გოდერძი ჩოხელი, ადამაინთა სევდა (ნაწილი III) / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.

in #writing8 years ago (edited)

ადამაინთა სევდა (ნაწილი III)

იმავე ღამეს შედგა მოლაშქრეთა სია და მთავარსარდალმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა ამ სიაში. ჯარი განაწილდა საჭიროებისა და საომარი წესის მიხედვით. გამოყვეს ქვეითი მოლაშქრენი, მყვირალები, მზვერავები, საიდუმლო ნაწილი, საზღვაო ნაწილი სამი ქალის შემადგენლობით, რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის, ლაშქრობის ადათ წესებს მაინც სცეს პატივი და «საზღვაო ნაწილს» დაავალეს, რომ არაგვ არაგვ იარონ, მანამ ლაშქრობა არ დამთვრდება, რამდენიმე ქალი და გალილეი თავიანთ სოფელში დასატოვებლად გაანაწილეს.
_ რაო? მე არ მიგყავართ ჯარში! _ იწყინა გალილეიმ.
_ შენ აქ დარჩი, აქაც ბევრი საქმეა.
_ რომელი ხართ ჩემზე კარგი მეომარი, ვერ დაინახა თქვენმა დასათხრელმა თოლებმა წეღან, რამდენ სახელოვან მეომარს წავასლიკე თავი? _ ჯალალედინი, მაკედონელი, აქილევსი, ჰიტლერი, ვერ დაინახეთ?
_ დავინახეთ.
_ მერე? რატო მირიდებთ.
_ ხო იცი, რო მტერი შეიძლება ჩვენ სოფელს დაესხას, აქ რომ არ ვიქნებით, ვინ უნდა გაუმაგრდეს?
_ აქა გყავართ! ვრჩები აქ! _ დაიძახა გალილეიმ.
_ არის კიდევ ერთი რთული ამბავი, _ თქვა მთავარსარდალმა და ჯარს გადახედა.
_ რაო?
_ ექიმი ხომ გვინდა.
_ გვინდა.
_ ჰოდა, ზინაი როგორმე უნდა წავიყვანოთ.
იმავე ღამეს გალილეი აფრინეს კიტოხში ცხენით და გუდამაყრის საერთო ექიმი მოაყვანინეს. გალილეიმ მოატყუა ექიმი, ვაჟი გოგი ავად არის, კვდებაო. აქ თავის გეგმა გააცნეს და ზინაი ჯერ უარზე დადგა, მერე დააშინეს: თუ არ წამოგვყვები, მოგკლავთო.
_ ჰო, წაგასლეკთ თავს, მაშ! _ დაამატა გალილეიმ და ზინაიც დაითანხმეს ამ ლაშქრობაზე.
იმავე ღამეს გადაწყდა, რომ მზვერავებს მეორე დღიდან ზვავები უნდა ჩამოექანებინათ გუდამაყრის ხეობის შესასვლელში. რომ მანამ ლაშქრობა არ დამთავრდებოდა, ხეობაში არავინ შემოსულიყო.
_ მე ფეხით სიარული გამიჭირდება, ცხენი უნდა შემიბათ მარხილში, _ თქვა ზინამ.
_ მართლა ვერ ივლის ეს, _ დაემოწმა ტატია.
_ კარგი, სურსათი რომელ მარხილზეც გვექნება, იმ მარხილზე დაჯდები, _ ნება დართო მთავარსარდალმა ექიმს.
იმ ღამეს თვალი არავის მოუხუჭავს. შეადგინეს საბრძოლო გეგმა. გადაწყდა, რომ იმ სოფელს, საიდანაც ქალი უნდა წამოეყვანათ, ბოლოს დასხმოდნენ.
_ ჰო, ეგრე სჯობს, ჯერ სხვები დავაფიცოთ, რომ მერე პირდაპირ ქორწილზე გადავიდეთ, _ მოიწონა გარახტინამ სარდლის გეგმა.
შეაგროვეს სურსათი და, ვისაც როგორ შეეძლო, ისე შეიარაღდა. ყველაზე კარგი თოფები მზვერავებს მისცეს. თეთრი კაბები შეიკერეს მიტკლისაგან მზვერავებმა, რომ თოვლში შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ.
გათენებისას ერთი-ორი საათით წაიძინეს და კარგად რომ გათენდა ატყდა ზარების რეკვა.
ლაშქარმა გაიღვიძა და ხატის ქვემოთ, პატარა მინდორზე მოგროვდა. ყველა საბრძოლოდ იყო მზად.
_ სიმაღლის მიხედვით მოეწყვეთ! _ ბრძანა მთავარსარდალმა და დედაკაცები ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივდნენ. ზოგს თოფი ეკიდა, ზოგს _ ხმალი.
სებამ ზარები შეაჟღრიალა. დეკანოზმა სათემო ხატი გამოაბრძანა. გორზე გადმოდგა და დაიძახა:
_ ხატი გაუწყრეს, ვინც ლაშქარს უღალატებს!
_ ამინ! _ დაიგუგუნეს დედაკაცებმა.
_ დაიფიცეთ, რომ ძველ წესს აღადგენთ!
_ ვფიცავთ!
_ გწყალობდეთ!
_ ამინ!
ამის მერე მთავარსარდალმა წასვლის ბრძანება გასცა და ლაშქარიც დაიძრა.
ისევ ავტორისაგან
ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცოდი და შეიძლება ბევრი რამ დავაკელი კიდეც, რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელთაც გარეთა ყდაზე აწერია: «ლაშქრობა გუდამაყარში», შევეცდები ასე წარმოგიდგინოთ, რომ ამ სასახელო ლაშქრობის თანმიმდევრობა არ დავარღვიო. ჩანაწერები სულ ხუთი საერთო რვეულისაგან შედგება.
¹. ისტორიკოს გეოგრაფის რვეული. რომელსაც ყდაზე მსხვილი ასოებით აწერია _ «მემატიანე».
/. ფილოსოფოსის რვეული, რომელსაც ასევე მსხვილი ასოებით აწერია _ «გუდამაყრელთა ფილოსოფია».
". მწერლის რვეული, რომელსაც აწერია _ «ადამიანთა სევდა». ეს სათაური ძალიან მომეწონა და ჩემს რომანსაც იმიტომ ვუწოდე «ადამიანთა სევდა».
". დარდების შემგროვებლის რვეული, რომელსაც გარედან აწერია «გუდამაყრის დარდები».
:. საიდუმლო ნაწილის რვეული. გარედან აწერია «საიდუმლო დავალებანი».
აი, ამ ხუთ რვეულში თითქმის ყველაფერია იმ ლაშქრობის შესახებ, არა მგონია, ყველაფრის აქ მოყვანა საჭირო იყოს. შევეცდები, რაც შეიძლება საინტერესო ამბები ამოვარჩიო.
კინაღამ გამომრჩა; ამავე რვეულებთან არის წერილები, რომელთაც მოლაშქრენი უგზავნიდნენ სოფელში მყოფთ და რამდენიმე ბრძნული ჩანაწერი, მთავარსარდალი გზადაგზა რომ იწერდა.
პირობა დაირღვა!

გაგრძელება

^ * ^ * ^ * ^

Coin Marketplace

STEEM 0.04
TRX 0.32
JST 0.081
BTC 61264.97
ETH 1593.01
USDT 1.00
SBD 0.47