – იხტიბარი არ გაიტეხა მეფემ.
– მაშ, თავქარიანი ყოფილხარო.
– ვარ და მერე ეგრეო?! თავში სულ ქარბორბალა მიტრიალებსო.
– ეგ მშვენიერი გამოთქმები ვინ გასწავლაო.
– სიტყვის პაპამ და ერთმა გამრჯე კაცმაო.
ჩაეცინა ზღვათა ხელმწიფეს, მერე ჩაფიქრდა და უთხრა:
– ახლა სასახლეში წადი, ის გამრჯე კაცი აქ გამოგზავნე და შენთან იმას გამოვატან ქალსო.
ამაყად დაბრუნდა მეფე სასახლეში. მიავლინა გამრჯე კაცი ზღვათა ხელმწიფესთან. უცადა, უცადა პატარძალს, მაგრამ არავინ ჩანდა. ის დღე ღამედ რომ გადაიქცა, ასე ეგონა, მთელი წელი გავიდაო და, გინდაც წელიწადი გასულიყო, რომელი ჭკუათმყოფელი მოუვიდოდა;
– გამრჯე კაცი ზღვათა ხელმწიფის ასულთან ქორწილობდა, სიტყვის პაპა კი…
სიტყვის პაპას დიდი, უზარმაზარი, ქვეყნისტოლა ხურჯინი აქვს ფერად-ფერადი სიტყვებით სავსე. დადის, დაიარება დედამიწის ზურგზე და, ვინც ყურს კარგად დაუგდებს, მარგალიტივით სიტყვებს უბოძებს ხოლმე. სიტყვას კი რა შეუძლია! – ადამიანთა გაბედნიერება, ნუგეში, ალერსი, სიყვარული, გამხნევება. მთათა დანგრევა და ქალაქების გაშენებაც შეუძლია. სიტყვის პაპას ბუნება და ფიქრი უყვარს, წიგნების კითხვა და ტკბილმოუბართა სმენა.
და, თუკი ყურს დაუგდებთ, სიტყვის პაპა თქვენს საყვარელ პაპასავით, უამრავ საჩუქარს გიბოძებთ და, განა მხოლოდ ახალ წელს? არა, არა, ყოველ დღე, ყოველ წუთს, მთელი თქვენი ლამაზი სიცოცხლის მანძილზე.
This post has received a 0.12 % upvote from @drotto thanks to: @anakur.